logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: „ოქუაშვილი ფიქჩერს“: ახალი სერიალი, ახლა უკვე ჩემი, ანუ ნუგზარ ფოფხაძის მონაწილეობით!
- +

4 ოქტომბერი. 2018. 14:39

 

 

 

 

ჯერ უახლესი ჩანაწერები:

 

წუხანდელი:

ბაკურ სვანიძე - ამ სახლში გაქვთ თქვენ საიდუმლო „შტაბკვარწირა“ და მანდ იგონებთ ხოლმე სცენარებს „ოცნებისთვის“ და ლევან ყიფიანისთვის ხო? (ნატო ჩხეიძემ თქვა ეს დღეს);

 

ნუგზარ ფოფხაძე -  კიდევ ერთმა გენიოსმა ავადმყოფმა... ყიფო ჩემი ახლობელია, ქართული ლეგენდის დათო ყიფიანის შვილი. ვგულშემატკივრობ და არ მინდა, ვინმე არამზადამ გათელოს. უფრო დაწვრილებით მერე მოგწერ.

 

ბაკურ სვანიძე: მგონია, რომ ყველა ვგულშემატკივრობთ... მგონია....

 

ახლა, ამდილანდელი:

ვახო ხუზმიაშვილი - მეზობლები ადასტურებენ, რომ ლევანა ყიფიანი ნუგზარ ფოფხაძესთან დაიარებოდა ეს დღეები. დანარჩენი 2 საათზე ახალ ამბებში. ისე, ლევან ყიფიანი „იბერიას“ ჩაბარებას ფოფხაძისთვის ითხოვდა.

 

********************************************

 

 

ჩემო მეგობრებო, ერთი სიტყვით, იძულებული ვარ, გაცნობოთ: ხ ა თ ა ბ ა ლ ა არ მშორდება!

 

ტრადიციულად - ეგზალტირებული ქალბატონები...

ტრადიციულად - ჭორიკანა „ჟურნალისტები“ და მათი უვიცი დამკვალიანებლები...

ბოდვა... ბოდვა... ბოდვა!!!!!

 

ხან სუს-ის „კონსულტანტი“ ვარ და ხან ივანიშვილის კარის „ბანდის“...

 

ჩემი „ბებრული ფანტაზიებით ვმართავ“ „ქოცების“ და ხელისუფლების „პიარს“; დაღუპვისკენ მივაქანებ მათ (არადა, თუ ასეა, უნდა უხაროდეთ ამ იდიოტებს); პასტერის ქუჩაზე, ჩემთან, თურმე, დადის მთელი მთავრობა, მთელი სუს-ი... თანაც ასახელებენ გვარებს, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ერთხელაც(!) არამცთუ შევხვედრილვარ, არამცთუ მისაუბრია, ვერცერთს ვერ ვიცნობ, ქუჩაში ან სადმე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე რომ შევხვდე...

 

ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ კლასიკოსის (კლასიკოსების შვილებში კი მართლაც ბედი მაქვს) თხოვნით შევხვდი მის შვილს, რომელმაც მაღალჩინოსანი სტუმარი მომიყვანა, შვილმა ჩვენი საუბარი მალულად ჩაიწერა და ატყდა მაგრამ რა ატყდა... ამის მერე, რა თქმა უნდა ჭკუა ვისწავლე: ყველა მოსულ უცხოს თუ ნაცნობს ვაფრთხილებ, რომ „ფარული ჩაწერა“ მავნეა ჯანმრთელობისთვის...

 

აღარაფერს ვამბობ ეთიოპიის, მოსადის და „ცე-რე-უს“ აგენტობაზე, მით უმეტეს, „გრუ“-ს ბებერ გენერლობაზე“ და რუსეთის რეზიდენტობაზე... ეს ერთობ ძველია და ამ უმადურებმა აგენტთა პირველი სამეულიდან 87-ე ადგილზე გადამაბრძანეს... ასეა, დრონი მეფობენ და არა მეფენიო...

 

ახალი ინტონაციებიც გაჩნდა გუშინდელი საღამოდან, მას შემდეგ რაც „საუკუნის მორიგი სკანდალის“ ერთ-ერთი ფიგურანტი ლევან ყიფიანი სასამართლოზე დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და... გასამმაგებული ძალით ჩაირთო „დეზერტირების ბაზრის ახალი ამბების სააგენტო“:

 

აქამდე დღეგრძელი დიდი რეზო გაბრიაძე, განსვენებული და ყველასგან გამორჩეული სულიკო ჟღენტი და, ასევე, ზეციურ საქართველოში აბრძანებული დიდი მწერალი რეზო ჭეიშვილი ითვლებოდნენ დიდ სცენარისტებად. ახლა, ამათ გვერდით გამორჩეულ „სცენარისტად“ მეც მასახელებენ ეს ნამეტნავად წიგნიერი და ოჯახში გაზრდილი „ტიპები“ (მათ შორის, ერთ-ერთი ისევ კლასიკოსის(!!!!)ოჯახიდანაა)

 

ამ დოქსოპულოებს რომ დედა არ ჰყავთ, ეს ჩანს მათ მეტისმეტად კულტურულ მოქმედებაში, მაგრამ პროფესიული ეთიკის ნორმები მაინც ვერ ისწავლეს იმ დიპლომების გამცემ სასწავლებლებში? კაცს რომ დილით ადგომა უნდა აცალო, სახლში გადამღები ჯგუფი ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაუფრთხილებლად თავზე არ უნდა დააყენო და ააწიოკო, ეს ჩემმა 9 წლის შვილიშვილმაც კი იცის, არამცთუ მეორე თუ მესამე „მთავარი“ ტელევიზიის შეფმა..

 

მეზობლებზე აპელირება რაში გჭირდებათ, თქვე ნამეტნავად „ინფორმირებულებო“, იმის თაობაზე, რომ ბოლო დღეებში, თურმე, ლევან ყიფიანი რამდენჯერმე მსტუმრობდა... „რამდენჯერმე“ კი არა, 47 წელი, მას შემდეგ, რაც ფეხი აიდგა, თუ ყოველდღეა არა, კვირაში ერთხელ მაინც არის ნამყოფი თავისი დეიდის, ბიძის, ბიძაშვილების, მამამისის უახლოესი მეგობრის და ქვისლის სახლში. ერთ „საიდუმლოსაც“ გაგიმხელთ: როცა ცოლი მოჰყავდა, მამამისი ვერ ახერხებდა საზღვარგარეთიდან ჩამოსვლას და მის მაგივრობას ნიშნობის პროცედურებისას ვეწეოდი. და ჩვენი ოჯახების ახლობლობა ნახევარმა თბილისმა იცის და, ეტყობა, გორამდე ამ ამბავს არ ჩამოუღწევია.

 

და მერე რა, რომ ჩვენთან დადიოდა? აბა, სად უნდა წასულიყო მყოფი იმ უზნეო ხათაბალაში, რომელშიაც აღმოჩნდა გასაოცარი გულუბრყვილობით თუ მავანის კიდევ უფრო გასაოცარი და ამაზრზენი „ვირეშმაკობით“? საზღაურიც მიიღო, ამოიგანგლა სიბინძურეში, ტალახით მოსვარა გვარი, ლეგენდა მამის სახელი, ეჭვქვეშ დააყენა ოჯახის რეპუტაცია. კეისარს კეისრისა!

 

და ვიღაც უზნეოს, კრეტინს და იდიოტს უკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი კაცი მივიდა იმ ოჯახში, სადაც მას თბილად, გულშემატკივრულად მიიღებდნენ ისეთს, როგორიც არის და არა ისეთს, როგორსაც ხატავენ დეპუტატი ცოლ-ქმარი და მათი... დანარჩენს ადრესატები თავად მიხვდებიან.

 

მაშინებენ რაღაც ტელეგადაცემით, კადრებით, მართლა ეს უზნეონი! მნახეს რა ეს 76 წლის კაცი წერა-კითხვის და ჟურნალისტიკის ანა-ბანის უცოდინარი ტიპი.

