logo_geo
eng_logo
თბილისში ანდაზებითა და ნახატებით გაფორმებული კორპუსები გაჩნდა
- +

30 იანვარი. 2018. 19:31

 

 

დასაწყისში მინდა ადრე მოსმენილი ამბავი გითხრათ: ერთმა პოტენციურმა მამამთილმა, თურმე, საპატარძლო იმის გამო დაიწუნა, რომ მისი სახლის შესასვლელში კედელზე დიდი ასოებით იყო მიწერილი უცენზურო სიტყვა – ასეთი სახლიდან გამოსული გოგო ჩემ ოჯახში ვერ შემოვაო.

ეს ამბავი, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართულ პროვინციაში კი არა, უცხოეთში მოხდა. ხოლო ის, რაზეც ახლა გვსურს გიამბოთ, ჩვენ დროში და თბილისში ხდება.

დამეთანხმებით, თბილისური ეზოები და იქ არსებული გარემო მასში მცხოვრები ადამიანების ხასიათსა და მენტალიტეტს აყალიბებდა. იქნებ, სწორედ ამის გამო ერთმა სამშენებლო კომპანიამ თბილისში გადაწყვიტა, რომ მის მიერ აშენებული სახლის მცხოვრებლების განწყობაზე განსაკუთრებულად იმოქმედოს. საამისოდ მან მშენებლობის პროცესში დაასაქმა პროფესიონალი მხატვრების ჯგუფი, რომლებსაც კორპუსისა და სადარბაზოს კედლები მოახატვინა. სურვილი გაგვიჩნდა ამ თემაზე მხატვარ მაკა ჯებირაშვილს გავსაუბრებოდით.

 

 

 

 

 

მანანა ჯებირაშვილი

– ქალბატონო მაკა, საიდან გაჩნდა სადარბაზოების მოხატვის იდეა?

— სადარბაზოების მოხატვა იმ სამშენებლო კომპანიის დაკვეთაა, რომელიც თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ახალ კორპუსებს აშენებს. აქ ძირითადად ჩემი ესკიზების ფრაგმენტებია გამოყენებული. ინსპირაცია ძველი პენსილვანიის აკვარელის ილუსტრაციები გახდა. მერე მოხდა იმ ძველი მასალის გადახედვა და ახალი ორნამენტების შერწყმა. ზოგი პერსონაჟი იმ ილუსტრაციებიდან პირდაპირაა აღებული, მაგრამ აქ ისინი ქართულ გარემოშია გადაყვანილი. როცა სოციალურ ქსელებში ავტვირთეთ მოხატული კედლის ფოტოები, ისინი უცებ გავრცელდა და პოპულარული გახდა.

 

 

საცხოვრებელი სახლის მოხატული ფასადი

– ქართული ანდაზებით სადარბაზოების გაფორმების ტრადიცია ჩვენში აქამდე არ არსებობდა…

— საქმე ისაა, როცა უცხოელი სტუმრები მყავდნენ, მათ ქართული ანდაზები აინტერესებდათ. მეც ვიხსენებდი, ვთარგმნიდი და ამაზე ყველანი ვერთობოდით. მერე ჩავთვალე, რომ ამ ანდაზების ილუსტრირება ძალიან საინტერესო იქნებოდა. ძველი ოსტატები გადავათვალიერე და მათ ხელოვნებაში საოცარი სილამაზე აღმოვაჩინე. ამასობაში იდეაც გაჩნდა, რომ ქართული ანდაზები მახვილგონივრული ფორმით და კლასიკური სტილით გაგვეფორმებინა. მერე ქართული ანდაზების საიტიც მოვიძიე.

 

 

ლიფტის კარები სადარბაზოში

– გაიხსენეთ ანდაზები, რომლებიც უკვე გამოიყენეთ მუშაობის დროს…

— ძიების დროს ძალიან სასაცილო და სახალისო ანდაზებს გადავეყარეთ, მაგალითად: „ყვავს შევარდნად ზრდიდნენ და ის მაინც „ყვას“ იძახდაო“, „გიჟი ქორწილში შევარდა, ჩემ სახლს აქა სჯობიაო“, ან კიდევ, “ბუს თავისი ბარტყი ფარშევანგი ეგონაო“ და სხვები…

 

 

 

 

მოხატული სადარბაზო

– კორპუსების ნუმერაციაც მხატვრულად გააფორმეთ?

— თავიდან სადარბაზოებსა და კორპუსებზე ნომრები ჩვეულებრივად უნდა დაგვეწერა, მაგრამ მერე გვთხოვეს, რომ ისინიც მხატვრულად გაგვეფორმებინა. ნიმუშებისთვის ძველი გაფორმება მოვიძიეთ. ამ საქმიანობით მხატვრების ჯგუფი ვართ დაკავებული. მინდა გაგაცნოთ ისინი, რომლებიც ამ პროექტზე ჩემთან ერთად მუშაობენ: ანა იაკობაშვილი, ნუცა ჩუბინიძე, გიგა იაკობაშვილი და ზურაბ მიქელაძე. ჩვენ ყველანი სხვადასხვა გზით და ხერხებით ვცდილობთ, რომ საცხოვრებელი გარემო გავალამაზოთ. ამ ეტაპზე ეს სახლები უკვე იყიდება. იმედი მაქვს, რომ ამგვარად გაფორმებულ სახლში მცხოვრებ ადამიანებს ყოველთვის ხალისიანი განწყობა ექნებათ, სხვაგვარად წარმოუდგენელია…

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner