logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ახალარჩეული პარლამენტისთვის 2017 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო
- +

28 დეკემბერი. 2017. 22:31


 

„ახალარჩეული პარლამენტისთვის 2017 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.

 

„მუშაობა საკმაოდ წარმატებით დავიწყეთ, გვქონდა ძალიან ინტენსიური სამუშაო რეჟიმი და მივიღეთ ასეულობით კანონი, პაკეტი. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კანონპროექტები, პაკეტები. თითოეული ამ კანონისა და პაკეტის მიზანი ქვეყნის განვითარებისთვის ხელშეწყობა იყო", - განაცხადა კობახიძემ.


როგორც მან აღნიშნა, გამორჩეული იყო მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა.


„მთავრობა ოთხპუნქტიანი გეგმით პარლამენტის წინაშე გასული წლის დეკემბერში წარსდგა, ჩვენ ის მოვიწონეთ და დავამტკიცეთ შესაბამისი კანონპროექტები, პაკეტები. მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტის დამტკიცება, სადაც ოთხპუნქტიანი გეგმის პრიორიტეტები აისახა. მნიშვნელოვანი იყო ასევე საგადასახადო რეფორმის განხორციელება, რომელიც ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისი თქმით, ეკონომიკური მიმართულებით განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა კონკრეტული შედეგები უკვე მოიტანა.


„გვაქვს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. პირველი ათი თვის მაჩვენებელი 4,9%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა", - განაცხადა კობახიძემ.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ასევე, დემოკრატიული განვითარების კუთხითაც.


„ეს იყო საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც საპარლამენტო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი გახლდათ და სასამართლო ხელისუფლების რეფორმის მესამე ტალღა, რომელიც სასამართლო სისტემაში განხორციელდა", - განაცხადა კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა.


„ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგზაო უსაფრთხოების საკითხი, რომელიც გზებზე სიკვდილიანობისა და ტრავმების ძალიან დიდი მაჩვენებლების გამო, ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. ჩვენს მიერ მიღებული პაკეტის საფუძველზე ეს მაჩვენებლები უკვე შემცირებულია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია სასჯელაღსრულების სისტემაში. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ სამინისტროსთან და მინისტრთან, კახი კახიშვილთან და პატიმრების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სისტემის დასახვეწად მნიშვნელოვანი ცვლილებები მივიღეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.







 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner