logo_geo
eng_logo
ზურაბ მჭედლიშვილი: არსებობს ბედნიერი წუთები, როდესაც გვინდება, რომ დრო სამუდამოდ გაჩერდეს...
- +

9 სექტემბერი. 2016. 12:00



ზურაბ მჭედლიშვილს საქართველოში არა მხოლოდ დიპლომატიურ წრეებში იცნობენ, არამედ თითქმის ყველა გლამურული წვეულების განსაკუთრებული სტუმარია, თბილისში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან მამაკაცად მიიჩნევენ, პრესა კი მისი ცხოვრებით ხშირად ინტერესდება. დახვეწილი, გემოვნებიანი და ერუდირებული დიპლომატი ამ ეტაპზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.

 

- როდის აირჩიეთ პროფესია და რა გარემოებებმა განაპირობა თქვენი არჩევანი?


- ვფიქრობ, ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - ცხოვრებისეული პრიორიტეტი განათლება და განვითარება ყოფილიყო, პირველ რიგში, ოჯახური ტრადიციების დამსახურებაა. ჩემს ოჯახში პატივს სცემდნენ განათლებას და ჩვენც ასე აღგვზარდეს. პატარაობიდანვე მომწონდა მხატვრული ლიტერატურის კითხვა, მაინტერესებდა მსოფლიო ხალხთა ისტორია. სწორედ ამ გარემოებებმა მომცა ორიენტირი, პროფესიის არჩევანზე მკაფიოდ ჩამოვყალიბებულიყავი, რაც შემდგომ დამეხმარა, განათლება საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებსა და უმაღლეს დიპლომატიურ აკადემიებში მიმეღო.


ვთვლი, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ, ვინაიდან ჩემი პროფესია ძალიან საინტერესოა. მუშაობის პერიოდში დიდი გამოცდილება მივიღე, საინტერესო ადამიანებს შევხვდი, ბევრი მეგობარი შევიძინე, აკრედიტაციის ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების შესახებ მეტი გავიგე. ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია, შენი ქვეყანა უცხოეთში წარადგინო და ამით იამაყო.

 

- უმეტესად თქვენივე პროფესიის ადამიანებთან გიწევთ მეგობრობა?


- რა თქმა უნდა. მუშაობის პერიოდში ჩემივე პროფესიის ადამიანებთან ბევრ დროს ვატარებ. თუმცა ჩემთვის მეგობრობა აუცილებლად პროფესიას არ უკავშირდება. მეგობარი ის ადამიანია, ვინც გიცნობს, უყვარხარ და შენს თვალებში ყველაფერს ხედავს. ვცდილობ, მეგობრად ისეთი პიროვნება მყავდეს, ვინც თავს კომფორტულად და კარგად მაგრძნობინებს და მეც, ანალოგიურად, მსგავსი ემოცია უნდა გავცე; მივიღო ან მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ - ჩემი სიხარულით ან პრობლემებით. ჰაბარდის გამონათქვამი მიყვარს: „მეგობარი ის ადამიანია, ვინც შენ შესახებ ყველაფერი იცის და მაინც უყვარხარ". თუკი არ შეიცვლები, მართალი ხალხი ისეთს შეგიყვარებს, როგორიც ხარ. ამიტომ, ჩემს სამეგობროში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, რომლებსაც უანგაროდ ვუყვარვარ და ბედნიერს მხდიან.


- რა არის თქვენთვის ბედნიერება?


- ბედნიერება პირობითი ცნებაა, რომლის შეგრძნება დიდ სიხარულს ითვალისწინებს, ადამიანის უმაღლესი მდგომარეობა კი საკუთარი ცხოვრების კმაყოფილებით წარმოისახება. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ადამიანის ბედნიერება არავითარ კავშირში არ არის მის სქესთან, ასაკთან, განათლებასთან, გარეგნობასა და რეალიზებულობასთან; ის პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული საერთო, ზოგად წარმატებასთან სიყვარულში, შემოქმედებასა თუ სამსახურებრივ წინსვლაში. ყოველი ინდივიდის ქმედებას საფუძველში, გარკვეულწილად, ბედნიერებისაკენ სწრაფვა უდევს.


ჩემი აზრით, ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია სხვა ადამიანის ქმედებით მიღებული ბედნიერების გულშემატკივარი იყო და ეს თავადაც გიხაროდეს.


- თუ ოდესმე ხელოვნური ინტელექტის ეპოქა დადგება, რა ადამიანური თვისებები არ ექნებათ ან ვერ ექნებათ ჩვენს კლონებს?


- ცნობილი მეცნიერი ჯონ მაკარტნი ჯერ კიდევ 50-იან წლებში ამტკიცებდა, რომ კაცობრიობის განვითარება ხელოვნური ინტელექტის შექმნამდე მივა - გულისხმობდა პროგრამას თუ კომპიუტერს, რომელიც ზუსტად ადამიანის ანალოგიურ ინტელექტუალურ ფუნქციას შეასრულებდა. რთულია, ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელ პირობებში ეს თეორია არ დაიჯერო, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი მეცნიერების დარგიცაა, რომელიც პროგრამირებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების საკითხებს იკვლევს.



21-ე საუკუნის დასაწყისი სენსაციური ცნობით პირველი კლონირებული ბავშვის შესახებ აღინიშნა. ზოგი კლონირებას მიესალმება, სხვებს კი შემაშფოთებლად მიაჩნიათ, მაგრამ ნათელია, რომ ეს ფანტასტიკა არ არის, რეალობა და მომავალია! მას ვერსად გავექცევით. თუმცა, ჩემი აზრით, ფაქტი ერთია: კლონი ვერასოდეს შეძლებს შეიგრძნოს და განიცადოს სიყვარული ისე, როგორც ეს ადამიანს შეუძლია.


- როგორ ფიქრობთ, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ადამიანების ინტელექტი იზრდება თუ იკლებს?


- რა თქმა უნდა, იზრდება. უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში ვიმყოფებით და შესაბამისად, ყოველდღიური ცხოვრება თავიდან ბოლომდე იმ მოთხოვნებზე ადაპტირდება, რომლებსაც დრო გვკარნახობს. შესაძლებელია, ადამიანის ინტელექტი იმავე ზომის ინფორმაციას, რასაც ტექნოლოგიების გარეშე ახერხებდა, ნაკლებად იმახსოვრებდეს, თუმცა ესაჭიროება, იმ ელექტრონული მოწყობილობის შესახებ მეტი იცოდეს, რომლებიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება - მობილური ტელეფონი, კომპიუტერი თუ სხვა.


- გარკვეულწილად, თანამედროვე და წარმატებული ადამიანი ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული?

 

- მთავარია, რეალურ ცხოვრებაში ტექნოლოგიების მნიშვნელობა სწორად და მიზანმიმართულად გაიაზრო. სამწუხაროა, როდესაც კაფეში ან რესტორანში ლამაზ წყვილს ხედავ და ისინი მხოლოდ მობილური ტელეფონით არიან დაკავებული. ამ დროს უფრო მნიშვნელოვანია, საინტერესო თემებზე ისაუბრო, სპეციალურად შენთვის დამზადებული გემრიელი კერძებითა და ერთი ჭიქა ღვინით ისიამოვნო, გარემოთი დატკბე და უბრალოდ დაისვენო. 21-ე საუკუნის თანამედროვე და წარმატებულ და მამაკაცს უნდა შეეძლოს, ტექნოლოგიები დაიმორჩილოს და არა პირიქით.


- გაქვთ თუ არა რაიმე ამოჩემებული აქსესუარი ან ნივთი, რომელსაც ყველგან თან ატარებთ?


- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრი აქსესუარი და ნივთი მესაჭიროება. აღარ ჩამოვთვლი ტრადიციულ ნაკრებს, რომელსაც ყველა საქმიანი ადამიანი ყოველდღიურად მოიხმარს, თუმცა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ ამ აქსესუარების ვიზუალურ და ესთეტიკურ მხარეს ვანიჭებ, რაც შემდგომ გარეგნული იმიჯის განუყოფელი ნაწილი ხდება.

 

- რომელია თქვენი საყვარელი ტანსაცმლის, სუნამოს და აქსესუარების ბრენდი?


- ჩემთვის საყვარელი ტანსაცმელი კომფორტისა და ელეგანტურობის სინთეზს ნიშნავს. ამოჩემებული ტანსაცმლის დიზაინერი არ მყავს, თუმცა გარდერობში როგორც უცხოელი, ასევე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ტანსაცმელი მაქვს (განწყობისა და ხასიათის მიხედვით). რაც შეეხება სუნამოს ან აქსესუარს, ვცდილობ სეზონს და იმ სიტუაციას მოვერგო, სადაც ვიმყოფები. შეძლებისდაგვარად, ტენდენციებს და შემოთავაზებებსაც ვითვალისწინებ, რომლებიც მოცემული პერიოდისთვისაა აქტუალური.

 

- რომელი ლიტერატურული პერსონაჟი ან ფილმის გმირია თქვენს ხასიათთან ახლოს?


- საინტერესო კითხვაა... ამაზე არასოდეს მიფიქრია. თუმცაღა, წარმოუდგენელია, კარგმა ფილმმა ან ლიტერატურულმა ნაწარმოებმა ნამდვილად გაგიტაცოს, თუ მისი რომელიმე გმირის ხასიათი შენთან ახლოს არ არის (ძირითადად, მთავარი გმირის სახით). არის შემთხვევები, როდესაც პირველი გვერდიდან შენსა და გმირს შორის ახლო კავშირი მყარდება. ეს განწყობისა და დროის სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება -ზოგჯერ კომედიურ ჟანრში ყოფნა მოგწონს, ზოგჯერ კი შენს პიროვნებასთან რომანტიკული პერსონაჟები ან მსოფლიოს გადამრჩენი გმირები ასოცირდებიან.


საერთოდ, უფრო მეტად ისტორიული ნაწარმოებები მიზიდავს. მომწონს შავ-თეთრი კინო. ამ ეპოქის გმირები ყველაზე მეტად ახლოს არიან ჩემთან. თუ ხმამაღალი განაცხადი არ იქნება, ჩემი პერსონაჟი, ალბათ, ფრენსის სკოტ ფიტცჯერალდის დიდი გეტსბია. ის დღევანდელი დღით ცხოვრობს და ბევრს შრომობს, რათა მეგობრების წრეში დრო ლამაზად გაატაროს, იყოს ქველმოქმედი, ბევრი კეთილი საქმე აკეთოს, უყვარდეს და თვითონაც ყურადღების ცენტრში ექცეოდეს.


- და სად ატარებს თავისუფალ დროს „ქართველი გეტსბი"?


- სამწუხაროდ, სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დასვენება ჯანსაღი ცხოვრების წესს უკავშირდებოდეს. ვცდილობ, თავისუფალი დრო ვარჯიშს დავუთმო, ამიტომ ხშირად სპორტულ დარბაზს და საცურაო აუზს ვსტუმრობ. მიმაჩნია, რომ მოწესრიგებული უნდა ვიყო და ჩემი გარეგნული იერსახე შეესაბამებოდეს იმ საქმიანობას, რომელსაც ვეწევი. თავისუფალ დროს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის, ქალაქგარეთ ვატარებ. მიყვარს ბუნებაში ყოფნა, მოგზაურობა, ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები.

 

- როდის გადის თქვენთვის ყველაზე სწრაფად დრო?


- დრო სამყაროს ერთ-ერთი ამოუცნობი და ამავდროულად ზუსტი მოვლენაა. ის ზოგჯერ ჩერდება და ზოგჯერ სწრაფად გარბის... დროის აჩქარების ფენომენი საზოგადოებამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად იგრძნო, 21-ე საუკუნის ადამიანისათვის დრო დეფიციტური გახდა. როგორც ჩანს, მისი აჩქარება სამყაროს განვითარების კანონზომიერი ნაწი­ლია -  ადამიანებს ბოლო პერიოდში ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ დრო გაცილებით სწრაფად გადის, რეალურად კი მოვლენებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, რაც ინფორმაციის ნაკადის მოზღვავებით არის განპირობებული.


ყველაზე მნიშვნელოვანია, დრო ისე გამოიყენო, რომ თითოეული წუთი (გინდ სწრაფი და გინდ ნელი ტემპით) პროდუქტიულად მოიხმარო. ბედნიერებაა, თუკი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე უკან მოხედვისას მიხვდები, რომ დრო ტყუილად არ დაგიკარგავს და ყოველი ახალი დღე შედეგიანი იყო. სწორედ ამიტომ არსებობს ბედნიერი წუთები, როდესაც გვინდება, რომ დრო სამუდამოდ გაჩერდეს...

