logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი: „პირველი სხივი“ მეორე სიცოცხლეს იწყებს
- +

3 ივლისი. 2020. 22:47

 

 

„პირველი სხივის“ მეორე სიცოცხლის პირველი დღისა.

 

3 ივლისს მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. თბილისის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უნივერსიტეტის მწერალთა წრის ალმანახის პირველი სხივის“ აღდგენა გადაწყვიტა და უნივერსიტეტში სხვადასხვა თაობის პირველსხიველები მიგვიწვია.

 

დიდად კი გავიხარე ამდენი ნაცნობ-მეგობრის ხილვით, მაგრამ, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რომ სტუმართა შორის არ იყო პირველსხიველთა სულ-სულ პირველი თაობის, დღეს ცოცხალი ერთადერთი წარმომადგენელი, პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე, რომელიც 6 ივლისს 94 წლისა ხდება, მაგრამ ისე მხნედაა, ბევრ მის სტუდენტს რომ შეშურდება!

 

ვისხედით უნივერსიტეტის ვეება ჭადრების ჩრდილში და მახსენდებოდა 24 წლის ზურაბ ჭუმბურიძის სიტყვები მისი ლექსიდან „შვიდი ჭადარი“:

 

შვიდი ამაყი ჭადარი, მკლავით მკლავს გადაჭდობილი,

 

მეცნიერების ტაძრის წინ დგას როგორც შვიდი ძმობილი.

 

მე მიყვარს მათი შრიალი, მათთან ფიქრების განდობა,

 

ისინი ლხენით უცქერენ ჩვენს წარმტაც ახალგაზრდობას...

 

ეს ლექსი ალმანახ „პირველი სხივის“ პირველსავე ნომერში დაიბეჭდა, რომელიც უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის ნიკო კეცხოველის თაოსნობით გამოიცა 1950 წელს.

 

დღეს ალმანახის ის ნომერი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. საკმაოდ იშვიათია მომდევნო ოთხი წიგნიც, რომლებიც 1951, 1952, 1954 და 1958 წლებში გამოიცა. „პირველი სხივის“ იმ წიგნებში შედგა ნოდარ დუმბაძის, რეზო ინანიშვილის, არჩილ სულაკაურის, თამაზ ჩხენკელის, ზურაბ კაკაბაძის, მაგალი თოდუას, მუხრან მაჭავარიანის, რევაზ ჯაფარიძის, ნოდარ ჩხეიძის, თამაზ და ოთარ ჭილაძეების, ვახტანგ ჯავახაძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილის, გივი გეგეჭკორის, ვახუშტი კოტეტიშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანის, ტარიელ ჭანტურიას, ლია სტურუას, რეზო ჭეიშვილის და ქართული მწერლობისა თუ მეცნიერების სხვა ბრწყინვალე წარმომადგენელთა ლიტერატურული დებიუტი. მომდევნო თაობებზე აღარაფერს ვამბობ. არც ჩემს თაობაზე და ჩემზე უმცროსებზე.

 

წლების განმავლობაში, როცა საკუთარი ნაწარმოებების ბეჭდვა ახალგაზრდებისთვის ისეთი ადვილი არ იყო, როგორიც დღესაა, „პირველი სხივი“ საიმედო დასაყრდენი და სამომავლო გზის განმსაზღვრელი იყო მათთვის, ჩვენთვის.

 

მე პირადად „პირველმა სხივმა“ სხვადასხვა წლებში საშუალება მომცა სხვადასხვა ჟანრში მომესინჯა თავი: მე აქ ლექსებიც დამიბეჭდავს, პოემაც, მოთხრობაც, რომანის ნაწყვეტიც, სამეცნიერო სტატიაც, თარგმანიც, პეროდიებიც... მე-9 და მე-10 ნომრების მომზადებაში კი თავადაც მივიღე აქტიური მონაწილეობა, როგორც სარედაქციო კოლეგიის წევრმა თუ პასუხისმგებელმა მდივანმა, რაკი იმ პერიოდში უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრის თავმჯდომარე ვიყავი.

 

დღემდე „პირველი სხივის“ 30 კრებულია გამოცემული. ბოლო, 30-ნომერი 2004 წელს გამოვიდა და შემდეგ მისი გამოცემა შეწყდა.

 

და აი, „პირველი სხივი“ მეორე სიცოცხლეს იწყებს. უნივერსიტეტმა ალმანახის რედაქტორობა მის თაობაში და არა მარტო მის თაობაში გამორჩეულ პოეტს, მთარგმნელსა და მეცნიერს გიორგი ლობჟანიძეს ანდო.

 

მრავალი წლის წინათ, სანამ გიორგი „პირველ სხივში“ რამეს დაბეჭდავდა კი არა, სანამ სკოლას დაამთავრებდა, მე საშუალება მომეცა მისი პირველი ლექსები გამომექვეყნებინა და პირველი წიგნის გამოცემაშიც დავხმარებოდი. ერთ მშვენიერ დღეს, იმხანად უკვე თეირანის უნივერსიტეტის ასპირანტი, მრავალმხრივ წელგამართული პოეტი და მეცნიერი მოდის და მეუბნება, რითი და როგორ უნდა გადაგიხადო ამაგიო. მე რა უნდა გადამიხადო-მეთქი, – ვუთხარი, – ახალგაზრდებს დაეხმარე, ვისაც შენი დახმარება დასჭირდება და ვისაც ამის ღირსად ჩათვლი, ჩემი ამაგის დაფასებაც ეგ იქნება-მეთქი.

