logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე: პატარა წერილი კულტურის პრობლემებზე
- +

28 ივნისი. 2018. 16:56

 

 

„ბედნიერი ვარ, რომ ნგრევის ეპოქაში მავანმა შეინარჩუნა ღირსება, სახე და კიდევ უფრო გაიღრმავა ინტელექტი, დარჩა შეუბღალავი რეპუტაციით, პრინციპულობით, გულწრფელი პატრიოტიზმით და გულშემატკივრობით იღვწის და იბრძვის ეროვნული ღირებულებების გადასარჩენად, რომელთა ერთობლიობას ჰქვია ერთსიტყვიანი სახელი: ქართული კულტურა!

 

და ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ამ გულშემატკივარ მავანთა შორის გამოირჩევა და-ძმა გლურჯიძეების დუეტი, უღირსეულესი მშობლების ფანტასტიკურად აღზრდილი შვილები. ვამაყობ!..“ - ასე ეხმაურება მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნუგზარ ფოფხაძე მხატვარ შოთა გლურჯიძის პუბლიკაციას.

 

შოთა გლურჯიძე: ჩემი პატარა წერილი კულტურის პრობლემებზე.

 

როგორ უნდა მოიპოვოს პური მისი არსობისა თანამედროვე „კულტურაში მოღვაწე ინტელექტუალმა“? როგორც „ზნეობრივი ფრონტის მუშაკმა“, ზეგარდმო დაშვებულმა ფუნქციონერ-ქურუმმა(работник умственного труда), თუ ადამიანმა, რომელიც არასდროს არ ასრულებს არანაირ სამუშაოს დაკვეთით, დიდების, თვითდამკვიდრებისათვის ან თვითგამოხატვის ვნებით შეპყრობილი, წარმატებულობისთვის ან ეფექტურობისათვის(Efficiency), არამედ როგორც ჩინელი მოაზროვნის, ჯუან-ძის სრულიად ბრძენი ხის მკვეთი ოსტატი ცდილობს, დაივიწყოს დამკვეთი, ჯამაგირი, საკუთარი სახელიც კი, რათა აღმოაჩინოს ტყეში ის ერთადერთი ხე, რომელსაც თვითონ სურს, გახდეს ის - მასში გამოკვეთილი ნივთი.

 

ამ ტექსტში შევეცდები, ამ იდეალს ვემსგავსო, თუმცა, სრულიად არ ვარ ის ბრძენი ოსტატი და რა ნივთი უნდა გამოვკვეთო, ისიც არ მაქვს ბოლომდე გააზრებული, იმასაც ვფიქრობ მოლიერის „სკაპენის ოინების“ სევდიანი მსახურივით, „რა ეშმაკმა გადმომისროლა ამ წყეულ გალერებზე?“. ასე რომ, მივყვები ჩემს აზრებს და ისევ ჯუან-ძის ბრძენი ყასაბივით ძალას არ დავატან ალესილ დანას, მივყვები ძარღვებს და შევეცდები პრეპარაციას იმ ბინდით მოცული ფენომენისა, რასაც ჩვენში „ქართულ კულტურას“ უწოდებენ.

 

 

„Hi“ - კულტურა, როგორც ზნეობრივი აუცილებლობა

 

1991 წელს თბილისის სამოქალაქო ომის დროს ჩემთვის უსაყვარლეს მსახიობს ზინაიდა კვერენჩხილაძეს შვილიშვილმა ჰკითხა: - ბებო რატომ ისვრიან ქუჩაში? ქალბატონმა ზინამ მოხდენილად უპასუხა - იმიტომ, რომ წიგნებს არ კითხულობდნენო. მე დავამატებდი: - და კბილებსაც არ იხეხავდნენ, რათა ყოფითი კულტურის დეფიციტიც დავაფიქსირო.

 

ჩემი აზრით, ამ პატარა დიალოგში გადმოცემულია ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე ის დეგრადაციის პროცესი, რომელიც მოჰყვა ალბათ რელიგიური სეკულარიზმის 200-წლოვან პროცესს მთელ ევროპაში და განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში და მის მომყოლ პოსტსაბჭოეთში.

