top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საქართველო აღარ არის სამშობლო

ვხედავთ, რომ მათთვის საქართველო აღარ არის სამშობლო და სახელმწიფო, რადგან მოქმედებენ სხვა სახელმწიფოების ინტერესებით და არა საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის გადაწყვეტილებას, მხარი არ დაეჭირათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუციისთვის.

მისივე თქმით, გამოჩნდა ისიც, რომ უკრაინის დელეგაცია და პარლამენტიდან ოპოზიციის დელეგაცია შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციაში არიან ადამიანები, რომლებიც ფორმალურად არ არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, გამოჩნდა, რომ ისინი ერთი გუნდი არიან და მოქმედებენ შეთანხმებულად.

ამ რეზოლუციის პროექტს საქართველოს დელეგაციიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ხელმოწერა, ასევე, მოლდოვის დელეგაციის ხელმოწერა ჰქონდა. ასევე საჭირო იყო კიდევ ორი ხელმოწერა, ოთხი ოპოზიციონერი იყო იქ და ორს მაინც რომ ეფიქრება საკუთარ ქვეყანაზე და არა დავალებებზე, ინიცირებული იქნებოდა.

ვნახეთ აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლისა, იმ მიზეზებთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უჭერდნენ მხარს, თითქოს საქართველოში სანქციებისთვის გვერდის ავლა ხდება. საბოლოო ჯამში, ვნახეთ, რომ უკრაინის დელეგაციის ეს წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მოქმედებდნენ. როდესაც ვსვამ „ნაციონალური მოძრობისა“ და ოპოზიციის მიმართ კითხვას – რომელ დროშაზე დადეს მათი ფიცი, საქართველოს, თუ სხვა ქვეყნის დროშაზე, ამაზე ვსაუბრობ. ვხედავთ, რომ მათთვის საქართველო აღარ არის მათი სამშობლო და სახელმწიფო, რადგან მოქმედებენ სხვა სახელმწიფოების ინტერესებით და არა საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებით. ეს პროტესტი რა თქმა უნდა არის გასაგები, რადგან პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რას ნიშნავს ქვეყნის ღალატი. ღალატის ისტორიები რომ ვიცით წარსულიდან, გადმოცემით, დღესდღეობით ვხედავთ ამას პირდაპირ ეთერში, როგორ ღალატობს პარლამენტის წევრი საკუთარ ქვეყანას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

„მონები“, „ქვეყნის გამყიდველები“, „სამარცხვინოები“ – ამ შეძახილებით დახვდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიუსელიდან დაბრუნებულ რადიკალური ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევრონესტზე პროევროპულ რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.

ასევე იხილეთ