top_leaderboard

ბაკურ სვანიძე: მამული, ენა, მუშტი, ფეხსაცმელი, მიკროფონი და სხვა „ევროპულობები“

საოცრებები ვნახეთ და მოვისმინეთ ბოლო დღეებში „რუსული“ კანონის წინააღმდეგ მებრძოლი სხვადასხვა რანგისა და ასაკის ადამიანებისგან. ძნელია თქმა, პარლამენტარებმა უფრო „გაქაჩეს“ სისულელეების ლაპარაკსა და შესაბამის ქმედებებში, თუ ქუჩაში გამოსულმა ორიოდე ათასმა  ე.წ. „ჯენზი“-მ. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ კულმინაცია მაინც ილია ჭავჭავაძის ცნობილი ფრაზის გადაკეთება იყო – „მამული, ენა, ერთობა“ – შემოგვღაღადა თბილისის გეი-პრაიდის მთავარმა „ლომმა“ და „ჯენზი“-თაობამაც ფიცის დადებით დაუკრა კვერი. რას იზამ, ევროპაა, სიტყვის თავისუფლებაა და როგორც გინდა ისე გადააკეთებ ნებისმიერ ლოზუნგსა თუ ფრაზას. აი, ასე მარტივად აიღებ და ჩასვამ, რასაც გინდა – მამული, ენა, მუშტი! ანდა მამული, ენა, ფეხსაცმელი! ან სულაც რა აუცილებელია სამი იყოს? მამული, ენა და მერე მიდი და ჩამოთვალე რაც გისწორდება, ვინც შეგაჩერებს და შენიშვნას ვინც მოგცემს – ის იქნება რუსეთის მონა! ხომ ხედავთ, გამოსავალიც როგორი მარტივი მოიგონა „ჯენზი“-თაობამ! არა, კია გაუგებარი, 2 ათასამდე ახალგაზრდა, მათგან უმეტესობა სწორედ იმ „ენჯეოების“ წარმომადგენელთა შვილები, რომლებსაც, სავარაუდოდ, გამჭვირვალობის კანონი შეეხება, რატომ აცხადებს რომ „მთელი თაობა“ ისინი არიან?.. აჰ, თუმცა, დაიცათ, ასეთ კითხვებს ხომ მხოლოდ რუსეთის მონები სვამენ! „რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლებმა“ კი, ომში გახვეულ უკრაინაში რატომღაც მიატოვეს ავტომატი და ახლა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტში იბრძვიან… მუშტით!

 

სქანი მუშტი მუშტირე დო ჩქიმი მუშტი მუშტ ვარენო?

 

დაახლოებით ასეთი ფრაზით მიმართავდა ალეკო ელისაშვილს ცნობილი, ანეგდოტად გავრცელებული ამბის მეგრელი პერსონაჟი. ეს გაიძვერა პოზიორი „მოქალაქე“ ისეთი რიხით გამოდიოდა ტელეკამერების წინ სიტყვით პოლიტიკური პროცესების დროს ძალადობის წინააღმდეგ, თითქოს წინა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ტრიბუნაზე ჩემი მეზობელი მურმანა აუვარდა და თავში იმან ჩასცხო. ძალადობის დაუშვებლობაზე იმდენად უნამუსოდ საუბრობდა ელისაშვილი, რომ ერთ-ერთი ყველაზე უნამუსო ნაც-ტელევიზიის ჟურნალისტიც კი შეაწუხა ნამუსმა და დაუსვა კითხვა – „კი მაგრამ, ბატონო ალეკო, თქვენ თავად ხომ დაარტყით ხელი მამუკა მდინარაძესო?“. პასუხი გამაოგნებელია – „მე ვსაუბრობ ძალადობის დაუშვებლობაზე, როცა საქმე ეხება სიტყვის თავისუფლებას, მშვიდობიან გამოხატვას, მდინარაძეს კი იმიტომ დავარტყი, რომ ის არის რუსეთის აგენტი! ეს სხვადასხვა რამეა“. საოცრად პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის ნააზრევია! თურმე ნუ იტყვით და, საქართველოში ისეთი „პოლიტიკური კულტურა“ უნდა დავამკვიდროთ, სადაც მხოლოდ ალეკო ელისაშვილს ექნება მუშტის გამოყენების უფლება, სხვას არავის. ან, კიდევ უკეთესი – თუკი ვინმეს ცემა მოგინდებათ, შეჰყვირეთ – „უხ, შე რუსო!“ – და ამის მერე მუშტიც შეგიძლიათ უთავაზოთ, წიხლიც და თავიც ხიოთ პირდაპირ ცხვირში!

 

ჩართეთ ჩართული მიკროფონი, რუსებო!

 

სიტყვა „რუსებო“ აქაც უმთავრესი სიტყვაა. ამ მაგიური სიტყვის ოპონენტის მისამართით გამოყენების შემდეგ, უკვე ყველაფრის უფლება გეძლევა! მაგალითად, საპარლამენტო სესიაზე, მამუკა ხაზარაძის ჯიბის დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა დაჟინებით მოსთხოვა პარლამენტის თავმჯდომარეს იმ მიკროფონის ჩართვა, რომელიც ისედაც ჩართული იყო. თანაც, იმდენად მოიხიბლა „კანვასის“ ტრენინგების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობით, რომ მას შემდეგაც, რაც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა – მიკროფონი ჩართულიაო, ნაცვლიშვილმა მაინც გააგრძელა უტიფრად – „აი, ეს არის რუსეთი! ასე გამოგირთავენ მიკროფონს, ჩაახშობენ თავისუფალ სიტყვას, ამას აკეთებს ეს რუსული მთავრობა, მიკროფონის გამორთვა არის ამათი ბრძოლის მეთოდი“. ძალიან სასაცილო იყო პაპუაშვილის სახე, როდესაც ცდილობდა ნაცვლიშვილისთვის აეხსნა, რომ ისედაც ჩართული მიკროფონის კიდე ჩართვა უბრალოდ შეუძლებელია. არადა, ეს ხომ ისეთივე მარტივია, როგორც ის, რომ შეუძლებელია უკვე გაყიდული ქარხნის კიდე გაყიდვა. ეს მაგალითი ანასთვის ყველაზე ნათელი და გასაგები უნდა იყოს წესით. ქალბატონო ანა, შალვა პაპუაშვილი ზუსტად ისევე ვერ ჩართავს მიკროფონს რომელიც ისედაც ჩართულია, როგორც მამათქვენი ვეღარ გაყიდის ქუთაისის იმ საავტომობილო ქარხანას, რომელიც, 90-ან წლებში ერთხელ უკვე გაყიდა ჯართად და შემდეგ რუსეთში წავიდა ბიზნესის საკეთებლად, ისევე, როგორც თქვენი ამჟამინდელი პარტიული ბოსსი მამუკა ხაზარაძე… თქვენდა სამწუხაროდ, ამის შესახებ არა მხოლოდ „გავრილოვის უმრავლესობამ“ იცის, (როგორც თქვენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უწოდეთ პარლამენტში) არამედ, ეს უკვე იცის ქართველი ხალხის უმრავლესობამ და მინიმუმ უხერხულია რუბლებით დაფინანსებულ „მგიმო“-ელ ლიაკასთან ერთად, თქვენც რომ „აპროტესტებთ“ ვითომ „რუსულ“ კანონს, ან საერთოდ რაიმე რუსულს, რაც თქვენთვის. შესაძლოა, უფრო მშობლიურიც იყოს, ვიდრე თუნდაც, თვით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის.

 

მანახე შენი ფეხსაცმელი და გეტყვი, ვინ ხარ შენ!

 

ასეთი ლოზუნგი შესთავაზა ევროკავშირს „ანტირუსულ“ მიტინგზე გამომსვლელმა ვინმე მომღერალმა. მე მაპატიეთ, არ ვუყურებ ამ უნიჭოდ დადგმულ „შოუებს“ და არ ვიცი მისი სახელი და გვარი, თუმცა მკითხველი უმალ მიხვდება, ვისზეა საუბარი. „მამუკა მდინარაძევ, ჯერ მარტო ასეთი ფეხსაცმელებით რამდენს ბედავ?! ევროპაში ღირსებით რომ შეხვიდე, ჯერ გემოვნება უნდა გქონდეს“, – მიმართა ამ გემოვნებაში შავი ქამრის და მერამდენიღაცე დანის მფლობელმა ტიპმა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერს. ვერ გეტვით, ვინ, როდის და რატომ დააკვირდა მამუკა მდინარაძეს როგორი „ტუფლებით“ მოძრაობს, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, ამის და ამნაირების ტლიკინი მდინარაძეს ზუსტად იმაზე ჰკიდია, რაზეც ეგ ფეხსაცმელები აცვია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ მძიმედ გოიმურ გამოხდომას იქ შეკრებილი საზოგადოება ღრიანცელითა და ტაშის კვრით შეხვდა… ასე რომ, 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებულ თავშეყრაზე წასვლის მსურველნო! ფრთხილად იყავით, რადგან, ვფიქრობ, თქვენს რიგებში „ხიხოებად“ გადაცმული „ევროპელები“ იქნებიან შემოპარული და განსაკუთრებით დაგაკვირდებიან, ვის როგორი ფეხსაცმელი გაცვიათ და შეიშვებით თუ არა ევროპაში მასეთი ფეხსაცმელებით… მომავალში, თუკი „რუსული“ კანონის წინააღმდეგ მებრძოლები, ევროპაში შესასვლელად აუცილებელი შარვლის, პერანგის, ჯემპრის, ქურთუკის ან წინდის სტანდარტებს დაადგენენ, ამასაც შეგატყობინებთ. ჰოდა, რაც მთავარია, 29 აპრილის აქციაზე რუსული „ბასანოჩკებით“ არ დაგინახოთ არავინ, თორემ საბოლოოდ გადავუხვევთ ევროინტეგრაციის გზიდან და ეგაა!

ასევე იხილეთ