 

ამ პროცესების კვლევა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ამაზე მაინც შევთანხმდეთ, რომ ჭეშმარიტი კულტურის მიზანმიმართული განდევნა ხდებოდა საზოგადოებრივი გონის სივრციდან და მისი სხვა, ახალი გლობალური ცივილიზაციის „ფასეულობებით“ ჩანაცვლება, როგორიცაა: წარმატებულობა, ეფექტურობა, ფიტნესი, სწორი და ჯანმრთელი კვება, სექსუალური კმაყოფილება, გართობა, ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად აღმავალი კომფორტი, ჰიპერაგრესიული ათეისტურ-გნოსტიკური რელატივიზმი თუ ასევე აგრესიული ათეისტურ-გენდერული თანასწორობა და ეს ყველაფერი მკვიდრდება როგორც ახალი საზრისი და ახალი გამოცხადება განდობილთათვის და ერთგვარი ლიბერალური გაზის კამერა ბნელი გოებისთვის.

 

ულტრალიბერალურ „პოლიტ-ბიზნეს ელიტაში“ გამეფებული ტრენდის მიხედვით, „კულტურის სამინისტროს“ ფუნქციაც მარტივად განისაზღვრა მხოლოდ გართობის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობით,  მეგა შოუების და „ფეშენ-ივენთების“ დაფინანსებით, ერთგვარი საყოველთაო „ჩექინ-ჯორჯიობით“. „მასობრივი „დაჩექინება“ საზომია წარმატებისა და წარმატებული კულტურის პოლიტიკაც აწი „დაჩექინებული“ ადამიანების სიმრავლით განისაზღვრება.

 

ისეთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მისი კვლევა, განიხილება ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ასპექტში და იქამდეც მივიდა საქმე, რომ ჩვენი „კულტურის მენეჯერ-კურატორნი“ მოითხოვენ ეკლესია-მონასტრების საქართველოს სამოციქულო ეკლესიისგან ჩამორთმევას და „კულტურ-გართობის“ ან ტურიზმის სამინისტროზე გადაცემას, რათა „ბნელი სამღვდელოება“ შორტებში გამოწყობილ „ინტურისტებს“ ხელს არ უშლიდეს, დატკბნენ ეკლესიაში (მათი აზრით, შემთხვევით განთავსებულ-გამოფენილი) Art- ნიმუშებით.

 

სრულიად მიზანმიმართულად ხდება ამ ნეობოლშევიზმის ზეობით აღტკინებული „მეცნიერ-მენეჯრების“ მოთხოვნების ტირაჟირება მედიაში, რათა ქართული სამოციქულო ეკლესია წარმოჩინდეს ბნელ, რეტროგრადულ ძალად, რომელიც ანადგურებს კულტურის ნიმუშებს და დამკვიდრდეს საზოგადოებაში მის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. მინდა შევახსენო ამ მოაზროვნეებს: ის, რაც მათთვის არტეფაქტია, ეკლესიისათვის სიწმინდეა და არა მგონია, დედა უფრო ნაკლებად ზრუნავდეს შვილზე, ვიდრე ბოროტი დედინაცვალი.

 

ამ ტენდენციებში ევროპასთან შედარებით ნამდვილად ავანგარდში ვართ, როგორც უწინ ათეისტური ევროპის წიაღში აღმოცენებულმა მარქსისტულმა სექტამ ჩვენში უფრო მონახა ნოყიერი ნიადაგი, ახლაც ულტრალიბერალური ევროპის ავანგარდშია პოსტსაბჭოთა საქართველოს „საზოგადოებრივი ელიტა“.

 

კაცობრიობის ისტორიაში ცივილიზაცია ყოველთვის კულტურასთან დაპირისპირებაში არ ყოფილა, იყო ეპოქები ერთგვარი სინერგიისა ცივილიზაციისა კულტურაში, ანუ კულტურული ცივილიზაციებისა.

