logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, რომელიც ცდილობს ევროკავშირსა და NATO-სთან დაახლოებას!
- +

12 დეკემბერი. 2016. 14:12




გერმანული გამოცემა „Zeit Online" საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს სათაურით „ჩვენ არ გვესმის, რატომ ეშინია რუსეთს".

 

 

NATO-ში შესვლა და რუსეთთან კარგი ურთიერთობები, ეს შესაძლებელია? კი, - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. „ჩვენ გვსურს რუსეთთან თანამშრომლობა" ,- წერს გაზეთი.


 

ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრისას,  „Zeit"-თან ინტერვიუში, გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია, თავი უსაფრთხოდ იგრძნო, როცა შენს ტერიტორიაზე  რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული და როდესაც მოქალაქეებს აკავებენ იმ საზღვრების გადაკვეთის ბრალდებით, რომლებსაც საქართველო  სამართლიანად არ აღიარებს საზღვრებად.


„ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი სამხედრო ავანტიურები, მაგრამ უსაფრთხოებაზე საუბარი გულუბრყვილობა იქნებოდა. მართალია, ჩვენ გვაქვს საკმარისი სტაბილურობა, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა დღესაც რთული რჩება. ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, რომელიც ცდილობს ევროკავშირსა და NATO-სთან დაახლოებას და, ამავე დროს, ზრუნავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ეს არის ჩვენი გადარჩენის სტრატეგია და ეს არის ასევე ის, რაც სურს მოსახლეობას", - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

- ბატონო გიორგი, საქართველო ორიენტირებულია დასავლეთზე, მაგრამ ევროკავშირი დასუსტებულია, ხოლო ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. იწვევს თუ არა ეს თქვენში შეშფოთებას?


- ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა კონგრესსა და სენატში, ორივე მათგანი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩვენთვის გადამწყვეტი. გამომდინარე აქედან, არ ველით რაიმე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ცვლილებებს რეგიონში ამერიკის როლთან დაკავშირებით.


- არ შიშობთ, რომ თქვენი NATO-ში გაწევრიანების სურვილი, წარუმატებელი შეიძლება აღმოჩნდეს?



- სულაც არა. ჩვენ არსებით მხარდაჭერას ვუწევთ NATO-ს. ჩვენი გადაწყვეტილება შეუქცევადია. ჩვენ გვსურს, მაქსიმალურად მივუახლოვდეთ როგორც NATO-ში, ისე ევროკავშირში გაწევრიანებას. მართალია, გვაქვს გარკვეული შეფერხებები, მაგალითად,  როგორც ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რაც, რასაკვირველია, გულდასაწყვეტია... მაგრამ, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენი მეგობრები ბრიუსელში ძალ-ღონეს არ იშურებენ ამ პროცესების დასაჩქარებლად.

 

- საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გაჭიანურება, ასევე,  გერმანიის პოლიტიკამაც განაპირობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებში შეიქმნა საქართველოს სურათი, როგორც ქურდებისა და თაღლითების ქვეყანისა.


- ასეთი სახის გაშუქება, რასაკვირველია, ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთვის. ფაქტები იყო არასწორად წარმოდგენილი, ხოლო სტატისტიკური მონაცემები დაუსაბუთებელი. მაგრამ ფაქტია, რომ ამ გაშუქებამ გარკვეული წარმოდგენები შექმნა. პოლიტიკაში კი ასეთ წარმოდგენებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივავლინეთ პოლიციის ატაშე საქართველოს საელჩოში ბერლინში. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები დღეს ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა დონეზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არაერთხელ იმყოფებოდა გერმანიაში და ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენი დიდი სურვილია გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ ასეთი სახის წარმოდგენებზე.

 

- ქართული ჯარის ნაწილები მსახურობენ ავღანეთში და მონაწილეობენ NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში. თქვენ შეასრულეთ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა, თუმცა დღესაც ელოდებით ვიზების ლიბერალიზაციას. პასუხობს თუ არა თქვენს ერთგულებას დასავლეთი იმავე დამოკიდებულებით?


- რეფორმები ემსახურება არა მხოლოდ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრების მიზანს, არამედ საქართველოს ახალ სახელმწიფოდ გადაქმნის და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზანსაც. ეს პროცესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მიზანი.

 

- როგორ უნდა გამოიწვიოს თქვენმა თანამშრომლობამ NATO-სთან, ცხოვრების დონის ამაღლება საქართველოში?


- ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს თავდაცვის სტრუქტურას. უსაფრთხოება არის საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. ამასთანავე, დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა  მნიშვნელოვანია რეგიონში რუსეთის ამბიციების შესაკავებლად.

 

- თქვენი აზრით, რა ამბიციები ამოძრავებს რუსეთს რეგიონში?


- საქართველოს რთული ისტორია აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან, თუმცა, თავად კონფლიქტის უკან დგას რუსეთის უზარმაზარი გავლენა. ბოლო კვირების განმავლობაში კიდევ ერთხელ გავხდით მოწმენი, თუ როგორ გაფორმდა სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებები, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის...


- ... საქართველოს რეგიონები, რომლებიც 2008 წლიდან მოყოლებული ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომელთა დამოუკიდებლობა დღემდე მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ აღიარა, რუსეთის ჩათლით.


- ხორციელდება ამ რეგიონების მზარდი ინტეგრაცია რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო სისტემებში.

 

- თქვენ გულისხმობთ შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაფორმდა აფხაზეთსა და რუსეთს შორის.

 

- არა მხოლოდ მას! რუსეთის მცდელობები ამ ორი რეგიონის შემოერთებასთან დაკავშირებით მრავალფეროვანია და მოიცავს ბევრ პროვოკაციას. მაშინ, როცა ჩვენ ვცდილობთ ტემპერატურის დაწევას და ვერიდებით მტრულ და აგრესიულ რიტორიკას, რუსი პოლიტიკოსების მხრიდან, სამწუხაროდ, არ არის შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები. მიუხედავად ამისა, ჩვენ დაუღალავად ვიმეორებთ, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება არ ისახავს მიზნად რუსეთისთვის დამუქრებას. ჩვენ გვსურს, რუსეთთან ვითანამშრომლოთ და  ვერ ვხედავთ ვერავითარ წინააღმდეგობას, ამავდროულად, დასავლეთისკენ გზაზე სვლა რომ განვაგრძოთ.

 

- სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ქმედებების ერთი-ერთი მიზეზი შესაძლოა შემდეგი იყოს: ტერიტორიული მთლიანობის გარეშე საქართველო ვერ გახდება NATO-ს წევრი. უკეთესი ხომ არ იქნებოდა, უბრალოდ უარი გეთქვათ NATO-ს წევრობაზე?


- NATO-ს წევრობას არაფერი აქვს საერთო ტერიტორიულ მთლიანობასთან. პირველ რიგში, ჩვენი გაწევრიანების მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გამოვრიცხეთ ამ მიზნის მიღწევა სამხედრო გზით. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მდგომარეობს ნდობის ხარისხის ამაღლებაში ერთი მხრივ ქართველებს, ხოლო მეორე მხრივ აფხაზებსა და ოსებს შორის. NATO-ს წევრობას კი ამასთან არაფერი აქვს საერთო. NATO-სთან თანამშრომლობის მიზანი მხოლოდ სამხედრო მფარველობის მოპოვება არ არის.

 

- არამედ?


- აქ საუბარია ღირებულებებზე! დემოკრატიულ ინსტიტუტებზე! აქ საუბარია ამა თუ იმ ბანაკის წევრობაზე. საქართველომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება: ჩვენ გვინდა ევროპული და ტრანსატლანტიკური ბანაკის წევრობა. ეს ჩვენთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს სტანდარტებს შეესაბამება. გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანია ერთგულება. საქართველო საკუთარ თავს მიიჩნევს  ევროკავშირის, NATO-სა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში. ეს ერთგულება ეფუძნება ფუნდამენტურ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, ჩვენ ვცდილობთ ახლო ურთიერთობების დამყარებას აღმოსავლეთის ქვეყნებთან: ჩინეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ირანთან. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ევროპელებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაში.


- დავუბრუნდეთ რუსეთს. იქ ფიქრობენ, რომ NATO ალყაში აქცევს და საფრთხეს უქმნის რუსეთს. რამდენად გასაგებია თქვენთვის რუსების შიში ამ მხრივ? ნუთუ არ არის აუცილებელი ამაზე რეაგირება?


- ჩვენთვის ცნობილია რუსეთის შიშები, თუმცა კი გაუგებარი. საქართველო NATO-ს წევრის რანგშიც არ შეუქმნის რუსეთს არავითარ საფრთხეს. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, ვაჩვენოთ რუს პოლიტიკოსებს, რომ საქართველო არ არის მტრულად განწყობილი რუსეთის მიმართ. წელს ერთი მილიონი რუსი ტურისტი გვესტუმრა, თუმცა არც ერთი სერიოზული ინციდენტი არ დაფიქსირებული. ეს ბევრზე მეტყველებს! ქართველებსა და რუსებს შორის არ არსებობს რაიმე არსებითი მტრული განწყობა და  ჩვენი სურვილი NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს ამ მიმართულებით ინტერპრეტირებული. სწორედ ამ გზავნილის მიწოდებას ვცდილობთ ჩვენ რუსი პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ამას სათანადოდ არ აღიქვამენ.

 

- ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიმართ ძალიან აგრესიულ რიტორიკას მიმართავდა. თქვენ კი აქცენტი დეესკალაციაზე გაქვთ, თუმცა, როგორც ჩანს, მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა.


- ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი სტრატეგია უშედეგოა. პოლიტიკური თვალსაზრისით, პროგრესი შეიძლება ნაკლები იყოს, მაგრამ ცვლილებები მაინც სახეზეა. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობები და დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა ქართული პროდუქციისთვის. ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურობის მნიშვნელოვან დონეს. რასაკვირველია, ეს არ არის ყოვლისმომცველი სტაბილურობა, რადგანაც ჩვენი ტერიტორიების ნაწილი კვლავინდებურად ოკუპირებული რჩება. თუმცაღა, მეორეს მხრივ ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად არ გვიწევს გვეშინოდეს სამხედრო აგრესიის.


- ეს ნიშნავს, რომ საქართველო დღეს თავს უსაფრთხოდ გრძნობს?


- როგორ შეიძლება, თავი უსაფრთხოდ იგრძნო, როცა შენს ტერიტორიაზე  რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული? როცა ხდება მოქალაქეთა დაკავება იმ საზღვრების გადაკვეთის ბრალდებით, რომლებსაც ჩვენ სამართლიანად არ ვაღიარებთ საზღვრებად? ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი სამხედრო ავანტიურები, მაგრამ უსაფრთხოებაზე საუბარი გულუბრყვილობა იქნებოდა. მართალია, ჩვენ გვაქვს საკმარისი სტაბილურობა, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა დღესაც რთული რჩება. ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, რომელიც ცდილობს ევროკავშირსა და NATO-სთან დაახლოებას და, ამავე დროს, ზრუნავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ეს არის ჩვენი გადარჩენის სტრატეგია და ეს არის ასევე ის, რაც სურს მოსახლეობას.

 

- საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს თქვენი მთავრობის დასავლურ კურსს, მაგრამ ასევე მზარდია რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირების მოთხოვნაც. ქართველი ხალხი მოთმინებას ხომ არ კარგავს?


- ის, რომ ქართველებს სურთ უფრო მჭიდრო კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან, ასევე მეტი რუსი ტურისტის ჩამოსვლა ქვეყანაში, არ ნიშნავს, რომ ეს გულისხმობს ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიის შეცვლის მოთხოვნას! ქართველთა 75% ემხრობა NATO-ში ინტეგრაციას, ხოლო 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.


- თურქეთი ათწლეულობის განმავლობაში წარუმატებლად აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით. არავინ განიხილავს სერიოზულად საქართველოს  ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.


