top_leaderboard

პროექტი “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” დაბა ბაკურიანში, თოვლის ეტლითხილამურების ტრადიციული ჩემპიონატით გაიხსნა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტი “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ,რომელსაც “საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირი’’ ახორციელებს, გრძელდება. ზამთრის ფაზა, დაბა ბაკურიანში, თოვლის ეტლითხილამურების ტრადიციული ჩემპიონატით გაიხსნა. აქტივობა, წელს, მეხუთედ გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებმა შშმ მამაკაცებმა, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ომის ვეტერანებმა მიიღეს. სხვადასხვა დისციპლინებში, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საგარეჯოს, მარნეულის, თბილისის, ვანის,ქუთაისის,გორის, ზუგდიდის,ტყიბულისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ბენეფიციარები.
ჩემპიონატი დიდი პოპულარობით სარგებლობს,როგორც შშმ თემში, ისე,ფართო საზოგადოებაში. მონაწილეებმა ძალები არ დაიშურეს გამარჯვების მოსაპოვებლად, იბრძოლეს თავდაუზოგავად, რათა სხვადასხვა დისციპლინაში წარმატებით წარმოეჩინათ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები, თუმცა, პირველი ადგილი, არავის დაუთმო მარნეულის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა,ომის ვეტერანმა გიორგი მანჯიკაშვილმა,რომელიც 1 წლით დაეუფლა გარდამავალ თასს.
გიორგი მანჯიკაშვილს, ჩემპიონის თასი, 2023 წლის გამარჯვებულმა, სამშვიდობო მისიაში დაჭრილმა, ქუთაისის მკვიდრმა, შოთა ჯანელიძემ გადასცა. მეორე ადგილის მფლობელიც მარნეულელი გოჩა კოჩალიძე გახდა, რომელმაც წარმატებით გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები სპორტის ამ სახეობაში და გააძლიერა მარნეულის წარმომადგენლობა. მესამე ადგილი, წილად ხვდა თბილისის მკვიდრს, გუგა ჩიმახიძეს,რომელიც სამშვიდობო მისიაში დაჭრილი ომის ვეტერანია და პროექტის აქტიური წევრი გახლავთ.
ყველა მონაწილისთვის ,მათ შორის წაგებულთათვისაც, ბაკურიანის 4 დღიანი ბანაკი, შთამბეჭდავი და დადებითი ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა. ეტლითხილამურების ჩემპიონატი ყოველ წელს ვითარდება და მასში, სულ უფრო მეტი ბენეფიციარი ერთვება, მათ შორის: ეტლით მოსარგებლეები, ამპუტანტები, სმენის პრობლემების მქონენი, მცირემხედველები , უსინათლოები, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი ჯარისკაცები .
პროექტის გენერალური სპონსორია „აჭარაბეთი“, ხოლო სპონსორები „სოკარი“ და „ტოიოტა კავკასია“.
ასევე იხილეთ