logo_geo
eng_logo
ვინ იყო ანა ბაჯი?!
- +

28 სექტემბერი. 2016. 18:44



ქართულმა ზეპირსიტყვიერებამ მრავალი გმირის სახელი შემოგვინახა. მათ შორის არიან საქვეყნოდ ცნობილი ქართველი ქალები. ზოგიერთმა მათგანმა მტერთან ბრძოლაში გამოიჩინა თავი, ზოგი სოციალურ უსამართლობას არ შეეპუა, ზოგმაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საჭიდაო მოედნებზე გაითქვა სახელი. იმან, ვისზეც ახლა მინდა მოგითხროთ, სამივე „ფრონტზე" ისახელა თავი. ამ საოცარი სულიერი და ფიზიკური ძალის მქონე ქართველი ქალის გვარი ისტორიაში არ დარჩა, სახელად კი ანა რქმევია, თუმცა უფრო ანაბაჯს ეძახდნენ:

 

„ანამ თქვა, მეტი სახელი, ბაჯი, მასზედა მქვიაო, მტერს რომ მეხივით უხვდები, მისთვის დას მეძახიანო."


ეს ანა ბაჯზე გამოთქმული ერთ-ერთი ხალხური ლექსიდანაა. ასეთები კი უამრავია. სწორედ ლექსებისა და ლეგენდების ასეთი სიმრავლე გვაფიქრებინებს, რომ იქ მოთხრობილი თითქმის ზღაპრული ამბები მართლა ხდებოდა.


ეს ლექსი კი ანას თანამედროვეს, შესანიშნავ თბილისელ აშუღს, საიათნოვას ეკუთვნის. მისთვის ლექსის დაწერა ერეკლე მეფეს უბრძანებია, თავად კი ქალისთვის წარწერიანი ვერცხლის ხმალი უჩუქებია:

 

„ყველა იცნობს ანას გურჯისტანშია, ნატრულობენ სპარსნი, ჰინდნი, ფრანგები,

რადგან ანა საქართველოს ებოძა, ბრძოლის ველზე ბევრი მტერი უხოცა.

დიდ ბატონმა ვერცხლის ხმალი უბოძა, დააწერა მამულისა რანგები".


ანა, სავარაუდოდ, მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა თბილისში, სიონის უბანში, ქართველი ხელოსნის  ოჯახში. თექვსმეტი წლისა გაუთხოვებიათ სოფელ მუხათში. რამდენიმე დღის მიყვანილი ყოფილა, როდესაც კამეჩების წველისას გომურში შევარდნილი ბუღა გაუკავებია. მსგავსი რამ, მოგვიანებით, თბილისშიც ჩაუდენია. ეს ამბავი ქალაქში გამართული „ყეენობის" დროს მომხდარა - თურმე, ქუჩაში გამოფენილ ბრბოს საიდანღაც კამეჩები გამონთებიან. ეს ამბავი ანამ ფანჯრიდან დაინახა, გარეთ გამოვიდა, მისკენ წამოსულ კამეჩს რქებში სწვდა, კისერი მოუგრიხა და მიწაზე დასცა. ამასობაში კაცებიც გონს მოეგნენ, მიეშველნენ და პირუტყვები შეკრეს.


გათხოვებიდან ორი წლის შემდეგ კი წყნეთელები გააოცა - იქ მოკეთეებთან იყო ჩასული და საღამო ხანს იქაურ ქალებთან ერთად ტყეში შესულა შინდის საკრეფად. მოულოდნელად დაჭრილ დათვს გადაწყდომიან. უიარაღო ანა ნადირს შებმია. ამასობაში წივილ-კივილის ხმაზე წყნეთელი მონადირე, ვინმე თევდორე, მიშველებია, რომლის ხანჯლითაც ქალს დათვისთვის მუცელი გაუფატრავს.


მუხათელები ანას ჭიდაობის ამბებსაც ჰყვებიან: ერთხელ, თურმე, ქმარსა და მამამთილთან ერთად კვირაცხოვლობის დღეობაზე ყოფილა. იქ ჭიდაობა გამართულა და თელეთელებს მუხათელები დაუმარცხებიათ. ანას დამცირებულად უგრძვნია თავი და საჭიდაოდ გასულა. თელეთელების ფალავანი ხომ დაუმარცხებია, მისთვის მიუყოლებია ბორბალოელი სოსია, დურდუკელი პოღოსა, ყაზახელი ვართანა, ქიზიყელი შაქრუა, კუმისელი ყასაბი თედო და მუშტი-კრივით მებრძოლი, ავლაბრელი კარაპეტა. ეს ამბავი ცნობილ თბილისელ ფალავანს, გეო ტერტერაშვილს შეუტყვია და ანა საჭიდაოდ გაუწვევია. გიორგობა დღეს მთელი თბილისი ბოლნისისაკენ დაძრულა, სადაც ორთაბრძოლა იყო დანიშნული. ანა მამათილისა და მაზლის თანხლებით წასულა. გზად, მდინარე ხრამთან, ბორჩალოელი ყაჩაღის, ბაირამას, ბანდას გადაყრიან. ყაჩაღებს ანას მამათილი მოუკლავთ, ხოლო მაზლი მკლავში დაუჭრიათ. ამის შემდეგ ყაჩაღთა მეთაურს ქალის გაუპატიურება დაუპირებია.


ანამ ახლოს მისულ ყაჩაღს ხანჯალი წააძრო და იქვე გაათავა, დანარჩენები გააქცია. შემდეგ მკვდარი მამათილი ცხენს დააკრა და დაჭრილ მაზლს სოფელში გაატანა, თავად კი ბაირამას ცხენით ბოლნისისაკენ გასწია.


ყაჩაღებზე ნაკლები დღე  არც იმ ტერტერაშვილისთვის დაუყრია - მიწაზე ისე დაუნარცხებია, რომ  დაცემულს ცხვირ-პირიდან სისხლი წასკდომია და სამი დღის თავზე მომკვდარა.


ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ასეთი ძალისა და ხასიათის ქალს დაკარგული ჰქონდა ქალურობა და „გაკაცებული" იყო. ამაზეც არსებობს გადმოცემა: თურმე რძლის ასეთი საქმეებით შეშფოთებულ დედამთილს შვილისთვის ანაზე საყვედური უთქვამს, რის გამოც ქმარს ქალი უცემია. ანას მორჩილად აუტანია ცემა. სამი შვილიც ჰყოლია - ორი ვაჟი და ერთი ქალი. ლამაზიც ყოფილა. მარბიელ ლეკებშიც დიდი "ავტორიტეტი" ჰქონია და მისი წყალობით მუხათელი და ვაშლოვნელი მოსახლეობა მოსვენებული ყოფილა. ამბობენ, მუხათში ანას მისვლის შემდეგ იქაურმა გლეხებმა გუთნის შორს გატანა გაბედესო. ერთხელ ანა ქორწილში ყოფილა წასული. ლეკებს უსარგებლიათ მისი არყოფნით და ერთი გლეხის ახლაგაზრდა ქალი გაუტაციათ. გამწარებული მეზობლები ანას ქორწილში მისდგომიან. ანა მტერს მარაბდის ბოლოს დასწევია, გაუჟუჟავს და ქალი მშობლებისთვის დაუბრუნებია.


ბაჯიც მაშინ შეურქმევიათ - თურმე, დამარცხებული ლეკები ევედრებოდნენ, - ბაჯი (დაო), ნუ დაგვხოცავ, შეგვიბრალეო.


აღსასრულიც ისეთი შეხვდა, მისი ხასიათისა და საქციელის პიროვნებას რომ „შეეფერება" - ოჯახში სტუმრად მისულმა მტერმა და მოშურნემ საჭმელში საწამლავი ჩაუყარა.


ანა მუხათის კვირაცხოვლის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. მისდამი პატივისცემის ნიშნად, შთამომავლებმა გვარად ბაჯიაშვილი მიიღეს.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner