top_leaderboard

ცხოვრება, როგორც კინომსახიობის ხუთი დუბლი

ოჯახის სურვილი იყო, რომ წარმატებული ექიმი-ფიზიოლოგი გამოსულიყო, მაგრამ დღეს პოპულარული მსახიობია. ჯერ კიდევ კინოსამსახიობო ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობდა, როცა მაყურებელმა გაიცნო ბუბა ხოტივარის ფილმში „დემეტრე II“. თავის ყველაზე მნიშვნელოვნად ნამუშევრად კინოში დათიკოს როლს თვლის ლევან თუთბერიძის ფილმში „მოირა”. მას შემდეგ ეკრანზე ბევრი საინტერესო სახე შექმნა. როცა დრო მოვიდა, ემიგრანტის ცხოვრების მძაფრსიუჟეტიანი „ფილმი“ რეალურად იხილა. უცხო ქვეყანაში ქართული საქმის კეთებაც შეძლო.  

ბოლოს იმდენი სათქმელი დაუგროვდა, რომ მიხვდა, მარტო კინო არ იქნებოდა საკმარისი, ამიტომ ბავშვობისდროიდელი გატაცება გაიხსენა და თავისი ტკივილიანი ცხოვრების ამბების გარითმვა დაიწყო. ასეთია ზაზა მაღალაშვილის ცხოვრების მოკლე „სასცენარო“ მონახაზი…

დუბლი N1 – თბილისელი ექიმი 90-იანების გურიაში

ზაზა მაღალაშვილი: „ჩემს მშობლებს უნდოდათ, რომ ექიმი გამოვსულიყავი. მართალია, ექიმი ვერ გავხდი, მაგრამ ახლახან, ძალიან საინტერესო, გამოცდილმა რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა შემომთავაზა ექიმის როლი მხატვრულ ფილმში „გურია“, რომელიც 90-იანი წლების საქართველოს ასახავს. ჩემი გმირი თბილისელი კაცია, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა. ოჯახური მდგომარეობის გამო თბილისში აღარ დაბრუნდა და გურიაში დარჩა. ომის მერე, სამხედრო-საველე ქირურგი ადგილობრივი საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახდა. ძალიან მინდა, რომ ეს ეპიზოდური როლი სრულფასოვან როლად ვაქციო, რაშიც რეჟისორიც მიჭერს მხარს. ფილმში კარგადაა ნაჩვენები ომისშემდგომი ქვეყნის ტკივილი, გურული იუმორი და თბილისელი ექიმის ურთიერთობები ადგილობრივებთან. ვფიქრობ, ეკრანიდან ამ ყველაფრის ნახვა მაყურებელს დააინტერესებს“.

დუბლი N2 – 25-წლიანი ემიგრაციის ბედნიერი დასასრული

ზაზა მაღალაშვილი: „ნიდერლანდებში, 1994 წელს, ჩემი შვილის ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩავედი. თავიდან ლტოლვილთა ბანაკში ვიყავით. ძალიან მძიმე პერიოდი გადავიტანეთ. იყო შემთხვევები, რომელიც კოშმარივით მახსენდება. მიუხედავად სირთულეებისა, ყველაფერს გავუმკლავდი და ჰოლანდიური ენის შესწავლაც შევძელი. იქ ცხოვრების განმავლობაში ვცდილობდი, ქართული საქმეები მეკეთებინა. ნიდერლანდებში სამოქალაქო ორგანიზაცია „საქართველოს მეგობრები“ („Vrienden Georgie”) შევქმენი და მისი დახმარებით თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამედიცინო ტექნიკა ჩამოვიტანე. ამას გარდა მულტიკულტურულ საწყისებზე სატელევიზიო სტუდია „Mudanthe”–Music, Dance, Theater“ ჩამოვაყალიბე. ჩემი შვილი, სალომე, ვის გამოც იქ ჩავედი, 2014 წლიდან ამსტერდამის დასავლეთ ნაწილის მუნიციპალიტეტში მუდმივი კონტრაქტით მუშაობს. საკმაოდ დიდი განყოფილების მენეჯერის ასისტენტია, პირად ცხოვრებაში – ბედნიერი დედა და მეუღლე. მოკლედ, ჩვენი იქ ჩამოსვლის ამბავი „Happy end“-ით დასრულდა“.

დუბლი N3ამბავი ქართველ სამურაიზე

ზაზა მაღალაშვილი: „ლევან თუთბერიძის ფილმი „სამურაი დასვენების ჟამს“ ქართველმა მაყურებელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით 3 მარტს იხილა. მიხარია, რომ ფილმმა ფართო ეკრანებიდან სატელევიზიო სივრცეშიც გადაინაცვლა. მასში ასახულია ჩვენი უახლესი ისტორიის შიშველი რეალობა – თავისი შეშლილი პერსონაჟებით და სასტიკი ამბებით. ჩემი სამურაი ქართველი მეომრის სასტიკი მეტამორფოზაა, ყველასგან მიტოვებული და დავიწყებული. ფილმში ალბათ ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს“.

დუბლი N4მსახიობის დიპლომატიური აქტი

ზაზა მაღალაშვილი: „ჩემს ცხოვრებაში იყო დრო, როცა რამდენიმე წელი ფუნქციონერი ვიყავი. მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სახელმწიფო კოორდინაციის სამსახურში ვმუშაობდი. ჩემი მცდელობით, მცხეთისა და ლევილის დამეგობრებას ჩაეყარა საფუძველი. ვამაყობ, რომ ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება“.

დუბლი N5 „მარგუსი და კარგუსი“ – მსახიობი და პოეტი

ზაზა მაღალაშვილი: „გეტყვით, რომ ამ ორს, მსახიობსა და პოეტს აერთიანებს მესამე, ჩემს მიერ გამოგონილი თიკუნით -„მარგუსი და კარგუსი“. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ მსახიობი სხვებზეა დამოკიდებული, პოეტი კი მუზის ერთგულია და საკუთარ თავს ეკუთვნის. სოციალურ ქსელებში მაქვს გვერდი „ზაზა მაღალაშვილის შემოქმედება“, სადაც ჩემს ლექსებს ვაქვეყნებ. სულ მეკითხებიან, კრებულს რატომ არ ვბეჭდავ. პატარა კრებულების გამოცემას მირჩევნია, ერთი და სრულფასოვანი დაიბეჭდოს, ამიტომ შესაფერის დროს ვუცდი…“

 

ასევე იხილეთ