logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: დღეს პროსპერ მერიმეს დაბადების დღეა!
- +

28 სექტემბერი. 2020. 14:54

 

 

„...ბიზე - კარმენი - პროსპერ მერიმე...

არ მეკიდება თვალზე მე რული.

რომ ყველა ლექსში მომსპე მერი მე,

ვარ ყველა ლექსით აღზევებული“.

 

დიდი გალაკტიონის ეს ლექსი ტყუილად როდი შეგახსენეთ - დღეს პროსპერ მერიმეს დაბადების დღეა, კაცისა, რომელიც იყო მწერალი, სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, მთარგმნელი და... მხატვარი, რაც ბევრმა არ იცის და მის ნამუშევრებსაც ცოტა ვინმე თუ იცნობს. ერთი სიტყვით, თქვენს წინაშეა ჭეშმარიტი შრომაჰოლიკი, რომელმაც 67 წელი იცოცხლა და დაგვიტოვა უამრავი ნოველა, დრამატული ნაწარმოები, არქეოლოგიური ნაშრომები და ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომელთაც თავისი განსაკუთრებული სტილი და გემოვნება დაატყო. მერიმეს ჰქონდა კიდევ ერთი, კაცისთვის აუცილებელი „თვისება“ - იგი ქალის სილამაზის უბადლო შემფასებელი იყო... თუმცა, მივყვეთ მოვლენების განვითარებას.

 

1803 წლის 28 სექტემბერს პარიზში დაიბადა უდიდესი ფრანგი ნოველისტი და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული შემოქმედი პროსპერ მერიმე, რომლის მშობლები მხატვრები იყვნენ. მამა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლის მდივანი იყო. ამასთან, მან გამოიგონა განსაკუთრებული სახეობის ზეთის საღებავი და ქაღალდის წარმოების ახალი მეთოდი. მშობლების წყალობით პროსპერს პატარაობიდანვე გაუჩნდა ხატვის სურვილი. საიმპერატორო ლიცეუმში მისი მასწავლებლებიც კი ხაზს უსვამდნენ ბიჭუნას უპირატეს ნიჭს ხატვის მიმართ.

 

მიუხედავად ზემოთქმულისა, პროსპერ მერიმე მწერალი გახდა, მაგრამ პირველი ნაწარმოებები თავისი სახელით არ გამოუქვეყნებია. მაგალითად, 22 წლის დამწყებმა მწერალმა გამოსცა დრამატული პიესების კრებული „კლარა გაზულის თეატრი“, რომელიც მის მიერ გამოგონილი მოხეტიალე ესპანელი მსახიობის ნაწარმოებად „გაასაღა“. ამას მოჰყვა მეორე კრებული „გიუზლა,...“, ანუ ლიტერატურული მისტიფიკაცია სლავური ფოლკლორის შესახებ, რომელსაც იმდენად დიდი წარმატება ხვდა, რომ „უცნობი“ მწერლის მიერ გადაგდებულ „ანკესს“ თვით ალექსანდრ პუშკინიც კი წამოეგო. ამ „გამოცდილების“ შემდგომ მერიმემ დაიწყო საკუთარი ნაწარმოებების საკუთარი სახელით გამოქვეყნება, რომელთაგან, დღეს, მხოლოდ რამდენიმეს გამოვყოფ.

 

ყველას წაგვიკითხავს პროსპერ მერიმეს ცნობილი ნოველა „მატეო ფალკონე“, სასტიკი ისტორია მამის მიერ ვაჟიშვილის უმოწყალოდ „დახვრეტის“ და ღირსების უპირატესობის შესახებ. ნიშანდობლივია, რომ ვაჟს, რომელმაც მათ სახლში დამალული ბანდიტი ვერცხლის საათში „გაცვალა“, ფორტუნატო, ანუ „იღბლიანი“ ერქვა...

