top_leaderboard

ჯანდაცვის კომიტეტმა, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართა

“ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში,  შეხვედრა გამართა თემაზე – „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“.
ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ მიმართა”, – ამი შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

„პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე, კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში გვაქვს ჯანდაცვის  სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ზედამხედველობა. აქტუალობიდან გამომდინარე ერთ-ერთი უპირველესია ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა, რომელიც დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელს შეეხება. ეს რეფორმა, რომელიც თითქმის წელიწად-ნახევარია დაიწყო, უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის სფეროში და გარკვეული შედეგებიდან გამომდინარე,  დადგა დრო მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასების“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე აამოქმედა კომიტეტმა საზედამხედველო ფუნქცია, რათა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, კლინიკებთან ერთად განსაზღვრონ რამდენად შესრულდა დასახული მიზნები ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვით, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა სისტემა და რა არის საჭირო ამ პრობლემების გადასაჭრელად.

„დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელი ოთხ ათეულ წელზე მეტია რაც დაინერგა მსოფლიოში, ჩვენთან კი წელიწად-ნახევარია რაც დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში არსებობდა გამოწვევები. ეს პროცესი გამოწვევების გარეშე არც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

კომიტეტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს გამართავს სფეროს წარმომადგენლებთან, რათა იმ გამოწვევებზე იმსჯელოს, რომელიც დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG)  დაფინანსების მოდელში არსებობს.

შეკრებილებს ასევე მიმართეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  მიხეილ სარჯველაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ.

მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა დარგის წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაციის საჭიროებასა და აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ შეხვედრები და კომუნიკაცია პერმანენტული გახდება, რათა თითოეულ პრობლემაზე რეალური მუშაობა დაიწყოს და ერთად მივიდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებამდე.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, დღეს გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ამუშავების და აღსრულებისკენ გადადგმული, ამასთანავე, საყურადღებოა  სპეციალისტების აზრის მოსმენაც, რათა დროულად მოხდეს იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნითა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ დიაგნოზთან შეჭიდული  ჯგუფებით (DRG) დაფინანსების  მოდელის დანერგვაზე, ზოგადად პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელს, რომელიც  მსოფლიოში აპრობირებულია და  ჰოსპიტალური სერვისებისთვის  ანაზღაურების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, დადებითი შედეგებიც აქვს და თან გარკვეული რისკებიც ახლავს. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ქვეყანა უკვე იმ ეტაპზეა, როცა სისტემაში აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული გამოცდილება დაგროვდა.

დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების  მოდელმა რომ   ფუნქციონირება გააგრძელოს, ამისთვის ბევრი სამუშაო გვაქვს. სრულად გამოვიყენოთ ამ მექანიზმის შესაძლებლობები და მოვახერხოთ სისტემის ეფექტურობის გაზრდა ჯანდაცვის სისტემის მიზნებისთვის და პაციენტის სიკეთისთვის, რადგან სხვაგვარად ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს ჯანდაცვის მზარდ დანახარჯებს, თუ სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის არ გვექნება შესაბამისი მექანიზმები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეხვედრაზე, რომელშიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და კლინიკების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, შეთანხმდნენ, რომ სისტემაში ქმედითი მექანიზმების დანერგვისათვის, დასაზუსტებელ და დასახვეწ საკითხებზე ერთობლივ კონსულტაციებს გააგრძელებენ.

ღონისძიება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის –  „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით, გაიმართა.

ასევე იხილეთ