leaderboard_below_slide

მუნიციპალიტეტი თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებას გეგმავს

მუნიციპალიტეტის  მერია თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებას გეგმავს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და შესაბამისი პროექტის მომზადება-განხორციელება მერის მოადგილეებს –  ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს დაავალა.

მისი თქმით, საჭიროა სანაპირო ზოლის სათანადოდ მოწყობა, რადგან ამჟამად არსებული მდგომარეობა არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება.

„თბილისის ზღვა, წყლის რეზერვუარის დანიშნულების გარდა, მოქალაქეებისთვის დასასვენებელი ზონის ფუნქციასაც ასრულებს. სანაპიროზე ხალხმრავლობა განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში შეინიშნება. შესაბამისად, ცურვისთვის დასაშვებ ზონებში, ზღვისუბნის დასახლების ტერიტორიაზე, საჭიროა სანაპირო ზოლის სათანადოდ მოწყობა, რადგან ამჟამად არსებული მდგომარეობა პრობლემას წარმოადგენს, არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით, რათა მოეწყოს ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე, სადაც ყველა საჭირო შენობა-ნაგებობა იქნება. როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, იმავე ფორმით და კონცეფციით უნდა მივუდგეთ აღნიშნულ საკითხს და ეს ადგილი გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო დასვენებისთვის, როგორც ოჯახებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეებს ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს პარკირებისა და სივრცის შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობაც.

„დავიწყოთ პროექტის განხორციელება, რომ მოვაწყოთ ისეთი სივრცე, სადაც ადამიანებს სრულყოფილი განტვირთვის შესაძლებლობა ექნებათ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

ასევე იხილეთ