 

- ბოლო დროს საქართველოში რომელმა სპექტაკლმა მოგხიბლათ?


- ზოგადად, ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრი საინტერესო წარმოდგენა, თეატრალური ფესტივალი და საერთაშორისო ვარსკვლავების კონცერტები იმართება, რაც ძალიან მახარებს.


მიყვარს თეატრი და ზოგადად კულტურული ცხოვრებით დაინტერესებული ვარ. ვცდილობ, ყოველთვის ამ მოვლენების საქმის კურსში ვიყო. ბოლო დროს, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებიდან განსაკუთრებით „სამოსელი პირველის" დადგმა მომეწონა. ჩემთვის ეს ექსპერიმენტი გამართლებულია, რადგან ლიტერატურული ნაწარმოებიდან დაწყებული, წარმოდგენით დასრულებული, ყველაფერი ქართული და ინოვაციური იყო - სწორედ ამ თვალსაზრისით აღმოჩნდა ჩემთვის საინტერესო.


- შეგიძლიათ დაასახელოთ ქართველი ხელოვანები, რომლებსაც მიგაჩნიათ რომ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების პერსპექტივა აქვთ?


- საქართველოსთვის კულტურა ყოველთვის პრიორიტეტული იყო. დღესაც უამრავი მსოფლიო დონის ხელოვანი გვყავს. ალბათ, ჩვენი ნიჭი საზღვრებს გარეშეა. მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე მღერიან ნინო სურგულაძე, ანიტა რაჭველიშვილი, გიორგი გაგნიძე, ნინო მაჩაიძე და კიდევ ბევრი სხვა. ასევე, მრავალი მხატვარი თუ მოქანდაკე გვყავს, რომლებიც საზღვრებს გარეთ წარმატებულ გამოფენებს აწყობენ, თეატრალური დასები და მოცეკვავეები კი შთამბეჭდავ გასტროლებს ახორციელებენ. კონკრეტულად ვერავის გამოვყოფ, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან საამაყოა.

 

- რა კომპონენტის განვითარება სჭირდება საქართველოს, როგორც ტურიზმის თვალსაზრისით მიმზიდველ ლოკაციას?


- ისევ და ისევ, კულტურის მხარდაჭერა. ეს ის სფეროა, რომელშიც კონკურენციას ნებისმიერ ქვეყანას გავუწევთ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებს განსაკუთრებული პატრონაჟი სჭირდებათ და ასეთ შემთხვევაში, ჩამოსულ ტურისტს მეტი ინტერესი ექნება.

 

- შეგიძლიათ თბილისის რამდენიმე ადგილი დაასახელოთ, რომლებიც თქვენ აღმოჩენას წარმოადგენს და სტუმრებს იქ სიამოვნებით პატიჟებთ?


- მე საქართველოს და თბილისის პატრიოტი ვარ. ამიტომაც, განსაკუთრებით მიყვარს სტუმრების მიღება და გამასპინძლება, ასეთ დროს ძალიან ამაყი ვარ. ჩვენს ქალაქს უდიდესი ისტორია აქვს და ამდენად, ერთი ადგილის გამოყოფა მიჭირს. რაც შეეხება ახალგახსნილ ობიექტებს, ბოლო დროს თბილისის ზღვის იახტკლუბსა და რესტორან „ლა კოტეს" ვსტუმრობ ხოლმე, იქაური გარემო ძალიან მომწონს, დაძაბული სამუშაო გრაფიკის პირობებში იქ განტვირთვის კარგი საშუალება მეძლევა.


თავად ძველ თბილისში დავიბადე, წმინდა სამების ეკლესიასთან, ტრადიციულ თბილისურ ოჯახში. ამიტომ, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ჩემთვის ყველა კუთხე ნაცნობია, ყველა ადგილი გამორჩეული და საყვარელია. ამ ქალაქის ნაწილი ვარ - ქალაქის, რომელიც ბავშვობაში მონაყოლ ზღაპარს ჰგავს, რომელიც მუდამ გვახსოვს და ჩვენს გულებში ვინახავთ.



 წყარო: ბომონდი


 

right_banner
არქივი
right_banner