logo_geo
eng_logo
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა საბა განწმენდილის ხსენების დღეს აღინიშნავს
- +

17 დეკემბერი. 2016. 18:18


 


მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა საბა განწმენდილის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ხვალ სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.


ღირსი საბა განწმედილი მეუდაბნოე მამა, განდეგილი, მართლმადიდებლური ლავრებისა და მონასტრების დამაარსებელი იყო. იგი V საუკუნეში კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. წმინდანის მამა მხედართმთავარი იყო. იგი სამსახურის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნეს და მეუღლეც თან წაიყვანა. ხუთი წლის საბა კი ბიძას დაუტოვეს აღსაზრდელად. მისი მამის ქონების გამო სანათესაოში შფოთი და მტრობა ჩამოვარდა. რვა წლის საბამ ყველაფერი მიატოვა და ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. იქ მან მარხვაში 10 წელი გაატარა, რითაც უფლისგან სასწაულქმედების მადლი მიენიჭა. შემდეგ იერუსალიმს მიაშურა და რამდენიმე მონასტერში ცხოვრობდა.


უფლის ბრწყინვალე ანგელოზის გამოცხადების შემდეგ წმინდა მამა სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრდა. მალე მის გარშემო ბერები შემოიკრიბნენ და დიდი ლავრა შეიქმნა.


წმ. საბა განწმენდილი მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდის დასაცავად იბრძოდა. იგი მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა წამოვიდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა. ნეტარს მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ.


წმიდა საბამ საკუთარი აღსასრულის მოახლოება წინასწარ განჭვრიტა. იგი 532 წლის 5 დეკემბერს აღესრულა.



 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner