top_leaderboard
left_sabechdi

ის, რასაც ვერაფერი შეცვლის

ბავშვობაში სიმღერაზე არ უოცნებია, თუმცა ანსამბლ „ივერიის“  ცნობილი მომღერლების შვილს  ამის ყველანაირი საფუძველი ჰქონდა. მუსიკალური ათწლედის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიის თეორიულ განყოფილებაზე სწავლობდა.

მისი პირველივე გამოჩენა სცენაზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მომღერლის გამოსვლები შოუს ელემენტებს შეიცავდა და თანაც, სიმღერის დროს ცეკვავდა, რაც იმ დროს სიახლეს წარმოადგენდა.

საუბარია სინთეზური ჟანრის ნიჭიერ მომღერალზე, ქეთი წიკლაურზე. სიმღერებს საკუთარი რეპერტუარისთვის საგანგებოდ არჩევს. მათ შორის ის ძველი, ნაცნობი ჰიტებიცაა, რომლებიც აქტუალობას დღემდე ინარჩუნებს. საუბარს მამის, თემურ წიკლაურის გახსენებით იწყებს.

 

„ჩემთვის მამა ყოველთვის რჩება განსაკუთრებულ პიროვნებად“               

ჩვეულებრივი ადამიანი ნამდვილად არ იყო. გამოირჩეოდა როგორც გარეგნობით, ასევე იშვიათი პიროვნული თვისებებით. ძალიან დიდი ცხოვრებისეული სიბრძნე გააჩნდა, უამრავ ხალხს იცნობდა და ბევრ ქვეყანაში იყო ნამყოფი. მამას წასვლის შემდეგ მის მიმართ ყურადღება და ინტერესი დღემდე არ შენელებულა. განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ქალების მიმართ. თუკი სადღაც მიდიოდა ყვავილების მიტანა არასოდეს ავიწყდებოდა – რაინდული და გალანტური იყო. სულ ვაკვირდები და დღეს მის მსგავსს ვერ ვხედავ. ასეთი ადამიანები ალბათ ჩვენი მშობლების თაობაში უფრო იყვნენ.

 სიმღერები, რომლებიც აქტუალობას არ კარგავს

მამა სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებს მხოლოდ მისთვის ჩვეული მანერით ასრულებდა. მათ შორის იყო ალექსანდრე ბასილაიას სიმღერები, რომელსაც დღეს ბევრი მომღერალი ასრულებს. გარდა იმისა, რომ საოცარი ჰარმონიულობით გამოირჩევა, ეს უკვდავი სიმღერები ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებსაც ეხება, ამიტომ აქტუალობას დღემდე არ კარგავს. როცა მისი წასვლიდან ერთი წელი გავიდა, იმაზე ფიქრი დავიწყე მამის რეპერტუარიდან რომელი სიმღერა მომიხდებოდა. პატრიოტულ ლირიკას მე ვერ შევეჭიდობოდი, რადგან სხვა სტილის მომღერალი ვარ. ბოლოს არჩევანი შევაჩერე ნინო ველიჯანაშვილის ლექსზე დაწერილ ბორის შხიანის სიმღერაზე „მეეტლევ“, რომელიც ქართველ მსმენელს მამას შესრულებით ძალიან უყვარდა. ამ სიმღერის არანჟირების ახალი ვერსია ბორიკო შხიანს ეკუთვნის. ამას გარდა ჩავწერე რომან რცხილაძის ცნობილი სიმღერა „მე რომ მენატრება, მას თუ ვენატრები“, რომელიც Youtube გვერდზე მიდევს. მათ, ვისაც ჩემი სიმღერები მოსწონს შეუძლიათ ჩემი Youtube არხი გამოიწერონ: https://www.youtube.com/@qetevantsiklauri

„ცოცხალ ურთიერთობებს მსმენელთან ვერაფერი შეცვლის“

საქართველოში ძალიან რთულია, იყო შოუ-ბიზნესში, ეს ბევრ პირობითობასა და მომენტთანაა დაკავშირებული. ჩვენს ქვეყანაში შოუ-ბიზნესში თანხის ჩადება არ უნდათ. თუმცა, ეს მარტო  საქართველოს არ ეხება და გლობალური პროცესია. ინტერნეტის შემოსვლასთან ერთად ყველაფერი სახეს იცვლის, ბევრი პროფესია საერთოდ ქრება. მართალია, სხვადასხვა პორტალები დიდ მნიშვნელობას იძენს, მაგრამ ამავე დროს, ვფიქრობ, ცოცხალი ურთიერთობა მსმენელსა და მაყურებელთან აუცილებელია და მას ვერაფერი  შეცვლის.

„ფეხბურთის ფანი არ ვარ, მაგრამ“…

მორის ფოცხიშვილის ლექსზე დაწერილ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის სიმღერას „დინამო, დინამო“ მამა ანსამბლ „ივერიასთან“ ერთად ასრულებდა. როცა ის ჩაიწერა, მაშინ პატარა ვიყავი. მას შემდეგ ეს სიმღერა ხშირად ისმოდა და ყველგან ასრულებდნენ. 26 მარტის ისტორიული მატჩი რომ მიმდინარეობდა, იმ დროს სტუდიაში ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ფეხბურთის ფანი არ ვარ, მაგრამ დამატებით დროსა და პენალტებს, რა თქმა უნდა, ვუყურე. მინდა, ქართული ფეხბურთის ეს დიდი გამარჯვება ყველას მივულოცო.

 

ასევე იხილეთ