logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ საუკუნეების მანძილზე გაუძლო მრავალი იმპერიის შეტევას და ბუნებრივია, ამ სასოწარკვეთილი ნეობოლშევიკების შეტევასაც გაუძლებს
- +

13 სექტემბერი. 2021. 20:59

 

 

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კუთვნილი ტელეკომპანიების მხრიდან ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, ვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა. ეს არის იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა ახორციელებს წლების განმავლობაში“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე 12 სექტემბერს ინტერნეტში გავრცელებულ საიდუმლო ფაილებს.

 

როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“, ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის მტრებს, 2 ოქტომბრის არჩევნებში ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს:

 

„სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას, თავს ესხმიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა, მათი ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ მრავალი საუკუნის მანძილზე გაუძლო მრავალი იმპერიის შეტევას და ბუნებრივია, ამ სასოწარკვეთილი ნეობოლშევიკების შეტევასაც გაუძლებს და მათთან გამკლავებაც არ გაუჭირდება.

 

ფარული თვალთვალი და მოსმენა, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, ინფორმაციის ფაბრიკაცია და ცრუ ბრალდებების „შეკერვა“, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერების ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოქვეყნება, უკვე წლებია ამ პოლიტიკური ძალის ხელწერად იქცა. თუმცა, ამ მეთოდებით მათ ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის დისკრედიტაცია ვერ შეძლეს. ეს მათ არც მომავალში გამოუვათ. ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება დგანან და იდგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე. ის გარყვნილება, რაც ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელეარხების საშუალებით, იმის შედეგია, რომ ეს პოლიტიკური ძალა მყარად არის დარწმუნებული საკუთარ საარჩევნო მარცხში. „ნაციონალურ მოძრაობას“, ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის მტრებს, 2 ოქტომბრის არჩევნებში ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს. ჩვენი მხრივ, ქართულ საზოგადოებას ვაძლევთ მყარ გარანტიას, რომ საქართველოს ხელისუფლება მყარად დაიცავს ჩვენს ეროვნულ იდენტობას და ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner