top_leaderboard

ზურაბ გოშაძე: ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ამღერებული ლექსები თბილისს სამუდამოდ დარჩება…

ზურაბ გოშაძის ლექსებზე არაერთი სიმღერაა დაწერილი. ამბობს, რომ მუზას არასოდეს ელოდება და ლექსი თავად, მოულოდნელად უსაფრდება. ცხოვრებაშიც ნამდვილ და სპონტანურ ურთიერთობებსაა მიჩვეული. ქართულ ესტრადაზე შემოვიდა ჯემალ სეფიაშვილის მუსიკაზე დაწერილი სიმღერიგამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო“, რომელიც, შეიძლება ითქვას, თანამედროვე თბილისის ჰიმნად იქცა.

 

რამდენიმე წუთში შექმნილი სიმღერა

როცა მეკითხებიან, ესა თუ ის ლექსი როგორ დაწერეო, ჩემი პასუხია: არ ვიცი, რადგან ყველაფერი ზემოდან მოდის. ასეთ ამბავს გავიხსენებ: ერთ დღეს  კახა ცაბაძესთან სტუმრად ვიყავი. როცა ცოტა შევზარხოშდით, კახამ მითხრა: ერთი მელოდია მაქვს დაწერილი და იქნებ, ლექსი მოარგოო. თანაც, მანამდე, ანსამბლ „ფორტეს“ ვიყავით სიმღერას დაპირებული. გამოიტანა ნოტები და ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო. მელოდია ისე მომეწონა, რომ კახას ვთხოვე: არ გაჩერდე, გააგრძელე-მეთქი. სანამ ის უკრავდა, მე ლექსი დავწერე. კახას რომ წავუკითხე, ეგრევე იმღერა. ასე შეიქმნა სიმღერა „ალიონზე გამიღიმა თბილისმა“, რომელიც „ფორტეს“ მეორე დღესვე გავაცანით. ასე რომ, ყველაფერი ნაღდი, ღმერთის დახმარებით და სპონტანურად იწერება ხოლმე.

„Гамарджоба, чемо Тбилис калако“

პირველი სიმღერა, რომლითაც ესტრადაზე შემოვაბიჯე- არის „გამარჯობა ჩემო თბილის-ქალაქო“. მისი პრემიერა 1992 წლის 27 მაისს შედგა.  ერთხელ, სოციალურ ქსელებში აღმოვაჩინე სიმღერის ლინკი, რომელსაც რუსულად ეწერა – „Гамарджоба, чемо Тбилис калако“. ვიფიქრე, ალბათ იეთიმ გურჯი თარგმნეს-მეთქი. დავინტერესდი და როცა მოვისმინე, ჩემი სიმღერა არ აღმოჩნდა?! მას ცნობილი ანსამბლის „სიაბრი“ ბელარუსი მომღერლები ასრულებენ. ძალიან გამიხარდა, თანაც, სიმღერის მისამღერს ქართულად მღერიან.

„მეგობრობას წამოვუდგეთ ფეხზე“

კომპოზიტორ ბორის შხიანის ჩემს ლექსზე  დაწერილი ეს სიმღერა განსაკუთრებულად მიყვარს. მასთან დაკავშირებით გავიხსენებ, რომ ნიკო ნადირაშვილს ჰქონდა შემოქმედებითი ფირმა „საუნჯე“, რომელიც ფილარმონიიის დიდ საკონცერტო დარბაზში ატარებდა კონცერტებს „მღერიან კინოსა და თეატრის ვარსკვლავები“. მასში ცნობილ ხელოვანებს იწვევდა. ეს სიმღერა მისი შეკვეთით დაიწერა. თავიდან მარტო გივი ბერიკაშვილს უნდა ემღერა, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ პირველად „მეგობრობას წამოვუდგეთ ფეხზე“ შეასრულეს კახი კავსაძემ, თენგიზ არჩვაძემ და გივი ბერიკაშვილმა. ამ სიმღერის პრემიერაც მაშინ შედგა. მოგვიანებით თემურ წიკლაურმა შეასრულა  და სიმღერას მისთვის ჩვეული ჟღერადობა და არსი შესძინა.

ქალაქური დაბადების დღე და „საპოჟნიკის“ მორთმეული ვარდი

15 მაისი ჩემი დაბადების დღეა, ერთი დაბადების დღე მინდა გავიხსენო. მაშინ ვაკეში, გეგეშიძის ბაღთან ვცხოვრობდი. ჩვენს უბანში „საპოჟნიკი“ მუშაობდა. იმ დღეს უთენია დავადექი  თავზე. ცოტა უგუნებობა შემატყო და მითხრა: რა ხდება, ზურაჯან, რა ფინთ ხასიათზე ხარო?! როცა გაიგო, რომ დაბადების დღე მქონდა, საიდანღაც ერთი ბოთლი არაყი ამოიღო, ჭიქებში ჩამოასხა და თბილისურად დამლოცა. იმ დღეს მის „ბუტკაში“ დიდხანს შემოვრჩი – ქალაქის ძველი ამბები გავიხსენეთ. ბოლოს უკან მიტრიალდა და საიდანღაც შავი, ხავერდოვანი ვარდი ამოიღო. თან ამიხსნა – უბრალო არ გეგონოს, „ევა ბრაუნის“ ვარდიაო. ის დაბადების დღე, მისი დალოცვა და მოულოდნელი საჩუქარი წლების მერეც კარგად მახსენდება. იმ დაბადების დღეზე ასეთი ლექსი დავწერე:

„გულს დავიბნიე ვარდი ხავერდის –

მესაიდუმლე ჩემი ფიქრების,

საკუთარ თავთან ვარ ალავერდი,

დღეს აქ, ხვალე კი სხვაგან ვიქნები.

ვარდის სინაზეს და სილამაზეს

მე ვადღეგრძელებ ქარვისფერ ღვინით.

უკვე ვმღერივარ სხვა გიტარაზე

სხვა მელოდიას გაწყვეტილ სიმით.

ბოლო ერთი გვაქვს, ვიცი, ორივეს,

მე და ეს ვარდი ერთად დავჭკნებით.

მე წლები მცვივა, ვარდს კი ფურცლები,

ბოლოს ორივე ერთად გავქრებით“.

„ჩემი ამღერებული ლექსები თბილისს დარჩება“

ჩემი ლექსების მომავალ კრებულს მინდა „ნიღაბი“ დავარქვა, ეს ჩემი ორსტროფიანი ლექსის სახელია:

„ნიღბის ტარებას ნუ დამაბრალებთ,

თითქოს ვმალავდე ჩემს ნამდვილ სახეს,

სიმართლის თასი ვსვი და დავცალე,

ამ ქვეყნად ბევრი ღალატიც ვნახე.

როგორც შემეძლო, ისე მიყვარდი,

რას იზამ, გული მაინც გულია,

ჩემი ყველაზე დიდი ნიღაბი

ასე უნიღბოდ სიარულია…“

თბილისი ნაღდი, წინასწარ გაუთვლელი, სპონტანური ურთიერთობებისა და ალალი ხალხის ქალაქია. მე ძალიან გამიმართლა, რადგან საოცარ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა. ბევრ ცნობილ ხელოვანთან ერთად მიმუშავია, მათ შორის იყვნენ  ბუთხუზ ბასილაია, ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი… დღემდე ვმეგობრობ კახა ცაბაძესთან, რომელსაც ჩემს ბევრ ლექსზე აქვს ლამაზი მელოდია მორგებული. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ამღერებული ლექსები თბილისს სამუდამოდ დარჩება…

ასევე იხილეთ