- არავის შეუძლია თქვას, რა მოხდება ხუთ ან ათ წელიწადში. ჩვენ ჩვენი საშინაო დავალებები უნდა შევასრულოთ. ამ ეტაპზე ჩვენი დღის წესრიგი ოთხ ძირითად პუნქტს  მოიცავს: 1) ჩვენ გვინდა განათლების სისტემის რეფორმირება და საბჭოთა მემკვიდრეობის საბოლოოდ აღმოფხვრა; 2) ჩვენ მიზნად ვისახავთ ყველა დონეზე მმართველობისა და ადმინისტრირების ისეთი სისტემის შექმნას, რომელშიც თავად მოქალაქეები იქნებიან ჩართულნი და რომელიც მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული; 3) უნდა შეიქმნას ბიძგი სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის; სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენ მიერ დაგეგმილი მოგების გადასახადის გაუქმება რეინვესტიციის შემთხვევაში; 4) გვსურს საქართველოს ინფრასტრუქტურის მოდერნიზირება, განსაკუთრებით გზებისა და ავტომაგისტრალების ქსელის განვითარება. ჩვენ გვინდა, ქვეყანა ძალიან მოკლე დროში შევცვალოთ. ეს კი შეუძლებელია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გარეშე.


- ბრექსიტი, მემარჯვენე მთავრობები, დავა ლტოლვილთა მიმართ პოლიტიკასთან დაკავშირებით - რატომ არის ევროკავშირი თქვენთვის ასეთი მიმზიდველი?


- გთხოვთ, ცოტა უფრო ოპტიმისტური იყავით! იმდენი სასიკეთო რამ ხდება. უბრალოდ კარგად უნდა დააკვირდეთ.


- რას ხედავთ თქვენ ისეთს, რასაც მე ვერ ვხედავ?

 

- დაფიქრდით ქართველი სტუდენტებისთვის ევროკავშირში განათლების მიღების შესაძლებლობებზე. დაფიქრდით ბიზნესურთიერთობების გაღრმავებაზე, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მეშვეობით. დაფიქრდით მესამე ქვეყნებზე, რომელთაც არ აქვთ ასეთი შეთანხმება ევროკავშირთან, მაგრამ, მეორე მხრივ, შეუძლიათ საქართველოში ინვესტირება...


- თქვენ ხოტბას ასხამთ თავისუფალ ბაზარს, თუმცა დღესდღეობით ევროპაში მომძლავრდნენ ძალები, რომლებიც  ბაზრებისა და საზღვრების ხელახლა დაკეტვას ითხოვენ.


- დარწმუნებული ვარ, რომ ლიბერალური ეკონომიკა გაიმარჯვებს. ჩვენს შემთხვევაში, სხვა არჩევანი არც გვაქვს. ჩვენი მოსახლეობა 3.7 მილიონია. ჩვენ გახსნილები უნდა ვიყოთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენი უნიკალური მდებარეობის გარდა, ბევრი რამ არ გაგვაჩნია. თუკი ტიპიურ ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ მოქნილობას გამოვიჩენთ, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იქცეს განსაკუთრებულ ადგილად საერთაშორისო ბიზნესის წარმოებისთვის.


- კი მაგრამ, ევროპა...


- ევროპა ბევრ ისეთ სიკეთეს მოიცავს თავის თავში, რომლებიც აღიქმება, როგორც თავისთავადი! ჩვენ კი, ვინც ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს ვესწრაფვით, ხშირად უფრო ვაფასებთ ევროპულ მიღწევებს, ვიდრე რიგითი ევროპელი.


- თქვენ ძალიან მაღალ შეფასებას აძლევთ ნეოლიბერალურ ოცნებას, რომელსაც მავანნი დასავლეთის კრიზისის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევენ.


- მე ამას კრიზისს არ ვუწოდებდი. განწყობები იცვლება და ამჟამინდელი ტრანზიციის მთავარი გამომწვევი მიზეზი ლტოლვილთა ნაკადი იყო. ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ევროპა დღეს დგას. ისიც კარგად გვესმის, რამდენად ღრმად მიდის ამ პრობლემის ფესვები. მაგრამ, ამის გამო, დაუშვებელია, ზოგადად, ევროპის მომავალის ეჭვქვეშ დაყენება! ევროპას ნათელი მომავალი აქვს! იყავით უფრო ოპტიმისტურები!

 


http://www.zeit.de/politik/ausland/2016-12/georgien-giorgi-kwirikaschwili-russland-nato-beitritt


 

right_banner
არქივი
right_banner