top_leaderboard

13 მაისიდან 26 მარტამდე – სიხარულისა და ბედნიერების ორი გრძელი დღე-ღამე

სანამ საფეხბურთო ციებ-ცხელება ჩვენში ჯერ არ განელებულა, ამ თემაზე ყველგან და ბევრს ვსაუბრობთ. რაც მთავარია, უკვე ერთ აზრზე შევჯერდით, რომ 1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამოს“ მიერ ევროპის თასების თასის მოგების დროს და 2024 წლის 26 მარტს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის დღეს, ფეხბურთი საქართველოში  სპორტის საზღვარს გასცდა და ეროვნული მნიშვნელობის მოვლენად იქცა. ამ თემაზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ორივე მოვლენის უშუალო მოწმეს, ცნობილ ჟურნალისტს, თამაზ ჩიქვანაიას ვთხოვეთ:

„რამდენიმე დღე დამჭირდა, რათა ბოლომდე შემეგრძნო და გამეანალიზებინა ის, რაც 24 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე მოხდა. რა თქმა უნდა, ყველა, ვინც დიუსელდორფის ტრიუმფს მოესწრო, პარალელს მასთან ავლებდა. ზოგის აზრით, ის მასშტაბი უფრო სხვა დონის იყო. თუმცა, მე ამ  მოსაზრებას ვერ დავეთანხმები და მოგახსენებთ, რატომაც…

პირველი: წარმატების საზომი არავის დაუწესებია, ერთისთვის თუ მსოფლიოს ჩემპიონობის დაბლა ყველა მიღწევა უფასურია, მეორესთვის – დიდ ფორუმზე მოხვედრა უკვე მიღწევაა და ა.შ. ნებისმიერი სპორტული მოვლენის საზომი, ჩემი დაკვირვებით, გულშემატივართა ამ მოვლენისადმი დამოკიდებულებაა.

იმ ისტორიულ გამარჯვებაზე ჩემი პოზიცია არა ერთხელ დავაფიქსირე, ახლა მინდა, რომ მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენო ის: 1981 წლის 13 მაისი ფეხბურთის ქართველი ქომაგებისთვის საკრალური და უაღრესად ძვირფასი თარიღია, რადგან მსგავსი წარმატებისთვის ქართველ ფეხბურთელებს არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მიუღწევიათ. ეს წმინდა სპორტული თვალსაზრისით.

თუმცა, ამ 43 წლის წინანდელ მოვლენას, ჩემი აზრით, სხვა დატვირთვაც ჰქონდა. ყველას ახსოვს დიუსელდორფის რეპორტაჟიდან კოტე მახარაძის ბოლო ფრაზა: „Представляю, что сейчас творится в столице Грузии – Тбилиси!“

თბილისში კი, აი, რა ხდებოდა: ერი და ბერი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ჯანმრთელი და ავადმყოფი, უკლებლივ ყველა ქალაქის ქუჩებში იყო გამოსული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველას ყველა უყვარს; ეს ღიმილიანი და ბედნიერი ხალხის უზარმაზარი მასა დილამდე ზეიმობდა. რუსთაველის გამზირზე ქუჩის გამყოფ თეთრ ზოლზე იდგნენ მამაკაცები ღვინით სავსე დოქებით ხელში და აქეთ-იქით მანქანებიდან სანახევროდ გადმოწეულ ხალხს ჭიქებს უვსებდნენ, ამის შემხედვარე მილიციელები მხოლოდ იღიმებოდნენ და არავის არაფერს უშლიდნენ, რადგან არავინ არაფერს აშავებდა. იმ ღამეს არ მომხდარა არანაირი კანონდარღვევა, თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია არავის. იმ ღამეს თბილისის მოსახლეობა „ერთ სულ და ერთ ხორც“ იყო…

ახლა, ეს ვითარება შევადაროთ 26 მარტის მატჩის შემდეგ თბილისში შემდგარ ნამდვილ სახალხო ზეიმს, რომელიც არც მასშტაბით არც  ბედნიერებისა და სიხარულის შკალით (თუ ასეთი რამ არსებობს) 13 მაისის დღესასწაულს არაფრით ჩამოუვარდებოდა. 27 მარტის დილამდე თბილისი (და არა მარტო) „ერთ სულ და ერთ ხორც“ იყო.  ა, ბატონო, წარმატების საზომი, რომელიც სპორტულის გარდა სხვა ნებისმიერ სფეროშიც გამოდგება. არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ყველა გაიზიარებს ჩემს მოსაზრებას, თუმცა ბევრიც დამეთანხმება და ყველას გასაგონად მოგახსენებთ: მხოლოდ საერთო სახალხო სიხარული, ნებისმიერ ბედნიერებასა თუ სიმწარეზე  საერთო სახალხო რეაქცია მოგვიტანს დიდი ილიას ნანატრ საქართველოს… და იქნება უზომოდ გრძელი დღე-ღამე, სიხარულისა და ბედნიერების დღე-ღამე, რომელიც დიდ სინათლედ შემორჩება მომავალი თაობების მეხსიერებას“.

 

 

ასევე იხილეთ