logo_geo
eng_logo
ილია მეორე: შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიყვარული და მთლიანობა საქართველოისა
- +

14 ოქტომბერი. 2018. 13:57

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

 

„დღეს არის უდიდესი ჩვენი ეროვნული დღესასწაული მცხეთობა, სვეტიცხოვლობა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული და მწუხარება შეენაცვლებიან ერთმანეთს როგორც ტყუპი ძმები. ბევრი რამ უნახავს სვეტიცხოველსა და მცხეთას, კარგი და მძიმე. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მთლიანობა საქართველოისა. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, ქართველმა ადამიანმა რომ აიღოს ხელში მიწა და გამოწველოს, მოწამეების სისხლი გამოედინება მას, მაგრამ ამავე დროს, ვიცით, რომ დიდი მადლი ტრიალებს ამ წმინდა ადგილზე. მეფის, პატრიარქებისა და ეპისკოპოსების კურთხევა სვეტიცხოველში ხდებოდა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

 

მცხეთა განსაკუთრებული ქალაქი და ადგილია. ქრისტეს შობამდე, ექვსი საუკუნით ადრე ჩამოტანილი იყო ​ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს დაიწყო ურთიერთობა ებრაელებსა და ქართველებს შორის. გაცილებით ადრე დაიწყო. შემთხვევით არ არის, რომ ჩამოტანილი იყო კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ისიც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ყველაფერი მეტყველებს – სიწმინდეების ჩამობრძანება, რომ მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანსა ვცემთ ამ წმინდა ადგილს. გარდაცვალების წინ მეფე მირიანმა უარი თქვა, ამ ადგილას დასაფლავებულიყო. თავს უღირსად თვლიდა, რომ აქ დაეკრძალათ და დაიკრძალა სამეფო ბაღში, სადაც არის სამთავროს დედათა მონასტერი. ბედნიერი ვართ, რომ ღმერთმა გვიბოძა ეს სამშობლო.

 

მოხარული ვართ, რომ ამ ბედნიერ დღეს ესწრებიან  საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და სხვა თანამდებობის პირები. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და მადლი უფლისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს“, – განაცხადა ილია მეორემ.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დავით აღმაშენებლის ხატი, ხოლო თბილისის მერს, კახა კალაძეს თამარ მეფის ხატი გადასცა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner