logo_geo
eng_logo
სტამბა 10 მეტრის სიღრმეში და პირველი 3D სურათი - სახლი თბილისში
- +

12 დეკემბერი. 2016. 01:36


 


თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში, კასპის ქუჩაზე არსებულ არალეგალურ სტამბა-მუზეუმს ტურისტები ხშირად სტუმრობენ. ნაგებობის უნიკალურობა მიწის ქვემოთ, თითქმის 15 მეტრის სიღრმეში გაყვანილი გვირაბებია, სადაც 1904-1906 წლებში რუსულ, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სხვადასხვა გაზეთებს, ბროშურებს და პროკლამაციებს ბეჭდავდნენ და მთელი რუსეთის მასშტაბით ავრცელებდნენ.


სტამბის მშენებლობის ორგანიზება რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრ მიხო ბოჭორიძეს დაევალა. სტამბის შენობისთვის ავლაბარში შეარჩია მიწის ნაკვეთი, რომელიც მის მეგობარ დავით როსტომაშვილს ჰქონდა აღებული. 1903 წლის 22 სექტემბერს თბილისის გამგეობაში შეტანილი პროექტის თანახმად, აქ ერთსართულიანი, სარდაფიანი ქვის სახლი უნდა აეშენებინათ, მაგრამ სახლის მშენებლობა არაოფიციალური პროექტის მიხედვით დაიწყეს. კონსპირაციული სამუშაოებისთვის მუშა-რევოლუციონერები მიიწვიეს.


 

 

 


სტამბის მშენებლობა მიწის სამუშაოებით დაიწყეს. გაჭრეს 10 მეტრის სიღრმისა და 12.5 მეტრის სიგრძის სარდაფი. ნახევარსარდაფიანი, ოროთახიანი სახლი სწრაფად აშენდა. ზემოთ მოეწყო საცხოვრებელი ოთახები, ნახევარსარდაფში კი - სამზარეულო. გადაწყვიტეს, სარდაფში, სადაც სტამბა უნდა განთავსებულიყო, საიდუმლო შესასვლელი გაეკეთებინათ. დაქირავებულ ჭისმთხრელს 13-მეტრიანი სიღრმის ჭა ამოათხრევინეს, რომელშიც წყალი არ ამოვიდა, იგი მშრალი ჭა იყო. მასში კიბე ჩაუშვეს, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ბოძები დაალაგეს და მიწით დაფარეს. შემდეგ სხვა ჭისმთხრელს ამოათხრევინეს მეორე, 15 მეტრის სიღრმის ჭა. ეს იყო ნამდვილი ჭა, რომელშიც წყალი ამოდიოდა. ამის შემდეგ ძმებმა მაღრაძეებმა და ჩოდრიშვილებმა გაიყვანეს ფარული გვირაბები. ერთმა გვირაბმა ორი ჭა შეაერთა, ხოლო მეორემ - მშრალი ჭა სარდაფთან. წყლიანი ჭის თავზე აღმართეს ფარდულის კედლებზე მიჭედილი ფიცრებისგან შეკრული კადონი. ამ კადონზე, რომელიც ჭის ზედაპირიდან დაშორებული იყო, დაახლოებით, 1,5 მეტრით, მოათავსეს რვა გოჯი დიამეტრის მქონე ხის ჭოჭონაქი; ჭას თავზე დაახურეს ხის კვადრატული ჩარჩო, რომელზეც დამაგრებული იყო წვრილი ფოლადის ტროსი.


 

 


ჭაში მსხვილი თოკით ჩაუშვეს ვედრო. კონსპირაციის მიზნით, ჭის ზემოთ ფარდული გამართეს, ვითომდა წყლის სისუფთავისთვის და სიგრილის დასაცავად. მოკლედ, საიდუმლო შესასვლელი მზად იყო. მუშები თოკის დახმარებით ჩადიოდნენ წყლიან ჭაში, წყლის ზედაპირიდან მეტრ-ნახევრის ზემოთ გაყვანილი გვირაბით გადიოდნენ დახურულ მშრალ ჭაში, რომელშიც ჩადგმული იყო კიბე, ამ კიბეზე ადიოდნენ და პატარა გვირაბით შედიოდნენ სარდაფში.


მშენებლობის დამთავრების შემდეგ მიიტანეს საბეჭდი მანქანა, შრიფტი, ქაღალდი, სტამბის სხვა მოწყობილობა და ნახევარსარდაფში არსებული ხვრელიდან ჩაუშვეს სარდაფში. სახლის დიასახლისი იყო მიხო ბოჭორიძის ბიცოლა, ბაბე ლაშაძე-ბოჭორიძე, რომელიც პირველ ოთახში ცხოვრობდა. მისი ოთახიდან სტამბაში გაყვანილი იყო ელექტროზარი. ზარის ღილაკი დამალული იყო შპალერის ქვეშ. ბაბე ფანჯარასთან, ან აივანზე იჯდა და თვალყურს ადევნებდა, რომ ვინმე შეუმჩნევლად არ მოსულიყო შენობასთან, როგორც კი დაინახავდა უცხო პირს, ზარის საშუალებით აცნობებდა მუშებს. ერთი ზარი ნიშნავდა საშიშროებას, მუშები წყვეტდნენ მუშაობას და ელოდნენ ორ ზარს, რათა გაეგრძელებინათ საქმიანობა. სამი ზარით კი დიასახლისი მათ ზემოთ იწვევდა. კონსპირაციის წესების თანახმად, სტამბიდან ხშირად გამოსვლა აკრძალული იყო, ამიტომ სტამბის მუშაკები ზემოთ მხოლოდ სადილის, ვახშმისა ან დასაძინებლად ამოდიოდნენ ხოლმე.



 

 

 

პირველად ავლაბრის სტამბა ჩუღურეთის ტიპოგრაფიიდან გადმოტანილი მოწყობილობით მუშაობდა, მაგრამ მალე ბაქოდან ჩამოიტანეს საბეჭდი მანქანა, რომელიც, რამდენიმე წლით ადრე ლადო კეცხოველმა იყიდა.


ბაბე შინაურულად მოეწყო: გაიჩინა ქათმები, დარგო რამდენიმე ხე, ანუ ყველაფერს აკეთებდა, რათა ამ სახლში ყოფა-ცხოვრებისთვის  ჩვეულებრივი ოჯახური იერი მიეცა, ვინმეს ეჭვი რომ არ აეღო.


 

 


1904 წელს, გადასახლებიდან გამოქცევის შემდეგ, 24 წლის სოსო ჯუღაშვილი ამ სახლში ხშირად რჩებოდა. წერდა სტატიებს, პროკლამაციებს. ავლაბრის არალეგალურ სტამბაში დაიბეჭდა მისი ბროშურები ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. აქ გამოცემული მრავალი პროკლამაცია და ფურცელი პირადად სტალინის მიერაა დაწერილი. სტამბა განსაკუთრებული დატვირთვით 1905 წლის რევოლუციის პერიოდში მუშაობდა. 1905 წლის 8 იანვრიდან 20 ნოემბრამდე დაიბეჭდა 273 715 პროკლამაცია, გაზეთი და ბროშურა! აქედან ქართულ ენაზე - 138 325, რუსულად - 70 690 და სომხურად - 64 700 ეგზემპლარი.


 

 


სტამბამ მუშაობა 1906 წლის 15 აპრილის განთიადზე დაასრულა, როდესაც 150-მდე პოლიციელმა, ჟანდარმმა და ჯარისკაცმა ალყა შემოარტყეს სახლს. დაიწყო ჩხრეკა, ოთახებსა და სამზარეულოში მათ ვერაფერი იპოვეს. შემდეგ გადაწყვიტეს ჭის შემოწმება. ჭაში ჩააგდეს ცეცხლმოკიდებული ქაღალდი, მისი კედლების გასაშუქებლად, ჰაერის წნევამ იგი  ფარულ გვირაბში შეიტანა. „ექსპერიმენტი"  გაიმეორეს. ისინი მიხვდნენ, რომ ჭაში რაღაც გასასვლელი იყო. მასში ჩაუშვეს მეხანძრე, რომელმაც აღმოაჩინა ფარული გვირაბი. მაგრამ მასში შესვლა შეეშინდათ. გადაწყვიტეს, სამზარეულოში იატაკი აეყარათ. ასეც გააკეთეს. გათხარეს მიწა სამზარეულოში, სადაც აღმოაჩინეს საიდუმლო ხვრელი, რომლითაც ჩავიდნენ სტამბაში და ამოიტანეს: შრიფტი, საბეჭდი მანქანა, დაბეჭდილი ლიტერატურა და სხვ. შემდეგ შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო სარდაფი ააფეთქეს.

1937 წელს სტამბა თავდაპირველი სახით აღადგინეს.


 

 

 


ოთახის ფანჯრის ახლოს, მარჯვენა კედელთან დგას ქსოვილგადაკრული ხის ტახტი. ეს ადგილი აბრეშუმის ბაფთითაა შემოღობილი. ამ ტახტზე სტალინი იწვა. სტამბის შესახებ არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმად, ​​მსოფლიოში უნიკალური კომუნისტური ძეგლის მშენებლობას ახალგაზრდა სტალინი (შემდგომში საბჭოთა კავშირის ლიდერი) ხელმძღვანელობდა.

