logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: 21 აპრილიდან სურათი არ გამოსწორდება, ეს არის რეალისტური სამწუხარო ამბავი
- +

14 აპრილი. 2020. 10:44

 

 

საქართველოსა და მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ ვითარებაზე „რეპორტიორთან“ კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საუბრობს:

 

- ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრი რამდენიმე ნაწილად იყოფა: ერთი თვლის, რომ ეს არის ხელოვნური მოვლენა, ეყრდნობიან რა ისეთ მასალებს, როგორიცაა ადრინდელი განცხადებები, რის საფუძველზეც, თითქოს კორონავირუსის გავრცელებას ელოდნენ. მოგეხსენებათ, რომანიც კი არსებობს ამაზე ათეულობით წლის წინ დაწერილი. დასაფიქრებელია ასევე, ნოვოსიბირსკის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში გასული წლის ნოემბერში მომხდარი კატასტროფაც, რის შედეგადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდა მიმდებარე ქალაქებში და ამან ისე უხმაუროდ ჩაირა, როგორც რუსეთში სჩვევიათ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არის ციმბირი, სადაც ძალიან ბევრი ჩინელი ცხოვრობს და არ არის გამორიცხული, ეპიდემია მათ გადაეტანათ რუსეთიდან ჩინეთში. გარდა ამისა, არსებობს ვერსია იმის თაობაზე, რომ უხანში არსებული ბიოლოგიური ლაბორატორიიდან გავრცელდა ხელოვნურად ან ბუნებრივად ვირუსი.

 

საქმე ისაა, რომ ძალიან საეჭვოდ დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში, - ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საუბარი ჩინელებთან ამ თემატიკაზე. დააპატიმრეს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და ორი კანადელი მეცნიერი, თან ჩუმად მოხდა ეს ყველაფერი. თვითონ ჩინელებმა დააპატიმრეს რამდენიმე მეცნიერი, ბიოლოგი და ეპიდემიოლოგი, რომელიც ამ სადგურში მუშაობდა. ეს ინფორმაციის გაჟონვის გამო მოხდა თუ ბიოლოგიური მასალის გაჟონვის გამო, ჩვენთვის უცნობია და იმედია, მომავალში აეხდება ფარდა.

 

- წინ რთული პერიოდი გველოდება, მაგრამ იმედია, საქართველოს ხელისუფლება და სამედიცინო სექტორი საქმეს თავს ასეთივე წარმატებით გაართმევს, მაგრამ თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა პანდემიასთან ბრძოლაში? 

 

- კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში აღმოჩნდა ისეთი კრიზისმენეჯერი, როგორიც არის გიორგი გახარაია, რომელმაც მობილიზება მოახდინა სახელისუფლებო ძალებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყური უგდო მეცნიერთა რჩევებს. დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში ამ დარგის სპეციალისტებისადმი ყურის გდება უცხო ხილი იყო ყოველთვის.

 

90-იან წლებში, როდესაც „მოამბის“ მთავარი რედაქტორი ვიყავი, შიდსი იყო ძალიან აქტუალური თემა. თენგიზ ცერცვაძე კი იყო შიდსის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და მახსოვს, ყოველ მესამე დღეს მოდიოდა ჩემთან კაბინეტში, რათა საზოგადოებისთვის ეცნობებინა, თუ რა ტიპის ღონისძიებებს ატარებდა ლაბორატორია და როგორ უნდა დაეცვათ თავი ამ დაავადებისგან. იმ წლებში ვის ეცალა ამისთვის, მაგრამ ეს კაცი მაშინაც თავისი საქმის ფანატიკოსი იყო! ახლა კი, როდესაც თენგიზ ცერცვაძე დავინახე პირველად ეკრანზე, როცა გავიგე, რომ ხელისუფლება ყურს უგდებს ისეთ ადამიანებს, როგორებიც ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე და პაატა იმნაძე არიან, მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო ფორმატი შეიქმნა ხელისუფლებისა და მეცნიერების ურთიერთობის, სწორი ნაბიჯებია გადადგმული და საიმედო ხელში ვართ. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველო, თავისი მწირი ტექნოლოგიური რესურსით, წინ არის გარკვეულწილად, როგორც თავის სამეზობლოს, ასევე ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით.  

 

- ამბობენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაინფიცირებულთა რაოდენობას მალავენ და არც საკმარისი რესურსი აქვთ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად. როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების მიდგომას ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის მიმართ?

