top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ უკრაინა გადმოგვცემს უმძიმეს დანაშაულებში მხილებულ პირებს

„იმედი გვაქვს, რომ გადმოგვცემენ დამნაშავეებს – უმძიმეს დანაშაულებში მხილებულ პირებს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ არავითარი პრობლემა არ შეექმნას იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქვეყნებს შორის”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე უკრაინასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება მაღალ თანამდებობებს უკრაინაში, დღემდე იკავებენ დამნაშავეები, კრიმინალები, ძებნილები. აქ გამოსაყოფია ზურაბ ადეიშვილი და ასევე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც შეგახსენებთ, რომ გარდა ძალადობრივი დანაშაულებისა, არის ეჭვმიტანილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მხარდაჭერაში. ამაზე არსებობს კონკრეტული მოწმეების ჩვენებები. შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკანონო შემოსვლის შემდეგ, გიორგი ლორთქიფანიძე დაწინაურდა კიდეც თანამდებობაზე და მან მიიღო კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს რბილად რომ ვთქვათ. ეს ნაბიჯები არის ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი და იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საბოლოოდ მაინც გადახედავს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიიღო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მათ შორის, იმედი გვაქვს, რომ გადმოგვცემენ დამნაშავეებს – უმძიმეს დანაშაულებში მხილებულ პირებს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ არავითარი პრობლემა არ შეექმნას იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქვეყნებს შორის. როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, დარწმუნებული ვართ, რომ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები ვერ შეუქმნის საფრთხეს იმ მეგობრობას, რომელსაც აქვს მყარი, ისტორიული საფუძველი. ვსაუბრობ მეგობრობაზე, ქვეყნებს, ხალხებს შორის. ამას აქვს იმდენად მყარი, ისტორიული საფუძველი, რომ ვერცერთი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება ამას საფუძველს ვერ შეურყევს, თუმცა მათი გადაწყვეტილებებიც მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე იხილეთ