top_leaderboard

„სინათლის წელიწადის“ ნათელი მომენტები, ანუ როცა მუსიკას შეკვეთით ვერ წერ

ქართულმა პუბლიკამ სცენაზე პირველად რომ იხილა, პატარა იყო, მაშინ პატრიოტული „საბრძოლო სიმღერა“ ისეთი ჟინით შეასრულა, რომ თავი ყველას დაამახსოვრა.

წლების შემდეგ, ტრადიციულ მუსიკას არ დაშორდა, მაგრამ სცენაზე თამამი მუსიკალური ექსპერიმენტები წამოიწყო. 2006 წელს, კონცერტზე მისულმა მაყურებელმა ერთდროულად იხილა: მისი ბენდი, 50-კაციანი ორკესტრი, 80-კაციანი კაპელა და მოწვეული მომღერლები. მუსიკოსის, მომღერლისა და მსახიობის, გიგი გეგელაშვილის ჯგუფის „სინათლის წელიწადი“ ამგვარი „მუსიკალური ნოუ-ჰაუ“ მაშინ ბევრმა ვერ გაიგო…

2006 წლის კონცერტის შემდეგ, მისი დამოკიდებულება მუსიკალური ექსპერიმენტების მიმართ არ შეცვლილა. რეალურად რომ შევხედოთ, მისი ბენდი, ჯერჯერობით, ერთადერთია, რომელიც საავტორო მუსიკას სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ასრულებს.

– გიგი, ასეთი სახელი თქვენს ჯგუფს ოთარ ჭილაძის სიყვარულით შეურჩიეთ?

– დიახ, ეს სახელი ჩემს ჯგუფს ოთარ ჭილაძის სიყვარულით დავარქვი. „სინათლის წელიწადი“ მისი პოემის სახელწოდებაა. თავიდან, როცა ჯგუფისთვის სახელის დარქმევაზე ვფიქრობდით, ამაზე შევჯერდით. შეიძლება ითქვას, რომ მისი პოეზია ჩვენთან თანხვედრაშია – მისი სტროფები ბევრ სიმღერაში გამოვიყენე. ასე რომ, ჩვენს ორ ქართულენოვან ალბომში ოთარ ჭილაძის პოეზიაა ჭარბადაა.

– თქვენი კონცერტები მუსიკალურ-თეატრალური სანახაობაა, ეს ალბათ პროფესიიდან გამომდინარეა?

– მე მსახიობი ვარ, მაგრამ როგორც კი თეატრალური დავამთავრე, მაშინვე მუსიკაში გადავეშვი. თეატრალურ კარიერაზე არასოდეს ვოცნებობდი. თუმცა „სინათლის წელიწადის“ ერთი კონცერტი თეატრალური სანახაობით გამორჩეოდა. სცენაზე ნიღბებით ვიყავით, მე კი რამდენიმე პერსონაჟს ერთად ვასახიერებდი.

– მუსიკას შეკვეთით თუ წერთ?

– სხვათაშორის, შეკვეთით არასოდეს დამიწერია მუსიკა და რაც უნდა გადამიხადონ მაინც ვერ დავწერ. რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რაც ჩემთვის მუსიკის დაწერის სტიმული გახდება. ამის მერე კი მუსიკა ჩემგან დამოუკიდებლად იწერება. შრომა ჩემთვის უცხო არ არის, შემიძლია საათობით ვიჯდე და კომპოზიციაზე ვიმუშაო. ჩემთვის ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ 2021 წელს „ბლექ სი არენაზე“ გამოვედით და ალბომი ჩავიწერეთ, ანუ ალბომის „Live“ იქ შედგა.

– ვიცი, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე ჯგუფი ერთად გყავთ…

– ახლა რამდენიმე ჯგუფი მყავს ერთად. „გობლინებთან“ ერთად ყოველდღიური ლაივები გვაქვს. სხვადასხვა ლოკაციებზე სისტემატურად გამოვდივართ და ვუკრავთ. მალე ჩვენი DVD ალბომიც გამოვა. 2009 წელს როკ-კანტატა გაკეთდა, რის შემდეგ გამოვუშვით ახალი ალბომი, რომელიც კონცეპტუალური იყო. ჩვენი მესამე ალბომი ინგლისურენოვანია, მეოთხე – ინსტრუმენტალური, ანუ ვოკალის გარეშეა.

– რა არის ის, რაზეც უარს ვერასოდეს იტყვით?

– ამას წინათ, მე და დედა მიგვიწვია ტელევიზიამ, სადაც მასთან ერთად რომანსი ვიმღერე. საერთოდ, დედასთან კონცერტები სულ მაქვს. ცხოვრებაში რაც უნდა გავაკეთო, ტრადიციულ მუსიკაზე უარს არასოდეს ვიტყვი. დღეს ბევრი მუსიკალური ჯგუფი ოცნებობს, რომ ერთი სოლო კონცერტი მაინც ჩაატაროს. ჩვენ კი წელიწადში მინიმუმ სამი კონცერტი მაინც გვაქვს და ალბომებსაც ვუშვებთ.

ასევე იხილეთ