 

- რაოდენობას არ მალავენ, მაგრამ სპეციალისტები არა ჰყავთ. ახლა, როდესაც პრესაში დაიწყო ამაზე ფართო მსჯელობა, გულრიფშის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ზურაბ აჩბამ უზარმაზარი წერილი დაწერა სოციალურ ქსელში, სადაც ამბობს, რომ დაღუპულები ვართ, იმიტომ რომ არაფერი გვაქვს და არც არავინ გვყავსო. ერთადერთი ინფექციოლოგი ჰყავთ მთელ რეგიონში. ახლა რაღაც საავადმყოფოს მიაწერეს „ინფექციური“ და ვითომ ინფექციური საავადმყოფოა, მაგრამ სინამდვილეში არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. რუსეთი ვითომ ეხმარება და რაღაცეები გამოუგზავნა ამ ბოლო დროს, მაგრამ ამით მათი საჭიროებების უზრუნველყოფა ვერ ხერხდება.

 

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიდგომას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის მიმართ, ეს პრაგმატული მიდგომაა, რადგან თუ ახლავე არ დაეხმარე, ინფექცია რომ მოიცავს მთელ რეგიონს, შემდეგ რაც უნდა სანიტარული ღონისძიებები გაატარო, ვერაფერს უშველი. თავიდანვე, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ რუხის საავადმყოფოს აღჭურვა დაიწყო, გასაგები იყო, რომ ეს აფხაზეთისთვის კეთდებოდა, და ეს იყო ძალიან სწორი ნაბიჯი. ისინი ჯერჯერობით ღიად არ იღებენ ამ დახმარებას, თუმცა, ჩუმად უკვე დაიწყეს ლაპარაკი ამაზე და იკითხეს, თუ რა უნდა გააკეთონ. ხომ ხედავთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 30-მდე დაავადებულ ადამიანს მკურნალობენ უკვე ჩვენთან. მართალია, მათი ძირითადი ნაწილი გალელი ქართველია, მაგრამ ცოტა ხანში ნახავთ, რომ მათ სხვებიც მოჰყვებიან.

 

- მოსახლეობის ნაწილი ელოდება, რომ როცა საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ცხოვრება, თუმცა, დაავადების პიკი ჯერ კიდევ ახლა იწყება. თქვენი შეფასებით, სიტუაციის მართვის რა ეტაპზე იმყოფება ახლა ჩვენი ქვეყანა? 

 

- ახლა ჩვენ ვიმყოფებით საზოგადოებრივი კეთილგანწყობის პროცესში, ხელისუფლება დგამს სწორ ნაბიჯებს. ოპოზიციამაც შეცვალა ტონალობა, რადგან დაინახა, რომ ხელისუფლების კრიტიკა მათ წისქვილზე აღარ ასხამს წყალს. მათ ბევრი არასწორი ნაბიჯი გადადგეს ამ რთულ სიტუაციაში კი, მაგრამ გინახავთ ოდესმე, რომ ოპოზიციის ლიდერი გამოსულიყოს და ეთქვას, რომ შეცდომა დაუშვეს? - ახლა ნიკა მელია გამოვიდა და ზუგდიდთან დაკავშირებით თქვა ეს, რაც წარმოუდგენელია, მით უფრო ქართველი ოპოზიციური ლიდერისაგან.

 

თვალსაჩინო გახდა საზოგადოების კეთილგანწყობა და სოლიდარობა ერთმანეთის, ხელისუფლებისა თუ ექიმების მიმართ, რაც ძალიან მახარებს. ერთადერთი, ვფიქრობ, რომ მეტი რაოდენობის ტესტებია საჭირო, თუნდაც იმიტომ, რომ პანიკური მდგომარეობა მოიხსნას და სურათიც იყოს მეტად რეალისტური. თუმცა, ვშიშობ, რომ ეს კეთილგანწყობა ორიენტირებულია კონკრეტულ რიცხვზე, ესაა 21 აპრილი. 21 აპრილი, როცა თითქოს საგანგებო მდგომარეობა უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში, არის ერთგვარი ორიენტირი და საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ამ დღის შემდეგ აღდგება ის ცხოვრება, რაც იყო. ძალიან არ მინდა, რომ იმედგაცრუებული დავრჩეთ, მაგრამ  21 აპრილიდან სურათი არ გამოსწორდება, ეს არის რეალისტური სამწუხარო ამბავი და ამაში დამნაშავე ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ იქნება. ეს არის მოვლენების განვითარების ლოგიკა და კარგი იქნება, საზოგადოება შეეგუოს აზრს, რომ 21 აპრილის შემდეგ, შეიძლება მეორე „21 აპრილი“ დაიწყოს... გააჩნია, რა მასშტაბებით განვითარდება დაავადება.  

 

საქართველო მდიდარი ქვეყანა არ არის და ვერც ოქროს მთებს დადგამს, ისე, როგორც ზოგიერთი სხვა ქვეყანა, მაგალითად, საფრანგეთი და აშშ, რომელმაც 3000-3000 დოლარი დაურიგა თავის მოქალაქეებს.

 

მე უბრალოდ, ვცდილობ ვთქვა, რომ ქამრების შემოჭერის დრო გაგრძელდება, მაგარამ აქ ავადმყოფობაზე და პროდუქტის დეფიციტზე არ არის ლაპარაკი. დეფიციტი განპირობებული იქნება იმით, რომ ფულადი რესურსი აღარ იარსებებს, ხალხს გაუჭირდება და ამისათვის აუცილებელია გარკვეული სოციალური პროგრამების შექმნა, რადგან შეიძლება, უცებ ძალიან ბევრი მშიერი ადამიანი აღმოჩნდეს ქუჩაში, რომელსაც კორონავირუსი უკვე აღარ აინტერესებს. ეს არის საფიქრალი პირველ რიგში. მე ვიცი, რომ ჩვენი ხელისუფლება მუშაობს ამაზე, მაგრამ უფრო თამამი ნაბიჯებია საჭირო.

 

- ოდესმე ესეც გაივლის და იმედია, იმაზე მალე, ვიდრე ველოდებით, მაგრამ ეს ყველაფერი სავარაუდოდ, დიდწილად შეცვლის თითოეული სახელმწიფოსა თუ ადამიანის ცნობიერებას...

 

- მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანა, ისეთი აღარ იქნება, როგორიც ამ ვირუსამდე იყო. აბსოლუტურად სხვა რეალობას მივიღებთ, - ეკონომიკური სიმძიმის, მაგრამ საზოგადოებრივი კონსოლიდაციის რეალობას. დღეს განსაკუთერებით მწვავედ დგას შემდეგი საკითხი - ჩვენ ახლა ვიგრძენით, რომ სახელმწიფო გვაქვს და ეს განცდა უნდა შევინარჩუნოთ. ეს არის საზოგადოებისა და ხელისუფლების მთავარი ამოცანა.

 

ამერიკამ და ევროკავშირმა რაღაც თანხები გამოყვეს ჩვენს დასახმარებლად და კიდევ დაგვეხმარებიან, მაგრამ თუ პანდემია დროზე არ იქნა ლიკვიდირებული, რა რაოდენობის მატერიალურ თუ ფსიქოლოგიურ რესურსს წაიღებს, ვერც კი წარმოვიდგენთ. გარდა ამისა, თუ მსოფლიომ დროულად არ დაამარცხა ეს სენი და გარშემო ისევ იმძვინვარა, ჩვენ კუნძულივით ვერ ვიქნებით ამ სამყაროში.

 

ამიტომ, თავის დროზე, როდესაც ბენდუქიძისნაირი „გონიერი“ და „ჭკვიანი“ ადამიანი საქართველოს სოფლის მეურნეობას იდეოლოგიურად კლავდა და სხვა ჩინოვნიკები ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, კარგი იყო, გამოვფხიზლებულიყავით და სოფლის მეურნეობა გადაგვერჩინა. ახლა რომ ვთქვათ, რომ სოფლის მეურნეობას უნდა მივხედოთ, მოცემულ სიტუაციაში ამას ვერ მოვასწრებთ. ახლა ვლაპარაკობთ, რომ საწარმოები უნდა შეიქმნას ქვეყანაში და საქართველო მეწარმე კი არა, ინდუსტრიული ქვეყანა უნდა გახდეს, რადგან ამის რესურსიც გვაქვს, შანსიც და საშუალებაც, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში ესეც დაგვიანებულია. როცა ეს მძიმე დღეები ჩაივლის, აუცილებლად მოხდება ფასეულობებისა და გლობალური მიდგომების გადაფასება და იმედია, ჩვენს შეცდომებს გაკვეთილად გამოვიყენებთ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner