top_leaderboard
left_sabechdi

თერთმეტი წლის გოგონას მეგობრული შარჟები -კარიკატურისტი ბაბუა-შვილიშვილი

ალბათ, როგორი საინტერესო იქნება ცხოვრება ოჯახში, სადაც ორი მხატვარ-კარიკატურისტია. ერთი მათგანი ცნობილი ხელოვანი, მხატვარი, სამტრედიის ყოფილი მერი, ანსამბლ „ლადის“ ხელმძღვანელი ბეჟან გოგიაა. მისი ნახატები ნოდარ დუმბაძისა და ზაურ ბოლქვაძის რედაქტორობის დროს ჟურნალ „ნიანგში“ იბეჭდებოდა. მეორე, მისი შვილიშვილი – თინეიჯერი ბარბარე ფირცხალაიშვილი. მათი პერსონაჟების გალერეაში ცნობილი ადამიანების გვერდით ერთმანეთის კარიკატურული ვერსიაცაა.

ბარბარე ხუთი წლიდან ხატავს. მათ შორის, ვისი კარიკატურაც შექმნა – ლუი არმსტრონგის, ელვის პრესლის. ენტონი ჰოპკინსის, ალბერტ აინშტაინის, კვარას და სხვების სახალისო პორტრეტებია.

თერთმეტი წლის ბარბარე სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში სწავლობს. ბაბუას, რომელსაც ძირითადად მოლბერტთან ხედავდა, ყურადღებით აკვირდებოდა და ბაძავდა, ამიტომაც ბუნებრივია, ინსპირაციაც მისი ნახატები – მეგობრული შარჟები გახდა.

ბარბარე ფირცხალაიშვილი: ძალიან მომწონს ბაბუს ნახატები. ხატვა რომ დავიწყე, მისი დამსახურებაა. თავიდან მარტო კლასელებს, ახლობლებს და მასწავლებლებს ვხატავდი. ჩემი ნახატები ყველას მოსწონდა, მაგრამ როცა ბაბუმაც შემაქო, გავბედე და პოპულარული ხალხის ხატვა მაშინ დავიწყე. მომავალში მინდა ხელოვანი გამოვიდე, ჩემი ნახატები კი ყველას კარგ განწყობაზე აყენებდეს.

როცა საქმე შვილიშვილს ეხება, ალბათ ძნელია, ობიექტური იყო, მით უფრო, საქართველოში. თუმცა უკვე აღიარებული მხატვარი, ბეჟან გოგია თვლის, რომ სახლში თინეიჯერი შვილიშვილის სახით უმცროსი კოლეგა ჰყავს.

ბეჟან გოგია: მე ვფიქრობ, უკვე შეიძლება, რომ ბარბარე ჩემს უმცროს კოლეგად მოვიხსენიო. ათი წლის იყო, როცა მსოფლიო ათეულში შესული ქართველი კარიკატურისტის, კემოს მეგობრული შარჟი დახატა. მერე ქართული „კარიკატურის მამის“ – ზალიკო სულაკაურის კარიკატურით მას დაბადების დღე მიულოცა. ყველაზე ძალიან მისი დახატული მსახიობი სერგო ზაქარიაძე მომწონს ფილმიდან „ჯარისკაცის მამა“.

– იმდენად ზრდასრული ადამიანის ნამუშევრები აქვს, ბევრი, ალბათ, ფიქრობს, რომ ამაში თქვენი ხელიც ურევია…

– გეთანხმებით, ასეთი ეჭვიც გამოუთქვამთ, მაგრამ დამიჯერეთ, ბარბარე ცნობილი ბაბუის დახმარებას მართლა არ საჭიროებს. შესაძლოა, ზოგჯერ რაიმე რჩევა მივცე, თორემ ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს.

მის ნამუშევრებს მაღალი შეფასება თვით ზალიკო სულაკაურმა მისცა. მახსოვს, მომღერალი ნუგზარ კვაშალი გადაირია, ისე მოეწონა ბარბარეს დახატული მისი სახალისო შარჟი.

– რა ხდება, როცა ერთ ოჯახში ორი კარიკატურისტია?

– ასეთ ოჯახში სულ ღიმილი და ხალისია, ხელოვნების სული ტრიალებს და იქ მოსვლა ყველას უხარია.

ბარბარე ძალიან შრომისმოყვარე ბავშვია. მეამაყება, რომ ჩვენი ოჯახის ტრადიციას ასე ღირსეულად აგრძელებს. მჯერა, რომ წარმატებული იქნება და დიდი მომავალი ელოდება.

ასევე იხილეთ