top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ ყოფილა თურმე დასამალი, რომ არ ერიდებიან ძალადობრივ სცენარსაც, პარლამენტზე და პოლიციელებზე ძალადობრივ თავდასხმასაც, ოღონდ არ გასაჯაროვდეს რამდენიმე „ენჯეოს“ პროექტები

„წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ ყოფილა თურმე დასამალი, რომ არ ერიდებიან ძალადობრივ სცენარსაც, პარლამენტზე და პოლიციელებზე ძალადობრივ თავდასხმასაც, ოღონდ არ გასაჯაროვდეს რამდენიმე „ენჯეოს“ პროექტები”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეები კანონის შინაარსთან დაკავშირებით ვერაფერს ამბობენ და ხდება მხოლოდ კლიშეებისა და ეპითეტების მიბმა კანონპროექტზე.

„როგორც კი გადავდივართ შინაარსზე, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან, ჩერდება ხოლმე დისკუსია, ვინაიდან, ფაქტია, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. სულ ექვსგვერდიანი კანონია, რომელიც ერთადერთ ვალდებულებას ითვალისწინებს – წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციის გასაჯაროებას, რასაც აკეთებენ საჯარო მოხელეები, საჯარო ინსტიტუციები, ბიუჯეტია გამჭვირვალე. ეს ორგანიზაციები ხარჯავენ სხვა ქვეყნების ბიუჯეტებიდან მომდინარე თანხებს და გაასაჯაროონ, რა არის ამაში ასე დასამალი? წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ ყოფილა თურმე დასამალი, რომ არ ერიდებიან ძალადობრივ სცენარსაც, პარლამენტზე და პოლიციელებზე ძალადობრივ თავდასხმასაც, ოღონდ არ გასაჯაროვდეს რამდენიმე “ენჯეოს” პროექტები – ვისგან ფინანსდება და რაში იხარჯება ფული. ეს ხომ თავისთავად უკვე არის ლუსტრაცია, რომ სინამდვილეში ამ სექტორში არის ძალიან დიდი შავი ფული, რომელიც თავისი მიზნობრიობიდან აცდენილად იხარჯება. ეს ფული იხარჯება არა დემოკრატიის განვითარებისთვის, არა ხალხის კეთილდღეობის ამაღლებისთვის, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 29 აპრილის შეკრებაზე საქართველოს 200 000-მდე მოქალაქემ მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს და საქართველოს ხელისუფლების მიდგომას.

“ამიტომ ჩვენ გვაქვს მანდატი საქართველოს მოქალაქეების და ქართველი ხალხის არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებით, არამედ ამ პროექტზე დისკუსიის, მათ შორის 29 აპრილის აქციის შედეგად, რომელზეც ხუთჯერ და ექვსჯერ მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე სხვა აქციების მსვლელობის დროს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე იხილეთ