logo_geo
eng_logo
ლევან ოსიძე: ვინც არჩევნებს თავს არიდებს, ის ხელს უწყობს სხვადასხვა მანიპულაციებს
- +

31 ივლისი. 2019. 16:11

 

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლევან ოსიძემ არჩევნების ჩატარების წესის ცვლილების თაობაზე ინტერვიუში ისაუბრა.

 

- ბატონო ლევან, თქვენი სადოქტორო დისერტაციის თემაა „საარჩევნო სისტემის რეფორმა საქართველოში“. რას გვეტყვით დღევანდელ დღეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ამ საკითხთან მიმართებაში?

 

- საქართველოს თანამედროვე მრავალპარტიულ საარჩევნო სისტემას 1990 წლიდან ეყრება საფუძველი (თუ არაფერს ვიტყვით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918 – 1921 წ.წ. პერიოდზე). მას შემდეგ იგი მუდმივი ცვლილებების და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია, სამწუხაროდ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერ შევთანხმდით სამართლებრივ ტრადიციებზე ორიენტირებულ, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის მექანიზმზე, ეს, ერთი შეხედვით, იმითაცაა განპირობებული, რომ 70-წლიანი ერთპარტიული მმართველობიდან მრავალპარტიულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უპრეცედენტო მაგალითი იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნების სინამდვილეში. საბჭოთა საარჩევნო სისტემა რაც იყო, გესმით, ბიულეტენში მარტო ერთი პირი იყო ჩაწერილი, ანუ ასარჩევიც არავინ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპი მოითხოვდა უმრავლესობის მიერ უმცირესობის დამორჩილებას, რაც მინიმუმ 100 ამომრჩევლიდან 51-ის აუცილებელ მხარდაჭერას გულისხმობდა... გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება ამ ფაქტორს, არჩევნები იყო საყოველთაო და ყველა ვალდებული იყო, მიეღო მასში მონაწილეობა...

 

- კარგად გვესმის, რომ არჩევნები საზოგადოების დემოკრატიზაციის საუკეთესო ინსტრუმენტს წარმოადგენს და იგი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ავტორიტარული რეჟიმის ლიკვიდაციისა და ხელისუფლების სათავეში სასურველი დემოკრატიული ძალების მოსასვლელად, გთხოვთ, რამდენიმე სიტყვა გვითხრათ ამ პრინციპების გათვალისწინებით ჩვენში დამკვიდრებულ რეალობაზე.

 

- გეთანხმებით, 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულმა არჩევნებმა ჩვენს ქვეყანაში საფუძველი ჩაუყარა მრავალპარტიული პარლამენტის შექმნას და პოლიტიკურ ძალთა გადაჯგუფებას ამომრჩეველთა ნებისა და სურვილის მიხედვით, სწორედ ამ საკითხზე მინდა მოგახსენოთ რამდენიმე სიტყვა. თანამედროვე სტანდარტების (და ეს არაა ოფიციალურად მიღებული!!!) მიხედვით, არჩევნების შედეგებზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს პოლიტიკური ტექნოლოგიების მანიპულაციური და ინფორმაციული მხარე, რომლის მეცნიერულ დონეზე გათვლა გარანტიაა გამარჯვების მისაღწევად. პოლიტიკურმა მარკეტინგმა ზემოქმედება უნდა მოახდინოს ელექტორატის განწყობაზე პოლიტიკური რეკლამისა და „შავი“ და „თეთრი“ პიარის  გამოყენებით, თუ ეს საჭიროა, რადგანაც იგი კომერციული მარკეტინგის უმდიდრეს გამოცდილებას ემყარება, მან რადიკალურად უნდა შეცვალოს ჩვენ მიერ ლამაზად შეფუთული კანდიდატის შესახებ წარმოდგენა და გარკვეული ზეწოლა მოახდინოს საზოგადოებაზე. ხსენებული ოპერაციების წარმოებისას განმსაზღვრელი ხდება PR-ის მარკეტოლოგის სტრატეგია და ტაქტიკა სწორი პოლიტიკური მენეჯმენტისა და პროფესიონალი მენეჯერების შესარჩევად და დასარაზმავად. არჩევნების მეცნიერულად შესწავლამ და მისი ჩატარების მეთოდების სრულყოფამ, წინასწარ ჩატარებულმა კვლევებმა იმდენად ორკესტრირებული და ორგანიზებული გახადეს საარჩევნო პროცესი, რომ მან დამოუკიდებელი მეცნიერების არჩევნების თაობაზე - ფსეფოლოგიის სახელი შეიძინა, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პროგრამების, ამოცანების რეალიზებისაკენ მიმართული მოქმედებათა ტექნოლოგიური ჯაჭვი ჰქვია და მოიცავს მმართველობით საქმიანობას, საკადრო პოლიტიკას და მეცნიერებას პოლიტიკური კონსალტინგისა და მენეჯმენტის თაობაზე. ყოველივე ამაზე საუბარი ადრე წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა...

 

- ძალზე შთამბეჭდავად ჩამოგვიყალიბეთ არჩევნების შესახებ მეცნიერული კვლევა-ძიების მეთოდებისა და პრინციპების თაობაზე, რის შესახებაც ძალიან ბევრს წარმოდგენაც კი არა აქვთ, მაგრამ თვალის ერთი გადავლებითაც ნათელია, რომ საზოგადოებაში თანდათან ფეხს იკიდებს ნიჰილიზმი და ინდიფერენტიზმი, ანუ მცირდება ელექტორატის რაოდენობა და  უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მოდის არჩევნებზე. გთხოვთ აგვიხსნათ, რითაა განპირობებული მსგავსი რამ და როგორია თქვენი პროგნოზი?

 

- მეცნიერულ მიდგომებს გვერდს ვერ ავუქცევთ, რადგან მსოფლიო სტანდარტები მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. არსებობს პოლიტიკური ტექნოლოგიების სახეობა - საარჩევნო ინჟინერია, რომელიც იკვლევს კონკრეტული საარჩევნო ოლქის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, პოლიტიკური კულტურის დონეს და რელიგიურ ტრადიციებს, რეგიონებში პოლიტიკური სტრუქტურის თავისებურებებს, პარტიული ორგანიზაციების რაოდენობას, პრეტენდენტების ავტორიტეტს, აქტიურობას, მაგრამ თქვენ სამართლიანად შენიშნეთ, ამ ბოლო დროს შეინიშნება არჩევნებისადმი გაუცხოება და ნიჰილიზმი, რომელსაც იჩენს ელექტორატი არჩევნების წინ და მისი მიმდინარეობის პროცესში. სხვათა შორის, ამ პროცესს აბსენტიზმი ჰქვია და მის მისაღწევად მთელი რიგი პოლიტიკური ინსტიტუტები მუშაობენ და გარკვეულ მიზანსაც ემსახურებიან და აღწევენ კიდეც. ამას მე დემოკრატიის განვითარების ნეგატიურ პროცესს დავარქმევდი თავისი უარყოფითი შედეგების გამო, მაგრამ იმის იგნორირება შეუძლებელია, რომ თუკი ამ პროცესს ჩვენი საზოგადოების წიაღში ადგილი აქვს, ჩანს, ვიღაცას აწყობს და ამიტომ მისი ასე ერთი შეხედვით თავის ნებაზე მიშვება დაუშვებელია და იგი არ უნდა იყოს მართვადი, სწორედ ამის გამო მინდა რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ: ვიდრე მთავრობა დათანხმდებოდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე ნულოვანი ბარიერით, მანამდე არსებობდა მაჟორიტარული სისტემით 74, ხოლო პროპორციული სისტემით 76 დეპუტატის არჩევის წესი, რომელიც 5%-იან ბარიერს მოითხოვდა. ვფიქრობ, სწორედ ეს ბარიერი გახლავთ აბსენტიზმის წყარო და ხელშემწყობი ფაქტორი, რადგან კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტად გასახდომად 5%-იანი ბარიერის  გადალახვა ძნელია, ერთი ადამიანის დანაკლისიც კი საერთოდ მანდატის გარეშე ტოვებდა, მითუმეტეს, თუკი ეს პროცესი გრძელდება ათეული წლების განმავლობაში, პოლიტიკურად აქტიურ ადამიანსაც კი ბეზრდება უშედეგო სირბილი, თუ ყოველივე ამას თან ერთვის მმართველი და ძირითადი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მუდმივი აგიტაცია, რომ რა აზრი აქვს შენს მონაწილეობას არჩევნებში, რომლის შედეგებიც წინასწარაა გადაწყვეტილიო. ვფიქრობ, ეს ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია, ამასთანავე საარჩევნო კომისიებში თუ არ ჰყავთ თავიანთი მუდმივი წარმომადგენელი, ესეც ზრდის უნდობლობის ფაქტორს... ნულოვანი ბარიერი ერთი შეხედვით სატყუარაა და ბევრ ამბიციურ პერსონას ტყუილი იმედებით კვებავს, თუ ისინი დამოუკიდებლად გამოვლენ არჩევნებში, ადვილად შეძლებენ 12-16 ათასი ამომრჩევლის მობილიზებას  და ერთი გარანტირებული სადეპუტატო მანდატის მიღებას. ვფიქრობ, ეს ასე არ არის. ამაზე კიდევ ცალკე კვლევებია ჩასატარებელი და დასკვნები დასადები.

 

- ანუ თქვენ ამტკიცებთ, რომ თანამედროვე პოლიტიკური სიტუაცია შეიძლება უცვლელი დარჩეს და ძირითადი მანდატები ისევ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში დარჩება? მაშინ რას მივაწეროთ ოპოზიციის მიერ საპირისპიროს მტკიცება, რომ ამ დათმობით მმართველი ძალა სატელიტურ პარტიებს მისცემს შესაძლებლობას, გაიყვანონ თავისი მომხრეები პარლამენტში?

 

- არა, ეს ასე არაა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პოლიტიკური პროგნოზების კეთება წამგებიანია და შეიძლება არ გამართლდეს, მაგრამ ა/წ 18-20 ივნისის პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებმა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ დიდი შეცდომა იყო გარე ძალების მიერ თავს მოხვეული კოჰაბიტაცია და მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობისათვის“ ახალი პოლიტიკური დივიდენდების მიცემა, რადგან ჩვენს საზოგადოებას ამნეზია არ დამართნია და ძალიან კარგად ახსოვთ ამ კრიმინალური კასტის მიერ ჩადენილი დანაშაულობანი... ამიტომ ძირითადი დარტყმის ქვეშ სწორედ ეს პოლიტიკური კონგლომერატი მოექცევა, მითუმეტეს, რომ ისინი  ცალ-ცალკე უნდა გამოვიდნენ პოლიტიკური ბრძოლის სარბიელზე და უნდა მოხდეს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის უპირობო დაშლა, ამიტომ ველოდები ამ ძალის რეორგანიზაციას და პოზიციების შესუსტებას. ბატონ ბიძინა ივანიშვილს თუ მოუნდება, მის პოტენციურ მოკავშირეებს თავის საარჩევნო სიაში არჩევნებამდე ჩაწერს და თუ ვინმეს პოზიციები შესუსტდება, ეს იქნება სწორედ გაერთიანებული ოპოზიცია... ისე, მომავალ პარლამენტში 5-6 პოლიტიკურ პარტიას მოვიაზრებ და საუკეთესო შემთხვევაში  1-2  დამოუკიდებელ ახალ პოლიტიკურ ძალას, თუკი ისინი გამოვლენ ამბიციების ბასტიონიდან და მოახდენენ გაფანტული ეროვნული ძალების კონსოლიდაციას...

 

- ბატონო ლევან, ინტერვიუს დასაწყისში თქვენ აფასებდით რა კომუნისტების დროინდელ არჩევნებს, ბოლოში თქვით, ყურადღება მიაქციეთ მხარდამჭერთა 51 %-იან მაჩვენებელსო, რას გულისხმობდით ამ ციფრის ქვეშ?

 

- დიდი მადლობა შეხსენებისთვის. დიახ, გასამარჯვებლად 51% იყო საჭირო და ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ რაც მრავალპარტიული არჩევნები დაინიშნა, მას მერე მიდის მუდმივი ზეწოლა არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობის თაობაზე. თავდაპირველად აუცილებელი იყო საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულიყო 50%+1 ამომრჩეველი, ანუ კანონმდებელმა თავიდანვე გამორიცხა 49 ამომრჩეველი, პირველ ტურში გასამარჯვებლად მომსვლელთა 50%+1, მინიმუმ 26 ხმის მფლობელი - უკვე გამარჯვებულად ცხადდებოდა, ანუ დანარჩენი74-ის ბედი და არჩევანი იგნორირებული იყო და არც აინტერესებდა კანონმდებელს -  ეს როგორი დემოკრატიაა?!!!... ეს არის უმცირესობის მიერ უმრავლესობის დამორჩილების პრეცედენტი დემოკრატიის სახელით, თუ მეორე ტური დაინიშნებოდა 2 კვირის თავზე, უკვე საარჩევნო უბნებზე მომსვლელ ამომრჩეველთა რაოდენობა 1/3-ით მცირდებოდა და მინიმუმ 34-ს შეადგენდა, ანუ თავიდანვე 66-ის ბედი არავის აწუხებდა... მაგრამ გასამარჯვებლად საკმარისი იყო ხმების საერთო რაოდენობის 1/5, ანუ მინიმუმ 20 ხმა... ე.ი. რა გამოდის? 20 ამომრჩეველი ბატონობს დანარჩენ 80-ზე და ეს ყველაფერი დემოკრატიის სახელით კეთდებოდა. სწორედ ეს მიმაჩნია დემოკრატიის დაკნინების უკანასკნელ სტადიად, მაგრამ დღეს კიდევ უფრო კატასტროფული ვითარებაა: არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ამომრჩეველი მოვა, მთავარია, პირველ ტურში მომსვლელთა 50%+1 ამომრჩეველი გვერდზე დაგიდგეს და გამარჯვებული ხარ, ვერაფერი კარგი დემოკრატიაა და მერე უკვირთ, რატომაა ხალხი აბსენტიზმის ტყვეობაში!!!... თანაც 5%-იანი ბარიერის არსებობა კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა წვრილ-წვრილი პარტიების მხარდამჭერთა გულის აცრუებას და თუ ამას ზურგს უმაგრებდა მმართველი და ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დეზინფორმაციული საქმიანობა, რა აზრი აქვს არჩევნებზე წასვლას, მაინც გააყალბებენო, თუმცა არც უმაგისობა იყო, მაგრამ ამის თაობაზე სხვა დროს... რაც ნაკლები ადამიანი მიდის საარჩევნო უბანზე, მით მეტი მანდატი რჩებათ მმართველ და ძირითად ოპოზიციურ პარტიას და პოლიტიკურად აქტიური ადამიანები კი კარგავენ რწმენას უკეთესი მომავლისა...

 

- როგორ გესახებათ ამ პრობლემიდან თავის დაღწევის გზები?

 

- ეს ძალზე რთული და ერთობ ძნელად გადასაწყვეტი საკითხია... სხვადასხვა ქვეყანაში მრავალნაირი სანქციებია დაწესებული და მათი მექანიკური გადმოტანა შეიძლება, ესაა, მაგალითად, მთელი წლის განმავლობაში სამარცხვინო ბოძზე იმ ოჯახების გვარების გამოკვრა, ვინც არ მივიდა არჩევნებზე, ასევე ფინანსური ჯარიმები, სამსახურებიდან დათხოვა, ანდა სხვადასხვა პრივილეგიების ჩამორთმევა და ა.შ., დრო გვიჩვენებს, თუმცა, ჩემი აზრით, უფრო რაციონალური იქნება, არჩევნებში მონაწილეობის მიღება ყველასათვის სავალდებულო იყოს, ის ვინც ამ წესს არ დაემორჩილება, მათთვის ცალკე საკანომდებლო რეგულაციები იქნება დასაწესებელი, თუნდაც ფულადი ჯარიმები, რომლითაც მოხდება საარჩევნო კამპანიისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი მოძიება... რაც შეეხება ბარიერის ანულირებას, ეს პირველ ეტაპზე ცოტათი გაზრდის საარჩევნო უბნებზე ელექტორატის რაოდენობას, მაგრამ მზარდი მიგრაცია ამ ხარვეზს არათუ ვერ გამოასწორებს, პირიქით... ერთი რამ გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ვინც არჩევნებს თავს არიდებს, ის ხელს უწყობს სხვადასხვა მანიპულაციებს, რომელსაც შედეგად არჩევნების გაყალბება მოჰყვება, მაგრამ ამის თაობაზე სხვა დროს მოგახსენებთ.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner