logo_geo
eng_logo
ამირან ბუთურიშვილი: დაბადების დღეს ვულოცავთ გურამ ოდიშარიას
- +

24 სექტემბერი. 2020. 16:24

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი პოეტ გურამ ოდიშარიას დაბადების დრეს სოციალური ქსელით ულოცავს.

 

„დაბადების დღეს ვულოცავთ გურამ ოდიშარიას - ქართველ პოეტს, პროზაიკოსს, დრამატურგს, ჟურნალისტს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ილია ჭავჭავაძის სახელობის, გამომცემლობა „ლომისის”, საქართველოს თეატრალური საზოგადოების, გიორგი შარვაშიძის სახელობის, ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის („ოქროს ფრთა“) პრემიების ლაურეატს, ჩეხოვის ოქროს მედლის მფლობელს, საზოგადო მოღვაწეს.

 

გურამ ოდიშარია საქართველოს კულტურის მინისტრი იყო 2012-2014 წლებში. აგრეთვე, გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კულტურისა და ხელოვნების ასოციაციის „ახალი ხედვა" პროგრამების კოორდინატორი. 2012 წელს გახდა ყველაზე ტოლერანტული ადამიანი. 2017 წელს კი მიენიჭა „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტული.

 

გურამ ოდიშარია დაიბადა 1951 წლის 24 სექტემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში. საშუალო სკოლა სოხუმში დაამთავრა, იქვე მიიღო უმაღლესი განათლება - 1975 წელს დაამთავრა აფხაზეთის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსების პირველი კრებულიც - „საგალობელი შენთვის“ სოხუმში გამოიცა. აქვე, სოხუმში შეეძინა ქალიშვილი. სოხუმში დაკრძალა მამა, ააგო სახლი... 1993 წლის 27 სექტემბერს კი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი და დევნილთა ბედი გაეზიარებინა. მანამდე კი...

 

სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად, აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტად, აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად, ჟურნალ „რიწის“ მთავარ რედაქტორად, გამომცემლობა „მერანის" აფხაზეთის ფილიალის დირექტორად.

 

1969 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი. ავტორია 9 პოეტური და 10 პროზაული წიგნის, რამდენიმე პიესის, კინო და ტელესცენარის. ცნობილია მისი რომანები „შავი ზღვის ოკეანე“, „სოხუმში დაბრუნება“ და „პრეზიდენტის კატა“, ასევე მისი პიესა „... ზღვა, რომელიც შორია“, რომელიც დადგა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ. მისი ნაწარმოები თარგმნილია 20-ზე მეტ ენაზე, მათ შორის, ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, იტალიურ ენებზე“.

 

***

გურამ ოდიშარია

 

(წიგნიდან „საგალობლები შენთვის“)

 

ზღვაო, იქნებ ფერმა შენმა მეტი გვითხრას,


ვიდრე გალობამ შენმა.


 

*
**

შენ წვიმდი, წვიმდი და შენს ტოტებზე ისხდნენ ჩიტები და


მდინარებდნენ შენი ტალღები, დიოდა ჩვენი საუბრების 


ლურჯი ხანძარი დიუნების მწყურვალებაზე.


შენ წვიმდი, წვიმდი, შენ გვესტუმრე ზღვის ქაფიდან და მინდვრის ყელიდან, როგორც შრიალი ოაზისების.


უთავებელი იყო ჰაერი და ნაპირებზე იწვა ზაფხული, მზეობდა პალმა.


ზღვა თენდებოდა.


ვინ მოგვიძღვნა ზღვის უნებლიე სიმღერები?


სახენათელო, შენ იყავი ერთ-ერთი მოწმე იმ ზაფხულის და


იმ გათენების.


 

***

შენი სიცილის შადრევნებმა დაამსხვრიეს ცის უხილავი ბურთულები და იღვრებოდნენ და იღვრებოდნენ ლურჯი


დღეები და შრიალებდნენ ლურჯი პალმები და იღვიძებდა ზღვისფერი ქვიშა.


სად იყო ცა, ან სად იყო ქვიშა, ან საით უნდა გაგვეხედა, რომ დაგვენახა მზე ყველგანმყოფი.


შენი სიცილის შადრევნებმა დაამსხვრიეს სხეული ჩემი და აი, უკვე ბალახში ბრწყინავს, და აი, უკვე ზღვის ფსკერზე


წვება, დასდევს თოლია და ათამაშებს პატარა ბიჭი ჩემი


სხეულის ლურჯ ნამსხვრევებს.


შენი სიცილი აგრძელებდა ქვიშას და ზაფხულს და უსასრულოდ
 მაღალი პალმა უსასრულოდ მაღალი ცისკენ მილივლივებდა
 მდინარესავით.


და სილურჯეში იცრიცებოდა დრო და ქრებოდა.


არ არსებობდა დრო, იმიტომ, რომ არსებობდნენ შენი თვალები.

 

 

right_banner
არქივი
right_banner