 

დღევანდელ პოსტინდუსტრიულ ცივილიზაციაში კულტურა მისი ანტაგონისტია და მისი უარყოფა ერთგვარ „კულტურულობადაც“ გვევლინება.

 

მთავარია, უარყო ზნეობრივი, გამოიწვიო ე.წ. „კულტურული შოკი“, გამოხვიდე ზნეობრივი ფარგლებიდან, ფორმა, მხოლოდ ფორმა შინაარსის გარეშე, ნგრევა როგორც კულტურული აქტი, ამ ასპარეზზე თანაბრად მოქმედებენ „Art-აქტორები” და თალიბანის მოჯაჰედები, აქ საოცრად დაემთხვა რელიგიური ფუნდამენტალისტების და არტ-კურატორების გემოვნება.

 

განადგურება ყოველგვარი ტრადიციისა, რაც მეხსიერებასთანაა დაკავშირებული, განადგურება მორალისა და თვითგანადგურებაც კი როგორც ზე-სუბლიმაცია პიროვნულობის, ეგოს უმაღლესი გამოვლინება, როგორც რაღაც საშიში, რელიქტური წარმართული ექსტაზის უმაღლესი მწვერვალი.

 

თითქოს აღშფოთებულია მსხვერპლით ევროპელი ტოპ-მენეჯერი, გვირგვინებით ამკობს მსხვერპლშეწირვის ადგილს, მაგრამ შემდეგ საღამოს ეწვევა რომელიმე Art-აქციას, სადაც მოწინავე, წარმატებული მხატვარ-მენეჯერი ყვე...ების მიჭედებითაა დაკავებული ქვაფენილზე ან ბოსტნეულს ირჭობს ოთხზე დამდგარი და შემდეგ ეს საშუალო რგოლის მენეჯერ-მოქალაქე კმაყოფილი მოჯდება რომელიმე მოდურ კლუბში ან დისკოთეკაში კოკაინითა და ექსტაზით გაბრუებული ასეთივე მენეჯერ-მეგობრების წრეში და ერთობა, გართობა ხომ უმაღლესი მიზანია, გართობა როგორც უზენაესი სიკეთე.

 

აქ უკვე მარსელ დიუშამის ცნობილი პისუარი ბებიების და ბაბუების ცუღლუტობად გვეჩვენება. იქ, სადაც ფერწერა არ არსებობს და ის მხოლოდ Art-ობიექტია, მწერლობა Art- ტექსტი, ქანდაკება ინსტალაციაა და არა აქვს უკვე ეპატაჟს ზღვარი, უკვე აღარც გვაოცებს და გვაშფოთებს, მორალი ხომ აღარ არსებობს და შესაბამისად, ამორალურიც და მდაბიოც ისე გაითქვიფა მაღალში, ისეთი სასაცილო გახდა ტერმინები მაღალი ხელოვნება, განცდა, აღსარება, ლოცვა, კათარზისი, რომ ამ სიტყვების წარმოთქმაც კი უხერხულია საჯაროდ. ახალი მომთაბარე გულ-ღვიძლს რომ ამოაჭამს უსულო ცხედარს, ისიც Art-აქციად ეჩვენებათ და ალბათ მოწინავე Art-კურატორთათვის ეს ახალი საკმაოდ ორგინალური და რა ვქნათ, ცოტა სისხლიანი ჰეფენინგია.

 

ალბათ, მადლობა უნდა შევწიროთ უფალს, რომ ამ ყველა „Art-აქტორების“ და „Art-კურატორების“ მეშვეობით ნათლად დაგვანახა არმაგედონის მოახლოვებული კონტურები, მაგრამ ამ ვალპურგიის ღამეში მე პირადად ჩემი შვილების აღზრდას არ ვაპირებ. შპენგლერის ევროპის მწუხრი, ევროპის გონის სრულმა დაბნელებამ შეცვალა. როგორც შედეგი, მოხდა მზის დაბნელება საქართველოშიც, ჩვენ ხომ მაშასადამე ვართ.

 

ჩემი აზრით კი, ზნეობის გარეშე კულტურა არ არის კულტურა, ხოლო კულტურის გარეშე ცივილიზაცია, ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებულიც კი, მხოლოდ ბოროტებაა. ტექნიკური პროგრესი და მისგან შექმნილი ზე-კომფორტი კი სულ ახალ ველურებს შობს, ახალ „ევრო-მოჯაჰედებს“ , ზნეობრივად გულგრილებს, უცვლელი „აიფონით“ ხელში, ყალბი ღიმილით სახეზე და გლობალისტური მისალმებით „Hi“ და შეფასებით „Cool“.

 

კულტურის მდგომარეობა საქართველოში.

 

25 წელია, რაც თითქოს დავშორდით ბოლშევიკურ იმპერიას, ჩვენ დავშალეთ თუ სხვამ დაშალა, ვერ გეტყვით, მაგრამ „ნეო-ბოლშევიზმში“ კი ამოვყავით თავი.

 

ის 90-იანი ბნელი წლები პურის რიგების, უშუქობისა და სამოქალაქო ომისა ყველაზე მძიმედ კულტურაზე აისახა, იტყვით, სად ეცალა კულტურისთვის ამ საშინელ წლებში მთავრობასო, მაგრამ ეცალა, დაიწყო გადანაწილების პროცესი, მაგალითად კინოწარმოება სრულიად გაჩერდა, დაიწყო პროცესი კინოთეატრების კორუფციული პრივატიზაციისა და საწარმოო ბაზის გაყიდვა-გაძარცვისა.

 

სხვა კულტურის დარგებიც დაინგრა და გავერანდა, ველურმა წეწვა-გლეჯის და გამდიდრების სურვილმა ამ სფეროშიც გადაინაცვლა და ახლა უკვე „ნუვორიში შემოქმედები“ მოგვევლინენ მაგალითებად.

 

სახელმწიფო ქონების გადანაწილება მალე დამთავრდა, ქონებაც მალე გაიყიდა და აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა თაობა, რომელიც ჯოს ყვირილით ესალმებოდა ახალ დროებას, მოკლებულია ელემენტარულ განათლებას, კულტურას და ღვთის ანაბარაა მიტოვებული, დაგლეჯილ ტრანსპარანტებთან და ხმაჩახლეჩილ მეგაფონებთან დაგდებული ქუჩაში.

 

მაგრამ ცალკეული ადამიანები მაინც ახერხებდნენ ამ გაყინულ პრივატიზაციას გადარჩენილ დარბაზებში მაღალი კულტურის ნიმუშების შექმნას. უნდა აღინიშნოს, რომ არ გაჩერებულა ქართული კულტურის ფლაგმანი - რუსთაველის თეატრი და ზუსტად ამ წლებში რობერტ სტურუამ შეძლო ახალი თაობის მსახიობებისა და რეჟისორების შემოკრება თეატრში.

 

აღმოჩნდა, რომ ეს თავისუფალი სივრცე, კულტურისაგან სრულიად გაძარცვული და გავერანებული, ნელ-ნელა დაიკავა ახალგაზრდულმა ანდერგრაუნდმა. დაფინანსების და ხელისუფლების ზრუნვის გარეშე შეიქმნა ისეთი სივრცე, როგორიც იმ დროს პოპულარული „თეატრალური სარდაფი“ იყო. ამ ტენდენციას თავიდან ვერ ამჩნევდნენ ნაძარცვით მოსუქებული ბანდიტი ხელოვან-ბიზნესმენები, შემდგომ პოპულარულობის ზრდამ შეაწუხა და ბრძოლაც დაუწყეს, შემოწმებებს და პოლიციის რეიდებს აგზავნიდნენ, მოსყიდვასაც ცდილობდნენ, მაგრამ ამან მაშინ არ გაჭრა და პროცესი გამოვიდა კონტროლიდან. მალე ამ სრულიად უზნეო და კორუფციაში ჩაფლულ ბანდიტების ელიტას „ვარდების რევოლუციამ“ ნაწილობრივ დააყრევინა ნაძარცვი, მაგრამ ისევ გადაინაწილა და დაიწყო ახლა უკვე ახალი პროცესი.

 

ახლა ბოლშევიკური ჩამპალი იდეოლოგია უკვე „ნეო-ლიბერალურმა“ მოწინავე ტრენდმა ჩაანაცვლა, ახლა უკვე ამ ანდერგრაუნდის და ნონ-კონფორმისტების ნაწილი სიამოვნებით შეუერთდა ახალი ხელისუფლების წარმატებულ ტოპ-მენეჯერებს და შეიქმნა ახალი მთავრობის „კარის ხელოვან-ნუვორიშების ელიტარული რაზმი“. გაჩნდნენ ახალი დამრიგებელ-კურატორებიც, სოროსის და სხვა ფონდებიდან მოვლენილნი და ისედაც მონგრეული კულტურის და განათლების ნგრევის ახალი ეტაპი დაიწყო, თან უკვე ახალ, ჯერ არნახულ, ლიბერალურ-ჭინკური იდეოლოგიის სამსახურში ჩადგა სრულიად კულტურის ეს უზნეო ლეგიონი.

 

კი ეხამუშებოდათ თითქოს, რასაც მოგვიწოდებენ ახალი კურატორები ცენტრიდან, მაგრამ მაინც დაუფიქრებლად აჰყვნენ ახალ დროებას და დაიწყეს გეგმაზომიერად ნგრევა „წარსულის რელიქტების“.

 

არც კი დავფიქრებულვართ, არც შეგვიფასებია, სად ვართ, გვინდა თუ არა ეს ახალი ხილი, მართალია, კუჭი გვეშლებოდა მისგან პერიოდულად, მაგრამ მედგრად ვიკვებებოდით ამ მკვახე ნაყოფით.

 

ჯერ კიდევ „ოდეს-ტურფას“ მმართველობისას დაწინაურებულმა ერთმა ძლევამოსილმა „კულტურ-მენეჯერმა“ გადაწყვიტა ქართული კულტურის ახალ რელსებზე გადაწყობა და მრავალი ნოვატორული იდეა გვტყორცნა, საბაზრო ეკონომიკისთვის დაექვემდებარებინა კულტურის განვითარება და „გლობალური არტ-ბაზრის“ ოკეანეში გადაესროლა ქართული კულტურის ისედაც გახვრეტილი ნავი.

 

ბაზარი დაარეგულირებს ყველაფერსო, გაიძახოდა წარმატებული კულტურ-მენეჯერი და იმით გვანუგეშებდ, ბაზარმა იცის ყველაფერი და ჩვენ ნუ შევაწუხებთ, ნუ ჩავერევით, ვინც გადარჩება ბაზრის აღელვებულ ტალღებში, ის გახდება „წარმატებული არტ-მენეჯერი“ და შესაბამის დიდებას და ჯამაგირსაც უფალი ბაზარი მისცემსო.

 

მართალია, უფალმა ბაზარმა უცნაური გემოვნება გამოავლინა და მხოლოდ „ოდეს-ტურფას“ მხარდამჭერები გამორიყა შეპირებულ სამოთხის კუნძულზე.

 

მსოფლიო კულტურა ბაზრის კონიუნქტურის მიხედვით რომ განვითარებულიყო, ახლა მსოფლიოში არც კლასიკური მუსიკა და არც თეატრი, არც ფერწერა და არც მწერლობა იარსებებდა, მაგრამ ბატონ მინისტრს ამის მყარად სწამდა და ვერავინ გადაარწმუნებდა ბაზრის სიდიადეში.

 

თუ იყიდება, კარგია, თუ არ იყიდება, უნდა მოკვდესო, ამას ქადაგებდა ნეო-ლიბერალური ბიბლია და ვერაფერს გააწყობდი მოკვდავი კაცი ამ დიდი შთაგონებული ჭეშმარიტების წინააღმდეგ.

 

საგულისხმოა, რომ ეს საბაზრო-ეკონომიკის აპოლოგეტები, უწინ ყოფილი კომუნისტური რეჟიმის ჩინოვნიკების შვილები იყვნენ, რომელთაც მოახერხეს „ევროპული განათლების“ მიღება „პერესტროიკის“ წლებში და შემდგომ სოროსის და სხვა დასავლური ფონდების დაფინანსებასაც იღებდნენ უხვად.

 

ამ პერიოდის „კულტურის პოლიტიკამ“ მართლაც ყველაზე კარგად მოახერხა ისედაც დაუძლურებული და დაჩაჩანაკებული ქართული კულტურის სრულიად დანგრევა, უბრალოდმ ამ ნანგრევებზე სულ სხვა ახალი ხილი აღმოცენდა რომელსაც კულტურასთან საერთო არაფერი აქვს.

 

შეიქმნა სრულიად ახალი სტრუქტურა - ერთგვარი „გართობის სამინისტრო“ და კვლევა განათლება, ზნეობრივი შემადგენელი გამოირიცხა კულტურის სამინისტროს ზრუნვის სივრციდან.

 

ამ ტენდენციების გამოვლინების ნათელი მაგალითებია „ბაგრატის რესტავრაცია“ და საყდრისის ნგრევა, ასევე, ჯერ არნახული „პოპ დივების“ წარმატებული, ხალხმრავალი, მდარე ხარისხის და გემოვნების მეგა შოუები, შემდგომი დივების საეჭვო ხასიათის სტუმრობით სახელმწიფოს მეთაურთან.

 

სამწუხაროდ, ახლაც მედგრად გრძელდება ეს ტენდენცია, საყდრისის ნგრევა უკვე შემდეგ ხელისუფლებაში წარმატებით გადმოიბარა და დაასრულა ახალმა მინისტრმა და უდიდესი მეგაპროექტი „ჩექინ ჯორჯიაც“ ახლა გაიფურჩქნა.

 

ამ დიდების ფონზე, სავალალო მდგომარეობაშია მუზეუმები, კინოთეატრები პრაქტიკულად აღარ არსებობს, ბიბლიოთეკები თითქმის სულ გაიყიდა, რეგიონების თეატრების მდგომარეობა უმძიმესია, კულტურის სახლები ან დანგრეულია, ან ისეთი გავერანებული, რომ იქ რამის ჩატარება შეუძლებელია, რეგიონები იცლება ახალგაზრდობისგან და ერთ-ერთი მიზეზი კულტურის სფეროს არარსებობაც არის.

 

ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც რამდენიმე უცხოელი პოპ ვარსკვლავის ვიზიტზე ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება.

 

ალბათ ამით საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელს უწყობს დასავლური შოუ-ბიზნესის განვითარებას.

 

კულტურაში დასაქმებულების ჯამაგირი კი კერძო ბიზნესში დასაქმებული დამლაგებლის ხელფასზე მცირეა. ველური, საბაზრო-კორუმპირებული კულტურის პოლიტიკა წარმატებით გრძელდება.

 

მდგომარეობა ძალიან სავალალოა, ცვლილებები არ მოჩანს ჰორიზონტზე, მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი, იმედი იმ ცვლილებებისა, რომელიც მსოფლიოში მოხდა სულ რამდენიმე ხნის წინ, ნეო-ლიბერალური ტრენდი იქ დამთავრდა, მგონი, ჩვენც რაღაც გავიგეთ ამ 25 წლის პერიპეტიებში და იქნებ ჩვენც დავფიქრდეთ და რამე შევცვალოთ ჩვენს უაზრო ყოფაში. ან ჩვენ თუ ვერ შევცვლით, იქნებ იქიდან ახალი კურატორები გამოგზავნონ უკვე სხვა მოთხოვნებით და იდეებით.

 

მოკლედ, ვართ ასე რაღაცის მოლოდინში, ერთ-ერთი უძველესი კულტურის მქონე ერი კი სულს ღაფავს ჩვენს თვალწინ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×