logo_geo
eng_logo
„ფრთიანი ანგელოზები“ „ნაცმოძრაობის“ „სათნოების სახლიდან“
- +

22 სექტემბერი. 2017. 13:12


„ფრთიანი ანგელოზები" „ნაცმოძრაობის" „სათნოების სახლიდან" - მელიები, ბარამიძეები, ხაბეიშვილები, უდუმაშვილები და ძმანი და დანი მათნი ბანკ „ქართუს" მიეჭრნენ და სულ „ბოროტების სასახლე" ეძახეს, სადაც თურმე ბიძინა ივანიშვილი შავ ფულს რეცხავს 24 საათის განმავლობაში და მერე გარეცხილ-გაქათქათებულ ფულს „ცუდი საქმეებისთვის" იყენებს.


- აგერ გვაქვს დოკუმენტებიო, - ყვიროდნენ „ფრთიანი ანგელოზები" და რაღაც ფურცლებს აფრიალებდნენ, რომლებზეც არავინ იცის, რა ეწერა.


ნამდვილი ფარსი, ნამდვილი კომედია იყო ის, რასაც „ნაცები" ბანკი „ქართუს" შენობასთან აკეთებდნენ, თუმცა ამ ფარსს და კომედიას მათ ენაზე აქცია ერქვა და მათი ჯიბის ტელევიზია „რუსთავი 2" ამ უმსგავსობას პირდაპირ ღია ეთერში გადასცემდა.


ყველა იმ დემაგოგიურ ბრალდებას, რასაც ნაცები ასე ომახიანად აცხადებდნენ, დიდი ხანია დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი გაეცა, თუმცა „ნაცმოძრაობას" ეს ნაკლებად აინტერესებდა - მათ თვითმიზნად ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა და მისთვის ტალახის სროლა ჰქონდათ დასახული და ამ „პოლიტიკური" ამოცანის შესასრულებლად იყვნენ ჭავჭავაძის 39-ში მიხეტებულნი.


ამ შენობაში, რომელსაც „ნაცები" ბოროტების სასახლეს ეძახდნენ, ბანკი „ქართუსთან" ერთად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" არის დაბინავებული, საიდანაც ქველმოქმედების სახით ორ მილიარდზე მეტია გაცემული უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო პროექტების, ეკლესიების, თეატრების, სპორტული კომპლექსების, სხვადასხვა ობიექტების დასაფინანსებლად.


არაფერს ვამბობთ იმ სტიპენდიებზე, რომლებსაც ფონდი „ქართუ" დაფუძნების დღიდან გასცემს და რომელიც ჯამში კოლოსალურ თანხებს შეადგენს.


ყოველივე ამის შემდეგ რა სინდისით და რა ნამუსით უწოდებთ ამ შენობას „ბოროტების სასახლეს", თქვე მართლა ბოროტო და ფარისეველო ნაცებო?


ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთოდ როგორ ბედავთ თქვენ შავ ფულზე, ბიზნესის შევიწროებაზე, ბიუჯეტის ძარცვაზე ლაპარაკს, ნაცებო, როცა თქვენ მთელი ცხრა წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეებით იყავით დაკავებული და იმდენი საშინელება გაქვთ ჩადენილი, იმდენი ცოდვა გაქვთ წამოკიდებული, ცხრა პარტიას ეყოფა საზიდად.


რა შავ ფულზე ლაპარაკობთ თქვენ, თქვე მართლა შავებო და ბნელებო, ჯოჯოხეთის კუპრში რომ უნდა იწვოდეთ და ამ დროს პარლამენტში ზიხართ, მიტინგებს მართავთ და მორალს გვიკითხავთ.


თუმცა სიმართლეს თუ გავუსწორებთ თვალს, მთლად თქვენი ბრალი არ არის ის, რასაც თქვენ ბედავთ.


თავმოყვარე ერი თქვენ კარგა ხნის წინათ მიგიჩენდათ იმ ადგილს, რომელსაც იმსახურებთ, მაგრამ ეს არ მოხდა და შედეგიც სახეზეა.


თქვენ თქვენი ნაავკაცარიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეთ, გვამები დაახვავეთ, სისხლის ტბები დააყენეთ, ქვეყანა გაძარცვეთ და დააყაჩაღეთ, უდანაშაულო ადამიანები გააუბედურეთ, ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგეთ, მაგრამ დღემდე არაფერი გინანიათ, რაც იმის დასტურია, რომ არც მომავალში მოისვენებთ თქვენ, სანამ ქვეყანას ახალ უბედურებას არ დაატეხთ თავს.


რა ვქნათ ახლა ჩვენ, გულხელდაკრეფილი გიყუროთ და მშვიდად დაველოდოთ იმ საბედისწერო დღეს, როცა დიდ პროვოკაციას მოგვიწყობთ და ქვეყანას შეიწირავთ?


დიდი გაშიფვრა არ სჭირდება იმის გამოცნობას, რატომ უტევთ თქვენ მაინცდამაინც ბანკ „ქართუს" და არა უცხოური კაპიტალით დაფინანსებულ სხვა ბანკებს, რატომ უტევთ მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილს და არა სხვა საკმაოდ მდიდარ ადამიანებს.


იმიტომ აკეთებთ ამას, რომ იცით, დღეს საქართველოს ბედი ამ კაცის სახელთან, მის ბედთან არის დაკავშირებული.


თუ ივანიშვილს გაინაპირებთ, მერე ამ ქვეყნასაც ადვილად მოღუნავთ, ადვილად გადატეხთ ხერხემალში, ადვილად გადათელავთ და გადაუვლით, როგორც ეს არაერთხელ გაგიკეთებიათ.


ამასობაში კი შეიძლება თქვენი მოხეტიალე ბელადიც მოადგეს ქვეყნის საზღვრებს და აი, მაშინ იხუვლებთ და კვლავ დააპირებთ ქვეყნის დაპყრობას (თქვენ ხომ შინაური დამპყრობლები ხართ, შინაური ოკუპანტები).


თუ ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს, როგორც ქვეყნის სტაბილურობის ერთადერთ გარანტს, ვერ დაიცავს, მაშინ ის ვერც საქართველოს და ვერც საკუთარ თავს ვერ დაიცავს მოსალოდნელი კატასტროფისგან.


არის ასეთი პარტია - „ქართული ოცნება".


მიკვირს, ძალიან მიკვირს, როცა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები, მისი საპარლამენტო უმრავლესობა, რამდენიმე დეპუტატის გარდა, მშვიდად და აუმღვრევლად უსმენს და უყურებს, როგორ ლანძღავენ და უტევენ კაცს, რომელმაც ეს ორგანიზაცია დააფუძნა და რომლის წყალობითაც ზოგი პარლამენტში მოხვდა, ზოგი მთავრობაში, ზოგი სხვადასხვა თბილ სავარძლებში ჩასკუპდა.


მიკვირს, ძალიან მიკვირს, რატომ არავინ იღებს ხმას და რატომ არავინ სცემს საკადრის პასუხს ამ აბოჟირებულ ცილისმწამებლებს და პროვოკატორებს?


არ გეხებათ თქვენ ეს ამბავი, თუ რაშია საქმე, ბატონებო?!



ვახტანგ ხარჩილავა


 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner