top_leaderboard

ოლაფ შოლცი: მინდა, ვთხოვო ბევრ ჩვენს მეგობარს ევროპაში, შეამოწმონ მარაგები, ნახონ, შეუძლიათ თუ არა რაიმე სახის დახმარება უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელ მოკავშირეებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემისკენ მოუწოდა.

ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების ბატარეების მნიშვნელობას, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების ფონზე.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვთხოვო ბევრ ჩვენს მეგობარს ევროპაში, რომ შეამოწმონ თავიანთი მარაგები, რათა ნახონ, შეუძლიათ თუ არა რაიმე სახის დახმარება უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა მაღალი შეფასება მისცა გერმანიის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას და აღნიშნა, რომ ბერლინმა გადაწყვიტა, უკრაინას  „პეტრიოტის“  მესამე სისტემა გაუგზავნოს. სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის მაგალითს სხვა მოკავშირეებიც გაიზიარებენ.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა გერმანიის როლს ევროპის უსაფრთხოების დაცვაში.

„თქვენ აძლიერებთ თქვენს ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, გზავნით ბრიგადას ლიეტუვაში. თქვენი თვითმფრინავები პატრულირებენ ბალტიის ცაში და გერმანიამ 12 0000 ჯარისკაცი გაგზავნა „მტკიცე მცველში“ მონაწილეობის მისაღებად, რაც ნატო-ს ყველაზე დიდი წვრთნებია ცივი ომის შემდეგ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ასევე იხილეთ