„ჩვენ ვერ ვთანხმდებით ფუნდამენტურ საკითხებზე, რომ თურმე, 20 ადამიანი აკონტროლებს სასამართლო სისტემას, 350-კაციან კორპუსს, იმ პირობებში, როდესაც ინდივიდუალური მოსამართლე დღეს არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი, იმ კონსტიტუციური და სამართლებრივი გარანტიებით, რომელიც გააჩნია“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, არის საკითხები, რაზეც სამუშაო ჯგუფი თანხმდება.
„პირველი საკითხი, რომელზეც ვიმსჯელეთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა არჩევის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას შეეხებოდა. ჯგუფის წევრები შევთანხმდით, რომ პარლამენტის მიერ არამოსამართლე წევრების არჩევისთვის მიზანშეწონილია პარლამენტის რეგლამენტში კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდეს, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას. შევთანხმდით კიდევ ერთ საკითხზე, რომლის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენცია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის დროს, ისარგებლებს შესაძლებლობით კონკრეტული კანდიდატების მხრიდან მოისმინოს მათი ხედვა.
შემდეგი საკითხი შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, იქნება ეს მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრი, ზედიზედ ორჯერ არჩევის საკითხს და ამ საკითხზე ვერ შევჯერდით. ასევე, ვერ შევაჯერეთ პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პარალელურად იყვნენ სასამართლოს, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეები. ჩვენ ვერ ვთანხმდებით ფუნდამენტურ საკითხებზე, რომ თურმე, 20 ადამიანი აკონტროლებს სასამართლო სისტემას, 350-კაციან კორპუსს, იმ პირობებში, როდესაც ინდივიდუალური მოსამართლე დღეს არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი, იმ კონსტიტუციური და სამართლებრივი გარანტიებით, რომელიც გააჩნია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.