logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: თვითმკვლელობებთან დაკავშირებით, თავად ამ უბედურების გარდა, კიდევ სამი უბედურება გვჭირს...
- +

4 სექტემბერი. 2020. 13:46

„შეწყვიტეთ დეპრესიული სარედაქციო პოლიტიკა, შეწყვიტეთ ყაყან-შოუები, მოსახლეობის დასტრესვა. ამით არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, თქვენს ახლობლებსაც აზიანებთ“, - წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე თვითმკვლელობების საკითხზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

 

„თვითმკვლელობებთან დაკავშირებით, თავად ამ უბედურების გარდა, კიდევ სამი უბედურება გვჭირს:

 

  1. თვითმკვლელობების არასწორი გაშუქება;
  2. თვითმკვლელობის თავისებურებების არცოდნა;
  3. წესის აგების ორკესტრირებული მოთხოვნა.

 

  1. თვითმკვლელობების (სუიციდი უცხო სიტყვაა) გაშუქება

 

თვითმკვლელობების გაშუქებისას ჩვენი მედიის გარკვეული ნაწილი არღვევს ყველა სტანდარტს. თუკი რაიმე რეკომენდაცია არსებობს განვითარებულ ქვეყნებში, ყველაფერი უგულებელყოფილია.

 

ამიტომ, ვინც ამას აკეთებთ, არ ხართ მედია, რადგან არ იცავთ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს.

 

მარტივი წესია, როცა არღვევ თვითმკვლელობების გაშუქების რეკომენდაციებს, ე.ი. ეწევი მის პროპაგანდას.

 

დიახ, გარკვეული მედია საშუალებები ეწევით თვითმკვლელობების და კრიმინალის პროპაგანდას.

 

როცა ვაკრიტიკებთ თვითმკვლელობების ან კრიმინალის არასწორი გაშუქების გამო, ბრბოზე გათვლილი არგუმენტი აქვთ: „აბა არ ვილაპარაკოთ?“

 

ყველაფერზე უნდა ილაპარაკოთ, ოღონდ საჭირო დროს, მსოფლიო გამოცდილებით დაგროვილი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

 

როცა საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკად გაქვთ გადაქცეული, რასაც არ აკეთებდით მაშინ, როცა თავად წარმოადგენდით ხელისუფლებას, დიახ, თქვენ ეწევით პროპაგანდას.

 

დასაბუთებას არ მოვყვები, ბევრჯერ გამოვაქვეყნე შედარებისთვის წინა წლების სტატისტიკა, კიდევ გამოვაქვეყნებ. თუმცა, თავადაც იცით, რომ სპეციალურად აშუქებთ ასე. მიზანი პოლიტიკურია, - ხალხის გაღიზიანება.

 

საუბედუროდ, ამ 8 წლის მანძილზე მიაღწიეთ სასურველს, ხალხში შეჰქმენით განცდა, თითქოს კრიმინალმა გაიმარჯვა.

 

როცა ხელისუფლებაში იყავით, იმავე ხრიკებით, კრიმინალის გაშუქების შეზღუდვით, შეჰქმენით განცდა, თითქოს კრიმინალი დაამარცხეთ.

 

არადა, სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე საუკეთესო წლებში, ყოველ 2-3 დღეში ერთხელ ვინმეს კლავდნენ, ყოველ 2-3 დღეში ერთხელ ვინმეს აუპატიურებდნენ, ყოველ დღე ხდებოდა ყაჩაღობის, ძარცვის და ქურდობის 30-40 ფაქტი. თვითმკვლელობათა პირველი აფეთქებაც სწორედ მაშინ მოხდა. იხილავთ ქვემოთ.

 

სხვათაშორის, გაუპატიურებებზე, ახლანდელი ქალთა უფლებადამცველების ხმა არ გამიგია. არადა, საგანგაშო სტატისტიკა იყო. თუმცა, თქვენთვის საგანგაშო ისაა, რითაც პოლიტიკურ ქულებს იწერთ.

 

რამდენ სტატიას იპოვით ინტერნეტში თვითმკვლელობის შესახებ, ყველა იწყება სიტყვებით: „ბოლო წლებში მკვეთრად იმატა ახალგაზრდებს შორის...“ გახსნი სტატიას, არაფრით დასტურდება, მკვეთრად იმატა თუ არა.

 

მკვეთრად იმატა ნეგატივის გაშუქებამ. შეგნებულად ქმნით დეპრესიულ გარემოს. ამის შესახებ წლებია ვწერ.

 

რეკომენდაციები და სტანდარტები მედიამ უნდა დაიცვას მაშინაც კი, როცა თუნდაც თვითმკვლელობის მიზერული ეჭვიც კი არსებობს.

 

რაღამც თქვენ არ აკეთებთ, მოვიძიებ, რა წესები არსებობს განვითარებულ ქვეყნებში თვითმკვლელობების გაშუქებასთან დაკავშირებით და გამოვაქვეყნებ, თუმცა, თქვენ მაინც თქვენსას გააგრძელებთ. დავალება გაქვთ ასეთი.

 

მოკლედ, დეპრესიული გარემოს შესაქმნელად ძირითადად იყენებენ სამ თემას: სიღარიბეს, კრიმინალს და თვითმკვლელობებს.

 

ყველაზე იოლად სასპეკულაციო თემებია. აბა დამისახელეთ ერთი რეიტინგული მედია ან გადაცემა, რომელიც ავარიების, კრიმინალის და თვითმკვლელობების პროფილაქტიკაზეა ორიენტირებული?!

 

  1. თვითმკვლელობა

 

ვინმეს გინახავთ ნორმალური გადაცემა რეიტინგულ არხებზე, რომელშიც ამ პრობლემის შესახებ კვალიფიციური ადამიანები საუბრობდნენ? თუ ასაუბრებენ ვინმეს „სპეციალისტს“, ისეთი დარეტიანებული მოჰყავთ, მის მოსმენაზე სუიციდი თუ არა, სხვა პლანეტაზე გადაფრენა მოგინდება.

 

ეს თემაც, სრულიად შეგნებულად, ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენება.

 

თვითმკვლელობის გაშუქებისას საუბრობენ/წერენ ზედაპირულად... ყოველთვის იგრძნობა, რომ თვითმკვლელის ფსიქოლოგიაზე, ზოგადად თვითმკვლელობაზე წარმოდგენა არ აქვთ.

 

ჯერ ორიოდე სიტყვით სტატისტიკას შესახებ.

 

მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველოს თვითმკვლელობების მხრივ შუა ადგილი უკავია. 2-3-ჯერ და მეტჯერ უარესი მდგომარეობაა ევროპის წამყვან ქვეყნებში, ბალტიისპირეთში, სკანდინავიაში, აშშ-ში.

 

ხშირად ვისმენთ სიბრიყვეს, თითქოს სიღარიბეა მთავარი გამომწვევი მიზეზი. ამ დროს, თვითმკვლელობის მხრივ, უამრავ განვითარებად ქვეყნაში, სავალალო მდგომარეობაა.

 

ასე რომ, სოციალური პრობლემები არაა თვითმკვლელობის გამომწვევი მთავარი მიზეზი.

 

ყოველ ერთ თვითმკვლელობაზე, 10-ჯერ და 100-ჯერ მეტი მცდელობის ფაქტი ხდება.

 

ასევე, საინტერესოა ისიც, რომ თვითმკვლელობის შემთხვევები მეტია მამაკაცებში. ზოგ ქვეყანაში სხვაობა ოდნავია, ზოგში კი მამაკაცთა მიერ ჩადენილი თვითმკვლელობები მრავალჯერ აღემატება ქალებს. ჩვენთან 3-5-ჯერ მეტი მამაკაცი მიდის თვითმკვლელობამდე.

 

თვითმკვლელობათა სტატისტიკასაც გადავხედოთ:

 

2008 - 67

2009 - 188

2010 - 113

2011 - 293

2012 - 315

2013 - 312

2014 - 382

2015 - 400

2016 - 469

2017 - 361

2018 - 390

2019 - 390

 

ეს მონაცემები ღია წყაროებიდანაა აღებული, კერძოდ „ნეტგაზეთიდან“ და opendata.ge-დან, თუმცა, სანდოობაზე თავს ვერ დავდებ, რადგან შსს თვითმკვლელობების სტატისტიკას ცალკე არ აწარმოებს და არ აქვეყნებს.

 

ასევე ვერ მოვიძიე 2019 წლის სრული მონაცემები. არის პირველი 6 თვის ჯამი - 207 შემთხვევა. ამიტომ, პირობითად დავწერე წინა წლის მდგომარებით.

 

როგორც წესი, ს/ს საქმე აღიძვრება ხოლმე 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანა. მაგალითად, ამავე მუხლით აღიძვრება საქმე ბუნებრივი აირით მოწამვლის შემთხვევისას.

 

დავაკვირდეთ წარმოდგენილ სტატისტიკას. 2009 წელს, წინა წელთან შედარებით, მკვეთრად, 3-ჯერ მოიმატა თვითმკვლელობებმა. 2010 წელს 1/3-თ იკლო, 2011-ში 2010-თან 3-ჯერ, ხოლო 2008-სთან შედარებით თითქმის 5-ჯერ გაიზარდა.

 

2011 წლიდან დღემდე თვითმკვლელობების შემთხვევები მერყეობს 300-400 შემთხვევის ფარგლებში.

 

ღია წყაროებში ვერ მოვიძიე ვერცერთი სერიოზული კვლევა, თუ რამ გამოიწვია ასეთი ნახტომი 2009-11 წლებში და რატომ ნარჩუნდება დღემდე ამ მაღალ ნიშნულზე.

 

ვიმეორებ, შესაძლოა ამ ციფრებში შედის 115-ე მუხლით აღძრული სხვა შემთხვევები, რადგან ოფიციალური სტატისტიკა ჩემთვის უცნობია.

 

ყველა შემთხვევაში ეს ციფრები საგანგაშოა. ჩვენ მხოლოდ ავარიებში და თვითმკვლელობებით ყოველ წელს ვკარგავთ, საშუალოდ, 700-800 ადამიანს.

 

მიზეზები რომ გავარკვიოთ, ყოველი შემთხვევა, მთელი ამ წლების განმავლობაში ინდივიდუალურადაა შესასწავლი და მხოლოდ შემდეგ უნდა გაკეთდეს საერთო ანალიზი.

 

თვითმკვლელობის უამრავ მოტივზე თუ გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ, ავადმყოფობით, ფსიქოლოგიური მდგომარეობით დაწყებული, სხვადასხვა გარემოებებით დამთავრებული.

 

მაგალითად, ეპილეფსიისას თვითმკვლელობის რისკი 2-ჯერ და მეტჯერ მატულობს.

 

არსებობს გარკვეული სიმპტომები, ნიშნები, რომლებმაც უნდა დააფიქროს ადამიანის ახლობლები, თუ მსგავს ცვლილებებს, სიახლეებს შეატყობენ.

 

შესაძლოა ადამიანში უამრავი ცვლილება შევამჩნიოთ, რომლებიც ერთი მხრივ აღვიქვათ საგანგაშოდ, მეორე მხრივ, ეს სულაც არ ნიშნავდეს, რომ ის თვითმკვლელობას აპირებდეს.

 

მხოლოდ ჩამოვთვლი ასეთ ნიშნებს: საუბრები სუიციდის, მისი საშუალებების შესახებ, დეპრესიული განწყობა, უძილობა, იარაღის შეძენა, საყვარელი ნივთების ახლობლებისთვის დარიგება, მოტივაციის დაკარგვა, ნარკოდამოკიდებულება, თვითდაზიანების მიყენება, განწყობის მკვეთრი გაუმჯობესება და სხვა.

 

ვიმეორებ, ეს ნიშნები ინდივიდუალურია, რთულად ამოსაცნობია და, კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა, არაფერს ნიშნავდეს. როგორც წესი, ტრაგედიის შემდეგ ახლობლები უფრო იხსენებენ ამ ცვლილებებს.

 

საუბრები, თითქოს ძალიან ბედნიერ განწყობაზე იყო, თავს ბედნიერად გრძნობდა და სიცოცხლეს არ გამოესალმებოდაო, არის რეალობას მოკლებული და არაკვალიფიციური. ასეთ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ სუიციდალურ ფსიქოლოგიაზე.

 

ერთ შემზარავ ფაქტზე მოგიყვებით, რომელიც ორი კვირის წინ რუსეთის ქალაქ ულიანოვსკში მოხდა. 16 წლის მოზარდმა, თვითმკვლელობის წინ, ღამით, ცულით დახოცა 4 წლის ტყუპი და-ძმა, რომლებიც არ უყვარდა, რადგან სხვა მამისგან იყო, დედა, ბებია და ბაბუა.

 

დატოვებულ წერილში მოზარდი წერდა, რომ ბებია და ბაბუა უყვარდა, არ უნდოდა მათი სიკვდილი, მაგრამ მოკლა, რათა მათ არ ენერვიულათ მისი თვითმკვლელობის გამო.