 

 

 

 


სწორედ მისი ძალისხმევით, გერმანიიდან თბილისში ორი წლის განმავლობაში ჩამოჰქონდათ ნაწილებად დაშლილი საბეჭდი დაზგა. სტამბა წააგავდა ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ეზოში ჭა ჰქონდა. სწორედ ამ ჭის მეშვეობით 14.7 მეტრის სიღრმეზე თოკით ჩადიოდნენ მიწისქვეშ განლაგებულ სპეციალურ ოთახში, სადაც სტამბა იყო მოწყობილი. სახლის ოთხივე მხარეს დამლაგებლად შენიღბული ქალები იყვნენ განლაგებულნი, რომლებიც ჟანდარმერიის გამოჩენას ატყობინებდნენ და აჩერებდნენ ბეჭდვას.


მეფის რუსეთი წლების განმავლობაში გამალებით ეძებდა სტამბას, ბოლოს კი ის სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც ჭის სიმაღლის გასაგებად ჩაგდებული ცეცხლმოკიდებული ქაღალდი ჰაერის მასამ წყლის მაგივრად თავის მხარეს შეიტყუა...


როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან, სწორედ ამ სტამბის მუშაობისას შეიქმნა სტალინმა კომუნისტური პარტიის ლიდერების თვალში კარგი რეპუტაცია.

 

 

 

 

„იოსებ სტალინის სახელობის ავლაბრის არალეგალური სტამბა - მუზეუმი" დღეს, სავალალო მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ მხრივ, დახმარების მზადყოფნა გამოთქვა ჩინეთის მხარემ. მუზეუმს ყველაზე ხშირად ამ ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები სტუმრობენ და შთაბეჭდილებების წიგნში თავიანთ ხელწერას ტოვებენ. ადგილობრივი მაცხოვრებლები ცდილობენ ისტორიის შენარჩუნებას და საკუთარი სურვილისამებრ ხან შენობის ფანჯრებში ჩამტვრეულ მინებს ცვლიან, წვიმისგან ჩამოშლილ ჭერს არემონტებენ.


მათი აზრით,  ავლაბრის არალეგალური სტამბა მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმია და გარდა იმისა, რომ ამ შენობის ქვეშ მიმდინარე საქმიანობის წყალობით, ბევრისთვის საძულველი, კომუნისტური პარტიის ფესვები ძლიერდებოდა, მას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს და მისი გაჩანაგება არ უნდა დაუშვან.


შენობაში ასევე ინახება სტალინის პირველი 3D სურათი, რომელიც "დიდი ბელადის" თაყვანისმცემელს გაუკეთებია. სურათზე სტალინის სხვადასხვა ასაკში გადაღებული 3 ფოტოა გადატანილი და სხვადასხვა რაკურსიდან, ახალგაზრდა და ასაკოვანი სტალინის სურათები იკითხება.


 

 


როგორც „სითი კვირას" სტამბა - მუზეუმის დირექტორმა ჟიული სიყმაშვილმა განუცხადა, საბჭოთა მმართველობის დროს ეს სახლი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის (იმელის) ფილიალი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. მოგვიანებით შეიქმნა სტალინის სახელობის ავლაბრის არალეგალური სტამბა - მუზეუმის გამგეობა, რომელსაც საკუთარი წესდება გააჩნია. 2001 წელს, ისნის რაიონულმა სასამართლომ წესდება დააკანონა და სტამბა ამ გამგეობას მიაკუთვნა. შენობა საჯარო რეესტრშიც ამ გამგეობის სახელით არის დარეგისტრირებული. 2001 წლიდან მოყოლებული, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, საჯარო რეესტრში გადიოდნენ რეგისტრაციას.


გამგეობის წევრები მოითხოვენ მუზეუმი ისევ მათ მფლობელობაში გადავიდეს და ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად, კულტურის სამინიტროს დაექვემდებაროს.


სიყმაშვილის ინფორმაციით, 1999 წლიდან მუზეუმს თავიანთი სახსრებით ინახავდნენ და პატრონობდნენ. ახლაც თავიანთი სახსრებით სურთ რემონტის გაკეთება, მაგრამ სასამართლო დავები აფერხებთ. სარემონტო სამუშაოებში დახმარებას ჩინეთის მთავრობაც დაჰპირდათ.


„სტამბა - მუზეუმი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და ბევრი სტუმარი ჰყავდა. ახლაც უამრავი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც თავიანთ შთაბეჭდილებებს ჩანაწერების წიგნში ტოვებენ",- აცხადებს ჟიული სიყმაშვილი.

 




 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner