logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: მოკლედ - „პანკისის ჩიხიდან“ გამოსავალზე...
- +

24 აპრილი. 2019. 17:04

 

 

მოკლედ - „პანკისის ჩიხიდან“ გამოსავალზე

 

---

21 აპრილს პანკისში მომხდართან დაკავშირებით იმ დღესაც და მომდევნო დღეებშიც ბევრი აზრი მოვისმინე. მოვისმინე გონივრული მსჯელობა, უფრო მეტი კი, - უგუნური მოსაზრებები.

 

გასაგებია, რომ ხელისუფლებასაც და პოლიტიკოსებსაც თავისი დღის წესრიგი აქვთ, მაგრამ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს გვინდა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა იმდენად განმტკიცდეს, რომ ვერავითარმა პროვოკაციამ ვერ შეძლოს მისი შერყევა.

 

საქართველო ჩვენი სამშობლოა და მეტი გონიერება გვმართებს სამართლებრივ თუ სხვა პროცედურებზე საუბრისას.

 

ეს მცირე შენიშვნა იმ „ტელეღიპუცებს“, ეკრანებს რომ ვერ ააფხიკეს ამ დღეებში და არხიდან არხზე ფრიალებენ უტარო დროშებივით.

 

ახლა კი კონკრეტულად.

 

„პანკისის ჩიხიდან“ გამოსასვლელად არსებობს მხოლოდ ორი გზა და ხელისუფლებამ ერთ-ერთი უნდა აირჩიოს.

 

სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული (დიახ, ვალდებული კანონით!) არიან, დაიწყონ მოკვლევა როგორც სახელმწიფო და კერძო ქონების, ასევე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების მიყენების გამო.

 

ამას მოითხოვს კანონი!

 

ასევე აუცილებელია მოკვლევა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე.

 

ის, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ იმავე დღეს და იქვე, პანკისის ხეობაში განაცხადა, გულისხმობს კანონის მოთხოვნის აუცილებლად და სავალდებულოდ შესრულებას, კანონი კი დანაშაულის გამოძიებას მოითხოვს.

 

მაგრამ...

 

არსებობს ერთი მაგრამ, რომლის გაუთვალისწინებლად წმინდა სამართლებრივი პროცედურების გაგრძელება შესაძლოა უდიდეს პრობლემად გადაგვექცეს. ბევრ რამეს არ დავაკონკრეტებ. ინფორმირებული მკითხველი ისედაც მიხვდება.

 

ასევე, სრულიად ბუნებრივია, მოკვლევაზე და სისხლისსამართლებრივ დევნაზე გადაჭრით უარსაც ვერავინ იტყვის. ამით კანონსაც დაარღვევს და სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაციაც მოხდება, რაც დაუშვებელია.

 

გთავაზობთ სამართლებრივ გამოსავალს „პანკისის ჩიხიდან“:

 

1) გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ დაწყებული გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვიტოს ვითარების შეცვლის გამო. (საქართველოს პრაქტიკაში უკვე იყო ამგვარი ფაქტი - 2001 წლის მაისში, მუხროვანში განთავსებული ეროვნული გვარდიის სატანკო პოლკის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე სწორედ ვითარების შეცვლის გამო შეწყდა);

 

2) საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოსცეს ამნისტიის შესახებ კანონი არსებული ვითარების გათვალისწინებით. ეს პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტი გულისხმობს გამოვლენილი დამნაშავეების (დანაშაული კი ნამდვილად მოხდა!) მიმართ სახელმწიფოს ჰუმანური დამოკიდებულების დემონსტრირებას.

 

ორივე ეს გზა არის სამართლებრივი გზა „პანკისის ჩიხიდან“ გამოსასვლელად - კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიც დაცული იქნება და სახელმწიფო და კერძო ქონების განადგურებისა თუ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დამნაშავეებს კანონით განსაზღვრულ გარდაუვალ სასჯელსაც ააცილებენ სახელმწიფო ინსტიტუტები.

 

მოკლედ, პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ პოლიტიკოსებმა და სასწრაფოდ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება.

 

თუ ვინმეს სხვა გამოსავალი გაქვთ, ყურადღებით მოგისმენთ.

 

რაც შეეხება პრევენციის შესაძლებლობას - „ჩიხამდე“, და აუცილებლობას - „ჩიხის“ შემდეგ, ეს მთლიანად უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საქმეა და, მართალი გითხრათ, არ ვიცი, ეს სტრუქტურა რას აკეთებს ან აკეთებს თუ არა საერთოდ რამეს.

 

  1. S. არსებობს კიდევ ერთი მხარე - პროვოკატორები, რომელთა საგანგებო მიხედვაც აუცილებელია. ვინ არიან ეს პროვოკატორები და ვის ინტერესებს ემსახურებიან, სპეცსამსახურებმა ჩემზე უკეთ იციან, ხოლო მათ მიმართ როგორ უნდა იმოქმედონ, თუ არ იციან, აქ მაინც ვერ დავწერ გასაგები მიზეზების გამო.

 

ამ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ დანაშაული, როგორც იტყვიან, სახეზეა:

 

 

 

 

 

 

 

https://1tv.ge/news/dapirispireba-pankisis-kheobashi-foto/

 

 

ბონდო მძინარაშვილი

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×