 

ნეტა ყველამ ჩემი ყველა რჩევა ასე იღოს ყურთ, როგორც გიორგიმ ეს რჩევა მიიღო და გაითვალისწინა! ის დღემდეც მრავალ ახალგაზრდას დახმარებია, ბევრისთვის გაუკვალავს გზა და ახლა კიდევ ერთი ფართო ასპარეზი ეძლევა საამისოდ. დარწმუნებული ვარ, „პირველი სხივი“ გიორგი ლობჟანიძის ხელში არა მარტო მეორე სიცოცხლეს შეიძენს, თვისობრივადაც განახლდება და ახალი დროის ახალი მოთხოვნების კვალობაზე მყარ ასაფრენ ბილიკად იქცევა ქართველ ლიტერატორთა მომავალი თაობებისათვის.

 

განახლებული „პირველი სხივის“ პრეზენტაციაზე, რომელიც ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი, უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აქედანვე დაგვპატიჟა წინანდალში. შემდეგ ყველა სტუმარს უნივერსიტეტის ახალი გამოცემები დაგვირიგეს საჩუქრად. სწორედ ამ საჩუქრებით ხელდამშვენებულთ გადავუღე ეს ფოტო უნივერსიტეტის წინ სხვადასხვა თაობის პირველსხიველებს, დღევანდელი საქართველოს გამოჩინებულ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს –  კოტე ჯანდიერს, გიორგი ლობჟანიძეს, დათო მაღრაძესა და როსტომ ჩხეიძეს.

 

მერე როსტომმა თავისთან წამიყვანა და უნივერსიტეტის საჩუქარს თავისიც დაამატა. დაამატა კი არა, ორი ჩანთა წიგნებით დამტვირთა. სანამ მე ამ ორ ჩანთა წიგნებს წავიკითხავ, როსტომი, სულ ცოტა, ერთ ამდენს კიდევ დაწერს და კიდევ დამპატიჟებს წიგნებს გადმოსაცემად, ოღონდ დიდი ჩანთა წამოიღეო, წინასწარ მეტყვის. მამა-შვილი ჩხეიძეების წიგნები ისედაც ძლივს ეტეოდა ჩემს ბიბლიოზეუმში მათთვის გამოყოფილ თაროზე და ახლა დანამდვილებით ვიცი, ახალი თაროს დამატება მომიწევს.

 

ეს საჩუქრები დღეს კიდევ ერთმა წიგნმა დაამშვენა: გიორგი ლობჟანიძემ მის მიერ თარგმნილი ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევის“ პირველი წიგნი მაჩუქა სამახსოვრო წარწერით. ეს თარგმანი პანდემიისა და „დარჩისახლშის“ პერიოდში დაიბეჭდა, გამოსვლისთანავე საკმაოდ გახმაურდა და მომდევნო ტომების გამოსვლის შემდეგ, ეჭვი არ არის, ქართული თარგნილი ლიტერატურის ოქროს ფონდში დაიმკვიდრებს კუთვნილ ადგილს.

 

მე კი ახლა ამ შთანაწერს რომ დავამთავრებ, უნდა ავდგე და დღეს ნაჩუქარ წიგნებს სასწრაფოდ წასაკითხ წიგნთა ისედაც გრძელ რიგში თავ-თავისი ადგილი მივუჩინო.

 

საჩუქრის, მით უფრო – წიგნის, მიღება ძალიან მიყვარს, მაგრამ არანაკლებ მიყვარს საჩუქრის გაცემა, მით უფრო – წიგნის. „პირველი სხივის“ რედაქტორად მისი კურთხევის შემდეგ, გიორგი ლობჟანიძეს იქვე ვუთხარი და ახლა მინდა დავუდასტურო, რომ მისთვის და ძველი თუ მომავალი პირველსხიველებისთვის ამ მნიშვნელოვანი დღის სამახსოვროდ მე მას „პირველი სხივის“ პირველი ხუთი წიგნი უნდა ვაჩუქო ჩემი ბიბლიოზეუმიდან. ფოტოთი აქვე დავასპოილერებსავით, წიგნები კი, როცა უნდა და როცა მოიცლის, მოვიდეს და წაიღოს.

 

ამასობაში იქნებ მისი თხოვნაც შევასრულო და განახლებული „პირველი სხივის“ საკადრისი რამ მოვუმზადო დასაბეჭდად. ერთ საქმიან ლოზუნგს კი ამთავითვე შევთავაზებ: პირველსხიველებო ყველა თაობისა, შეერთდით!

 

ამავე დროს, როგორც ცოტა უფრო გამოცდილმა რედაქტორმა, მინდა ვუთხრა და ვურჩიო, რომ ჩემს ნებისმიერ ტექსტზე მეტად „პირველი სხივის“ რეინკარნაციას მისი დაბადების ერთადერთი ცოცხალი მოწმის ზურაბ ჭუმბურიძის მოგონება დაამშვენებს. ჩვენთვისაც და მომავალ პირველსხიველთათვისაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს, როგორ გაიხსენებს მხცოვანი მეცნიერი 70 წლის წინანდელ ამბებს.

 

იმედი მაქვს, ახალი რედაქტორი პირველ ყოვლისა სწორედ ზურაბ ჭუმბურიძეს მიიწვევს ავტორად და ალბათ ოქტომბერში წინანდალშიც დაპატიჟებს. მაშინ მართლა გაიდება თაობებს შორის ცოცხალი ხიდი, ალმანახის მეორე სიცოცხლეს სხვა ელვარება მიეცემა და ის ჩემი შეთავაზებული ლოზუნგიც სულ სხვაგვარად გაცოცხლდება.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner