top_leaderboard

ბაკურ სვანიძე: ვეტო, ვეტინგი, აფხაზურა და ოსური ხაბიზგინები

მხიარულად მიდის ცხოვრება ქართულ პოლიტიკაში. იმდენად მხიარულად, რომ მართლაც ძალიან ჭირს სატირული ჟანრის ტექსტების წერა. რა გინდა რომ გააშარჟო და გაასატირო? პირდაპირ მზა სატირულ საოცრებებს გვთავაზობენ ქართველი პოლიტიკოსები, გინდა სახელისუფლებო, გინდა ოპოზიცია, გინდა საპარალამენტო და გინდა არასაპარლამენტო, გინდა ფემინისტი და გინდა ტრადიციონალისტი, გინდა ლიბერალი და გინდა კონსერვატორი.

მძიმე დრო უდგათ ქართველ სატირიკოსებს იაგო ხვიჩიას, ლევან ხაბეიშვილის, ვახო მეგრელიშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას თუ სხვა კონკურენტების ხელში. თუმცა, ამ დღეებში, ქვეყნის მთავარმა სატირიკოსმა მაინც მოახერხა და არასერიოზულ გამონათქვამებში საკუთარი რეკორდი მოხსნა. ჩვენც აქედან დავიწყოთ.

ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გასტრონომიული გზა

მსოფლიოს რეკორდსმენი „მოკვდა-გადარჩას“ განხრით, საქართველოს გინდაც ყოფილი და გინდაც მესამე პრეზიდენტი, „ვივამედის“ „საწამებელი ოთახიდან“ აჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ უმთავრეს წინასაარჩევნო ნარატივს და საქართველოს მოქალაქეთა მატერიალურ გაჭირვებაზე, პროდუქტების გაძვირებულ ფასებზე და მოსახლეობის არამსიყდველობით უნარიანობაზე დაიწყო საუბარი სასამართლო პროცესზე ვიდეოჩართვის დროს. რა თქმა უნდა, არ ვცდილობ იმის თქმას, რომ ხალხს არ უჭირს და პროდუქტები არ გაძვირებულა. ამას, მე კი არა, მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც არ ამბობს, მაგრამ სააკაშვილი რისი სააკაშვილი იქნებოდა, ამ თემაშიც რომ არ შეეტანა გადაჭარბებული ემოცია და სენტიმენტები. „სტუდენტები, მასობრივად, დააკვირდით, ყიდულობენ ლობიანებს და არა ხაჭაპურებს, იმიტომ რომ ხაჭაპური ღირს 50 თეთრით უფრო ძვირი“ – ასე პროფესიონალურად ახსნა და დაასაბუთა ქვეყანაში არსებული სიდუხჭირე მიხეილ სააკაშვილმა. ეს ზოგს შეიძლება სისულელედ მოეჩვენოს, მაგრამ ვინც ბატონ მიხეილს კარგად იცნობს, იცის, რომ ის სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის და მის სიტყვებში ყოველთვის არის რაღაც ფარული სტრატეგიული სიბრძნე. ამ შემთხვევაში, ალბათ, მიშა მომავალ თაობას, სტუდენტებს, ახალგაზრდებს მოუწოდებს თავი მიანებონ ლობიანებს და ხაჭაპურებს და მეტი ყურადღება დაუთმონ აფხაზურას და ოსურ ხაბიზგინებს, რომ რამენაირად სოხუმსა და ცხონვალის რეგიონში დარჩენილი საქართველოს დე-იურე მოქალაქეთა გულები მოვიგოთ და ასე აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. თუ ეს ასე არაა, მაშინ დაუჯერებელია, ნუთუ ჩვენმა დაკვირვებულმა პრეზიდენტმა არ იცის, რომ უკვე დიდი ხანია, სტუდენტების დიდ ნაწილს სულ ფეხებზე ჰკიდია ლობიანი და ხაჭაპური და სტუდენტობა, ძირითადად, „გლოვოს“ მოტანილ შაურმას უბაყუნებს?

პრეზიდენტის მეხუთე ვეტო და გაზაფხულის მეხუთე, ბოლო გაელვება

სალომე ზურაბიშვილისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის ეს ბოლო გაზაფხულია. უფრო ზუსტად, გაზაფხულის მეხუთე გაელვება. ეს ფრაზა განსაკუთრებით უხდება საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, რადგან ის უკვე ფაქტობრივად გამოაცხადა არსებულმა ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად. მართალია სალომე ვერ შტირლიცობამდე ქაჩავს და არც ჩვიდმეტი „გაელვებით“ არავინ დატოვებს პრეზიდენტად, მაგრამ ანალოგია მაინც მისაღებია. სამაგიეროდ, ხელისუფლებისთვის მიუღებელია პრეზიდენტის რიგით მეხუთე ვეტო რომელიც მან იმ კანონპროექტს დაადო, რომლის მიხედვითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და მოადგილეების დანიშვნის წესი იცვლება. საინტერესო ის არის, რომ ეს ვეტო ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძის „ლელოს“ სასარგებლოდ გამოიყენა, რადგან თუ ეს ახალი კანონი არ დამტკიცდება, იოლი მოსალოდნელია, ცესკოს თავმჯდომარე, გარკვეულ გარემოებებში, ამჟამინდელი მოადგილე გახდეს, რომელიც სწორედ პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრია. ყოველ შემთხვევაში, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები ამას ასე ხსნიან და უმარტავენ საზოგადოებას. სიტუაცია ფრიად ახლართულია, თუმცა, ის კი ნათელია, რატომ არის ქალბატონი პრეზიდენტი ასერიგად მოწადინებული „ლელოსა“ და მთელ ნაც-ოპოზიციას თავი მოაწონოს. ბოლო საპრეზიდენტო გაელვების შემდეგ, ამ ქალს აქტიურ პოლიტიკაში დარჩენის სხვა აღარავითარი შანსი აღარ აქვს, თუ ხაზარაძის ნაირ გაიძვერა თაღლითს არ შეეტენა და შეეზილა. რაც მთავარია, ისინი ერთი ჭკუისანი არიან და მართლა სჯერათ, რომ კარს მომდგარი არჩევნების შედეგად „ლელო“ მთავრობას სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დააკომპლექტებს. თან ეს „ნაწილი“ საკმაოდ წარმომადგენლობითიც იქნება მათი აზრით. აკი, ყოფილმა „რესპუბლიკელმა“, შემდეგ „ოცნებელმა“ და აწ უკვე „ლელოელმა“, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პირდაპირ განაცხადა – „ლელო მომავალ ხელისუფლებაში ძალიან სერიოზული დოზებით იქნება წარმოდგენილიო“ – აი, რა წარმოდგენა აქვთ ამ წარმონაქმნებს მრავალტანჯულ და ასეთი თაღლითების ამოცნობაში გამობრძმედილ ქართველ ამომრჩეველზე, ეს კი მართლა ძნელი წარმოსადგენია.

აბა, ვეტინგი, ცხელ-ცხელი ვეტინგი, ყველი რო იწელება, ისეთი!

მოსამართლეთა ვეტინგზე ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს დაახლოებით ისეთი წარმოდგენა აქვს, როგორც საქართველოს მესამე-ყოფილ პრეზიდენტს ხაჭაპურზე. „მერე რა მოხდა, თუკი საქართველოში მოსამართლეთა შეფასების წესს უცხოეთიდან შემოვიტანთ? ეს იქნება ცხელ-ცხელი სიახლე ივანიშვილის სასამართლოსთვის“ – გვითხრა რომან გოცირიძემ და ცხელ-ცხელ ხაჭაპურთან ერთად, მე პირადად ის სცენა გამახსენდა, რამდენიმე წლის წინ პარლამენტის შენობაში ცხელ-ცხელი ხინკლით რომ მივიდა და იქვე დააგემოვნა, ჟურნალისტების თვალწინ. თუმცა, რადგან უცხოეთიდან შემოტანაზეა საუბარი, ვეტინგის პიცასთან, ან პუდინგთან შედარება უფრო უპრიანი იქნება ალბათ. რეალურად, მართლა ვერავინ გვითხრა წესიერად, ეს „ვეტინგი“ რა არის, ხაჭაპურია, პუდინგია, ვაშლია თუ მსხალია. მხოლოდ ის ვიცით, რომ ზოგს უნდა და ზოგს არა. თუ კარგად შევეცდებით გავიგოთ ვეტინგის არსი, შეიძლება მხოლოდ ის დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ვიღაც უცხოელმა „ტიპებმა“, რომლებიც, რეალურად აქაური „ენჯეოების“ კურატოირები არიან, უნდა გადაგვიწყვიტონ, რომელი ქართველი მოსამართლე იმსახურებს მოსამართლეობას და რომელი უნდა ვათრიოთ ტალახსა და ლაფში. დამეთანხმებით, მართლაც სავსებით გაუგებარი „კერძია“ ეს ვეტინგი. განა ვინმეს შეუძლია დალაგებულად ახსნას, რატომ უნდა გადამიწყვიტოს ვიღაც უცხოელმა საეჭვო რეპუტაციის არც ისე სერიოზულმა იურისტმა, ჩემს ქვეყანაში მოსამართლედ ვინ დავნიშნო თუ ავირჩიო? ჰოდა, ძალიანაც კარგი, რომ ჩვენი მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები მაგრადა დგანან ამ ამბავში და ხისტად აცხადებენ – „არანაირი ვეტინგი ამ ქვეყანაში არ იქნებაო!“. მე კი მაინც ვერ გავიგე, ამ „ვეტინგში“ ყველი იწელება თუ არა?

ასევე იხილეთ