 

ეს ცხელ გულზე დაწერილი რეპლიკაა. სერიოზული პასუხისთვისაც მოვიცლი. „ვაღიარებ“: არა ვარ მთლად არაინფორმირებული, თუნდაც, ამ პრობლემაში. დეტალებიც საკმაოდ ვიცი, წვრილმანებიც. სხვათაშორის, ზოგი რამ საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თუნდაც, დღევანდელი ერთ-ერთი გმირის - პროკურატურასთან „შეკრული“ ბიზნესმენის თუ დეპუტატის „კაიკაცობა“ იმ პროკურატურასა და მის „მფარველ-კურატორს“ სამი წელია კვირაში ერთხელ მაგრად ვეფერები, კონკრეტული გვარების, მათ შორის იმ „ბოტასების ქურდის“ ფარცხალაძის დასახელებით. ეს მაშინ, როცა ფარცხალაძესთან „ომეგას“ თავკაცს „საქმიანი“ და „ანგარიშიანი“ ურთიერთობა ჰქონდა.

 

აბა, დამისახელოს „ხალხის რჩეულმა დეპუტატმა ცოლ-ქმარმა“ ერთი ფაქტი, ერთი გადაცემა, რომელშიც „სიყვარულით“ ახსენებთ მაგ ფარცხალაძეს? ერთი, მხოლოდ ერთი ფაქტი!

 

„ოქუაშვილი ფიქჩერს“ კომპანიამ მიხედოს თავის ჩაბინძურებულ საქმეს. ჩემს პატივცემულ კოლეგა-ჟურნალისტებსაც მოვუწოდებ სიბრძნისკენ და შევახსენებ პროფესიული ეთიკის მოთხოვნებს. იმასაც, რომ მე დიდი ხანია არ ვარ საჯარო პირი, აქედან გამომდინარე, ყველა უფლება-მოვალეობით.

 

მეგობრული რჩევა მავანს: დამშვიდდით! ლევან ყიფიანი გამოდის ფსიქოლოგიური სტრესიდან. ის, რაც მოხდა, რაც ხდება და რაც მოხდება (ყოვლისმცოდნე დეპუტატმა ქალბატონმა ხომ უკვე დააანონსა და დაგეგმა მოვლენათა მომავალი განვითარება), არის კონკრეტული არცთუ ახალგაზრდა კაცის არჩევანი, მისი, ვიმეორებ გონებაშეზღუდულთათვის, მ ი ს ი პირადი პასუხისმგებლობა საკუთარ და ოჯახის ბედ-იღბალზე.

 

ამას გინდა სცენარი დაარქვით და გინდა სხვა ჟანრის პროდუქცია (მდიდარი არჩევანი გაქვთ).

 

რაც შემეხება პირადად მე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარი(!!!!!!!) კავშირი, არც პირდაპირი და არც ირიბი, თქვენ რომ უწოდებთ ამ ე.წ. სცენართან და თქვენს სიბინძურესთან არ მქონია, არ მაქვს და არ მექნება. და, თუ გულწრფელი ვიქნები ბოლომდე, არც გისურვებთ, რომ მქონდეს. მართლა!!!!! ქალბატონ ხალხის რჩეულ დეპუტატს კი შეუსწავლია ჩემი ბიოგრაფია, მაგრამ, ეტყობა, მთლად ბოლომდე და ღრმად ვერა... თორემ რაღაცეები არ მოელანდებოდა, არ შეუერთდებოდა ცნობილ სულით გახრწნილ ტიპაჟს. სამწუხაროა. მართლა დიდ პატივს ვცემ დიდი მწერალი მამის ოჯახს, მის უნიკალური ნიჭიერებით გამორჩეულ ძმას.

 

დანარჩენი, უფრო კონკრეტულად და ვრცლად სხვა დროს. ახლა კი, კარგად იყავით და ატრიალეთ ჩემთან დაკავშირებული პარტიზანული და დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერები, დააშანტაჟეთ მორიგი მსხვერპლი, როგორც ამ ბოლო დროს გაირკვა, ამის უმდიდრესი გამოცდილება „ოქუაშვილ ფიქჩერსს“ გაქვთ. მაგრამ... მაინც ვერ აჯობებთ „ჩემი ცოლის დაქალებს“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×