 

წარმოგიდგენიათ მისი აზროვნება, საყვარელ ბებიას და ბაბუას თავები გაუჩეხა იმის გამო, რათა მათ არ ენერვიულათ?!

 

ამიტომ, თვითმკვლელობების შესახებ სიღრმისეულად ფსიქოლოგებმა, სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. იმედია, გვყავს ასეთი სპეციალისტები. ბოლო-ბოლო დიმიტრი უზნაძის ქვეყანა ვართ...

 

  1. წესის აგების მოთხოვნა

 

ახლა ყველაზე დიდ უწიგნურობას მივადექით. უკვე მერამდენედ ვიხილეთ ორკესტრირებული კამპანია, ეკლესიაზე ზეწოლა წესის აგების მოთხოვნით.

 

უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დიპლომი რომ უდევს ჯიბეში ადამიანს, იმდენი ხომ უნდა შეეძლოს, რომ სანამ რაიმეს წარმოსთქვამს ან დაწერს, ჯერ (წა)იკითხოს?!

 

როგორ შეიძლება, რელიგიურ თემას შეეხო, თუ ვერ ერკვევი? ნუთუ იმდენსაც ვერ ხვდები, რომ ამით შეურაცხყოფ რელიგიას, მის წესებს, შესაბამისად - მრევლს?!

 

ეკლესიაა პასუხისმგებელი წესის აგების გადაწყვეტილებაზე. ორთავე შემთხვევაში, თუ ქრისტეს მოძღვრების დარღვევით წესს აუგებს ან ეკუთვნის და არ აუგებს, მთელ სიმძიმეს ეკლესია იღებს თავის თავზე.

 

მოძღვრება გვეუბნება, ადამიანს ყველაფერი შეიძლება ეპატიოს სულიწმინდის გმობის გარდა.

 

თვითმკვლელობა სულიწმინდის გმობად ითვლება.

 

ადამიანს უფალმა არგუნა სიცოცხლე და მას არ აქვს უფლება, უფლის ნების წინააღმდეგ წავიდეს.

 

თქვენ ითხოვთ, მერე რა, რომ სულიწმინდა დაგმო, დიდი საქმე, აუგეთ წესი, რა მოხდება?

 

ალბათ, წესის აგება სარიტუალო მომსახურების ერთ-ერთი სახეობა („სერვისი“) გგონიათ?!

 

თუ არ გესმით, არ გყავთ მოძღვარი, ვისაც შეიძლება ჰკითხოთ, შეეკითხეთ ნაცნობ მღვდელმსახურს, ან მოიძიეთ ინტერნეტში, 21-ე საუკუნეა უკვე 20 წელია.

 

თუ თვითმკვლელობა დადასტურებულია და არ არსებობს გარემოებები, მაგალითად, ფსიქიკური აშლილობა, ან გაუსაძლისი პირობები, რამაც ადამიანი აქამდე მიიყვანა. მაგალითად, თუ წაიკითხავთ პაოლო იაშვილის შვილისადმი დაწერილ წერილს, მიხვდებით, რატომ მიიღო ეკლესიამ, სიკვდილის შემდეგ, წესის აგების გადაწყვეტილება.

 

ეკლესია ინდივიდუალურად იძიებს ყოველ ცალკეულ შემთხვევას და ისე იღებს გადაწყვეტილებას.

 

თუ ადამიანს არ ეკუთვნოდა და ეკლესიამ წესი აუგო, ამით მის სულს კიდევ უფრო ამძიმებენ.

 

ამ სიტუაციაში ახლობლებს რჩებათ ერთი გზა, მეტი ილოცონ გარდაცვლილის სულის გადასარჩენად.

 

ასე მიიჩნევს ჩვენი ეკლესია. თუ გწამთ, ასეა. თუ არა, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს?!

 

დასასრულს, წლებია მოგიწოდებთ და ვიცი, მაინც არ შეისმენთ, მაგრამ ვალს მოვიხდი და დავწერ: შეწყვიტეთ დეპრესიული სარედაქციო პოლიტიკა, შეწყვიტეთ ყაყან-შოუები, მოსახლეობის დასტრესვა. ამით არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, თქვენს ახლობლებსაც აზიანებთ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

           

 

 

right_banner
არქივი
right_banner