 

1845 წელს პროსპერ მერიმემ დაწერა ნოველა ბასკი ხოსესა და ესპანელი ბოშა ქალის კარმენსიტას სიყვარულზე, რომლის მიხედვითაც ჟორჟ ბიზემ შექმნა ბალეტი „კარმენი“. ამბობენ, რომ ამ თემას მერიმე პუშკინის ცნობილი პოემის „ბოშები“-ს გავლენით შეეხო. მერიმე პუშკინის თანამედროვე იყო, თუმცა რუს გენიას პირადად არასოდეს შეხვედრია. იმასაც ამბობენ, რომ სხვა მრავალ ენასთან ერთად, მერიმემ პუშკინის „ხათრით“ რუსული ენაც შეისწავლა, რათა მისი ნაწარმოებები ორიგინალში წაეკითხა. მოგვიანებით მერიმემ ფრანგულად თარგმნა პუშკინის „ბოშები“ და „პიკის ქალი“, დაწერა მოგონებები ტურგენევსა და გოგოლზე, თარგმნა მისი „რევიზორი“, გამოაქვეყნა უამრავი სტატია რუსულ, ბერძნულ და იტალიურ კულტურასა და ისტორიაზე. ბარემ. აქვე გეტყვით, რომ სწორედ პუშკინის „ბოშებით“ შთაგონებულმა დაწერა თავისი პირველი ოპერა „ალეკო“ უდიდესმა რახმანინოვმა... ის კი არადა, დღესაც კი, კარმენის სახე, როგორც კულტურული სიმბოლო, ხელოვნების მრავალ დარგში გამოიყენება, მათ შორის პოპ-არტში, მოდაში და თუნდაც ყოფით ქცევებში... ამ ქალის სახელი ყველამ იცის, იმის მიუხედავად, მოსწონთ მათ მერიმე ან ბიზეს ოპერა, ან ბალეტი, თუ არა.

 

მიუხედავად იმისა, რომ პროსპერ მერიმემ ზედმიწევნით კარგად იცოდა ქალის „ფასი“, მის სასიყვარულო „სამკუთხედებზე“ და სამიჯნურო თავგადასავლებზე მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდგომ გახდა ცნობილი. მწერლის ტრფობის ობიექტებს შორის იყვნენ იმ დროისთვის ეგზომ ემანსიპირებული ქალბატონი, სახელგანთქმული ფრანგი მწერალი ჟორჟ სანდი, აგრეთვე ცნობილი ბანკირის მეუღლე ვალენტინა დელესერი, რომელთან რომანიც 20 წელს გაგრძელდა. ამის პარალელურად, მერიმეს ჰქონდა ფარული რომანი პოეტესსა ჟენი დაკენთან, რომელმაც სახელი მერიმეს წერილების გამოქვეყნებით გაითქვა... და მაინც...

 

მიუხედავად ზემოთქმულისა, პროსპერ მერიმე ნამდვილი მარტოსული იყო. მას არ ჰყავდა და-ძმა და ცოლ-შვილი. მამის სიკვდილის შემდეგ 15 წელი დედასთან ერთად იცხოვრა, მერე კი ისიც მოუკვდა. მისი უახლოესი მეგობარი იყო სტენდალი და ისიც 1842 წელს გარდაიცვალა. და...

 

უცებ გალაკტიონის ხმა ჩამესმა:

„...მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,

იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,

ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!“

 

1870 წელს, გერმანიის პირველი კანცლერის, ოტო ფონ ბისმარკის პროვოცირებით, დაიწყო ომი საფრანგეთსა და პრუსიას შორის. იმ დროს პროსპერ მერიმეს უკვე აწუხებდა ასთმა და გულის უკმარისობა. იგი კანში გაემგზავრა, ექიმს კი უთხრა, საფრანგეთი კვდება და მსურს, მეც მასთან ერთად მოვკვდეო.

 

1870 წლის 23 სექტემბერს, საკუთარ დაბადების დღემდე 5 დღით ადრე, 67 წლის პროსპერ მერიმე მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი ქალაქ კანის გრან-ჟას სასაფლაოზე დაიკრძალა. თითქმის იმავე პერიოდში პარიზში დაიწვა მწერლის არქივი და ბიბლიოთეკა, ხოლო რაც გადარჩა, მათ შორის მისი ნახატები, მოახლე ქალბატონმა მიითვისა და მოგვიანებით სარფიანადაც გაყიდა.

 

 

პროსპერ მერიმეს საფლავის ქვაზე დგას მარმარილოს გადაშლილი წიგნი, გადაფურჩქნული ვარდით, რომელზეც აწერია: „სიყვარულით და მობოდიშებით. ჟორჟ სანდი“, და... კვლავ გალაკტიონის საოცრება:

 

„...განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...

თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...

განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...

რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?...“

 

***

დღეს წარმოგიდგენთ პროსპერ მერიმეს ნამუშევრებს, რომლებიც ბევრისთვის იქნება სიურპრიზი. დაათვალიერეთ და ისიამოვნეთ ამ უნიჭიერესი ადამიანის შემოქმედებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner