top_leaderboard

ავთანდილ ჯორბენაძე – ასე იქმნებოდა ჯანდაცვის ახალი სისტემა!

„როგორ იქმნებოდა ჯანმრთელობის დაცვის ახალი სისტემა“ — ასე ჰქვია ახლახან გამოცემულ წიგნს, რომლის ავტორიც საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დღეს კი აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ჯორბენაძე გახლავთ. იგი წინამდებარე ინტერვიუში გვიამბობს, თუ რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური გარდაქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, როცა ქვეყანა სამოქალაქო და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომებს წელში გაეტეხა და გაეპარტახებინა… რა ავნო საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სააკაშვილის რეჟიმმა? რას აკეთებს, რას ვერ აკეთებს და რას უნდა აკეთებდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმისათვის, რომ ქართულმა ჯანდაცვის სისტემამ ევროპულ დონეზე იფუნქციონიროს? სწორედ ამ თემებზე ვესაუბრებით ავთანდილ ჯორბენაძეს, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა და მის მასშტაბურ რეორგანიზაციაზე მუშაობა ქვეყნისათვის ყველაზე მძიმე პერიოდში მოუხდა:

— შესაძლოა, დღევანდელი გადასახედიდან დაუჯერებლადაც კი ჟღერდეს, მაგრამ სამოქალაქო და აფხაზეთის ომებგამოვლილ, ეკონომიკურ სიდუხჭირეში ჩაფლულ და პოლიტიკური დაპირისპირებებით დაუძლურებულ საქართველოში 1995 წლის 10 აგვისტოს დავიწყეთ ჯანდაცვის სისტემის მასშტაბური გარდაქმნისა და რეორიენტაციის ურთულესი პროცესი, რომლის უმთავრეს მიზანსაც ქართული მედიცინის გადარჩენა და მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება წარმოადგენდა.

— უფრო რომ დავაკონკრეტოთ, როგორი იყო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, როცა ამხელა საქმეს შეეჭიდეთ?

— 1991 წლიდან მოყოლებული, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი წელიწადში საშუალოდ 28 პროცენტით მცირდებოდა და ერთ სულ მოსახლეზე 4 433 დოლარიდან 1 437 დოლარამდე დაეცა. 1990 წლის დონესთან შედარებით, 1995 წლისათვის წარმოება 78 პროცენტით იყო შემცირებული და თითქმის სამჯერ აღემატებოდა „დიდი დეპრესიის“ დროს აშშ-ში წარმოების დონის დაცემას.

ეროვნული ბანკის კუპონი, რომელიც 1993 წლის პირველ ნახევარში იქნა შემოღებული, კატასტროფულად გაუფასურდა და იმავე წლის მეორე ნახევრიდან 1994 წლის ოქტომბრამდე ინფლაციის ტემპი თვეში საშუალოდ 60-70 პროცენტს შეადგენდა, ჯამურად კი, წლის განმავლობაში 7 380 პროცენტს მიაღწია.

— ქვეყანაში ინფლაციის დონე 7000 პროცენტს აჭარბებდა და ამ დროს ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაცია დაიწყეთ? ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელია!

— 1993-1994 წლებში ქვეყანას სახელმწიფო ბიუჯეტიც კი არ ჰქონდა დამტკიცებული. საშუალო ხელფასი თვეში 1 დოლარისა და 50 ცენტის ეკვივალენტი იყო, პენსია კი 10 ცენტის ეკვივალენტს შეადგენდა. ისედაც უმძიმეს ეკონომიკურ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებდა შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები და ქვეყნის გარედან ინსპირირებული სეპარატისტული მოძრაობები. ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო კრიმინალური ძალების აღზევება, რაც, ყველაფერთან ერთად, მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახებოდა.

— როგორი იყო ვითარება იმ დროისათვის კონკრეტულად ჯანდაცვის სისტემაში?

— იმ დროისათვის ჯანდაცვის სისტემაში ინერციით განაგრძობდა ფუნქციონირებას საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით გადმოყოლილი ე.წ. სემაშკოს მოდელი. სამედიცინო მომსახურება მოსახლეობისათვის ფორმალურად კვლავ უფასო რჩებოდა, თუმცა, ჯანდაცვის სფეროს სახელმწიფო დაფინანსება მკვეთრად შემცირდა და თუ 1990 წელს ერთ სულ მოსახლეზე 130 დოლარს შეადგენდა, 1994 წლისათვის 0,45 დოლარამდე იყო დაცემული. იმავე წელს ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში სახელმწიფოს წილმა 4,9 პროცენტი შეადგინა, რაც ისედაც მწირი სახელმწიფო ბიუჯეტის მხოლოდ 1,3 პროცენტი იყო.

    სამართლებრივი ბაზის შექმნა ჯანდაცვის ახალი სისტემისათვის

— რა იყო პირველი ნაბიჯი, რომლითაც ასეთ უმძიმეს ვითარებაში ჯანდაცვის სფეროს სისტემური რეორგანიზაცია დაიწყეთ?

— პირველი ნაბიჯი გახლდათ სამართლებრივი ბაზის შექმნა ჯანდაცვის ახალი სისტემისათვის. ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფოს მეთაურის მიერ გამოცემულ მთელ რიგ ბრძანებულებებსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებს, თუმცა, განსაკუთრებით ღირებული იყო ჩანაწერები, რომლებიც 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს ახალ კონსტიტუციაში ჯანდაცვის კუთხით გაჩნდა.

კერძოდ, ახალი კონსტიტუციის 37-ე მუხლში ჩაიწერა:

  1. ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას.

ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში.

ეს კონსტიტუციური ჩანაწერები ისტორიული მნიშვნელობის გახლავთ, რადგან სახელმწიფომ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად გარკვეული ვალდებულებები აიღო და საქართველოში დასაბამი დაედო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფორმირებას. გარდა ამისა, გაჩნდა ჯანმრთელობის დაზღვევის ცნება და მოსახლეობას საშუალება მიეცა, იმ სამედიცინო სერვისებითაც ესარგებლა, რომლებიც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით არ იყო გათვალისწინებული.

      სადაზღვევო მედიცინის პრინციპებზე გადასვლა

— საინტერესოა, როგორ მოქმედებდა სამედიცინო დაზღვევის სისტემა 1990-იანი წლების დუხჭირ საქართველოში, სადაც მოსახლეობას საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისათვის, ფაქტობრივად, არანაირი ფინანსური სახსარი არ გააჩნდა?

— ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი სწორედ სადაზღვევო მედიცინის პრინციპებზე გადასვლა გახლდათ. მიზნად დავისახეთ, აღგვედგინა ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის ევროპული მოდელი, რომლის ელემენტების დანერგვა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაიწყო, მაგრამ 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების გამო შეწყდა. კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კონსტიტუციის 121-ე მუხლში ეწერა:

„დაქირავებული მუშა, რომელიც მოხუცებულობით, დაშავებით ან სხვა მიზეზით დაკარგავს სავსებით ან ნაწილობრივ შრომის უნარს, მიიღებს დახმარებას დაზღვევის სახით, თავის ხელფასის კვალობაზე. დასაზღვევი თანხა უნდა შედგეს დამქირავებელზე შეწერილი საგანგებო გადასახადისაგან“.

ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის უმთავრესი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა თანაბრად და სამართლიანად ნაწილდება სახელმწიფოს, დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის.

სადაზღვევო მედიცინის პრინციპების დამკვიდრების საქმეში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო პარლამენტის მიერ 1998 წლის 6 თებერვალს მიღებული კანონი „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“, რომელიც მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს განსაზღვრავდა და საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სახელმწიფოს, დამქირავებლისა და დაქირავებულის პასუხისმგებლობის გაზრდისაკენ გახლდათ მიმართული. ამასთან, კანონი უზრუნველყოფდა საქართველოს მოქალაქეთა იმ კონსტიტუციური უფლებების განხორციელებას, რომლებიც ჯანმრთელობით დაცვასთან იყო დაკავშირებული.

იმავე კანონით, საქართველოში ამოქმედდა ჯანმრთელობის სავალდებულო და ნებაყოფლობითი დაზღვევა.

— რა განსხვავება იყო სავალდებულო და ნებაყოფლობით დაზღვევას შორის?

— საქართველოს მოქალაქეს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა გარანტირებული ჰქონდა, ხოლო ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევა უზრუნველყოფდა, რომ მოქალაქისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება მომხდარიყო რეგისტრირებული და ექსპერტიზებული პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ჯანდაცვის დაზღვევის ლიცენზიის მქონე ორგანიზაცია ახორციელებდა. შედეგად, ქვეყანაში შეიქმნა ხელსაყრელი პირობები ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული ბაზრის ჩამოსაყალიბებლად, რამაც ხელი შეუწყო კერძო სადაზღვევო კომპანიების მომრავლებასა და მათ ორგანიზაციულ-ფინანსურ განვითარებას.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების გამო, ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის დანერგვა მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა. სავალდებულო სადაზღვევო შენატანი სადაზღვევო პროგრამების დასაფინანსებლად საკმარისი არ იყო. სახელმწიფოს ასევე შეზღუდული რესურსები ჰქონდა მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო დახმარებისათვის, თუმცა, მიუხედავად ასეთი პრობლემებისა, სადაზღვევო სისტემა მაინც ვითარდებოდა.

ეკონომიკის წინსვლის კვალდაკვალ, სრულიად შესაძლებელი იყო, სავალდებულო სადაზღვევო შენატანების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზრდილიყო და ჯანდაცვის სოციალური დაზღვევის სისტემაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრილიყო, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ სისტემაზე უარი თქვა და სრულიად გაუაზრებლად გადავიდა ჯანდაცვის ზოგადი გადასახადებით დაფინანსების მოდელზე. შედეგად ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ — „ქართულმა ოცნებამ“ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა, რომლის დაფინანსებაც კვლავ ზოგადი საგადასახადო შემოსავლებით შექმნილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება. არადა, აღმოსავლეთ ევროპის 28 ქვეყნიდან 22 ქვეყანაში, მთავრობების ცვლილების მიუხედავად, სოციალური სადაზღვევო სისტემა ზოგადი გადასახადების სისტემით არ შეცვლილა, დასავლეთ ევროპის ქვეყნები კი დღესაც არ ღალატობენ ჯანდაცვის სოციალური დაზღვევის მოდელს, რომელიც გერმანიაში 1872 წლიდან ფუნქციონირებს.

— მიგაჩნიათ, რომ დღევანდელ საქართველოში ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა უნდა მოქმედებდეს?

— ღრმად ვარ დარწმუნებული, ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა აქტუალობას დღესაც არ კარგავს და საქართველოს ხელისუფლებას მართებს, კარგად გააანალიზოს ამ მოდელის დადებითი მხარეები. სოციალური დაზღვევის სისტემა ყველაზე უკეთ ახდენს ჯანდაცვის სექტორისათვის დამატებითი სახსრების მობილიზებას და ხარჯების შეკავებასა და სისტემის გამჭვირვალობასაც უკეთ უზრუნველყოფს. ამდენად, საქართველოს კულტურის, ისტორიული გამოცდილებისა და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ხელი შეეწყოს სოციალური დაზღვევის განვითარებას.

       სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეფორმა

— როგორი ვითარება იყო 1990-იანი წლების დასაწყისის საქართველოში ინფექციური დაავადებების გავრცელების მხრივ და როგორ გადაწყვიტეთ ეს პრობლემა?

— იმ პერიოდში საქართველოში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე, გასაკვირი არ იყო ისეთი ინფექციური დაავადებების აღმოცენება და გავრცელება, როგორიც არის დიფტერია, მუცლის ტიფი, დიზენტერია, მწვავე ნაწლავური ინფექციები, ციმბირის წყლული და კვებითი მოშხამვები. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს აღნიშნულ დაავადებათა სალიკვიდაციოდ პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების გატარება თავისი მწირი სახსრებით უწევდა.

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეფორმა, რომელიც პრევენციულ მედიცინასა და ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის დაწყებამდე სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეორგანიზაცია მოვახდინეთ და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული — საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტები ჩამოვაყალიბეთ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მიზნებად განისაზღვრა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, ოჯახის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილება.

ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ევროპულ პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორდონიანი ინფრასტრუქტურა, რომელიც ცენტრალურ დონეზე — საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს, ხოლო მუნიციპალურ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მოიცავდა.

რაც შეეხება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტს, მისი მიზანი გახლდათ ისეთი ღონისძიებების ორგანიზება, რომლებიც ქვეყანას განსაკუთრებით საშიში და სხვა ინფექციების შემოტანა-გავრცელებისაგან დაიცავდნენ და მოსახლეობის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. ამისათვის შეიქმნა სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ტერიტორიული სტრუქტურები და საქართველოს საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განყოფილებები.

განხორციელებული ცვლილებების პირველი მნიშვნელოვანი შედეგი გეგმური იმუნიზაციის გაწყვეტილი ჯაჭვის აღდგენა იყო. იაპონიის, აშშ-ის, ასევე სხვა განვითარებული ქვეყნების მთავრობებისა და, განსაკუთრებით, გაეროს ბავშვთა ფონდის უდიდესი დახმარების შედეგად, შესაძლებელი გახდა ჯერ გეგმური აცრების დაწყება, ხოლო შემდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია. სწორედ იმის გამო, რომ მასობრივი ვაქცინაციის მაღალ დონეს მივაღწიეთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის სასერტიფიკაციო კომისიამ 2002 წლის ივნისში საქართველოს მიანიჭა პოლიომიელიტისგან თავისუფალი ზონის სტატუსი, რასაც ჩვენი ქვეყანა დღემდე ინარჩუნებს.

სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეორგანიზაციამ შესაძლებელი გახადა, საკმაოდ მოკლე დროში შეგვექმნა თანამედროვე ტიპის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სანიტარიული ზედამხედველობის სისტემები და დაგვეწყო პრაქტიკული საქმიანობა. ამასთანავე, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შესაძლებლობა მიეცა, განესაზღვრა დარგის სამომავლო სტრატეგიები და ტაქტიკა.

ამ ფონზე, სრულიად გაუგებარი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მიერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მოშლა და მისი ფუნქციის გადაცემა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისათვის. ასევე გაუმართლებელი იყო საქართველოს სანიტარიული კოდექსის ძალადაკარგულად გამოცხადება, საექიმო სპეციალობის ნუსხიდან ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის ამოღება და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ფუნქციის გადატანა ჯანდაცვის უწყებიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში. კარგად გვესმის, რომ ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დაცვა და საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლი მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამინისტროების ფუნქციაა, მაგრამ ამ უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დადგენა ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის სპეციალისტთა პრეროგატივა გახლავთ, ჰიგიენა და ეპიდემიოლოგია კი ოდითგანვე მედიცინის განუყოფელი ნაწილი იყო, არის და იქნება.

     პირველადი ჯანდაცვისა და საოჯახო მედიცინის რეფორმა

— საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს პირველად სამედიცინო მომსახურებასა და ე.წ. ოჯახის ექიმის ინსტიტუტს… რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ საქართველოში, როცა ჯანდაცვის სისტემის მასშტაბურ რეორგანიზაციას შეუდექით?

— ნებისმიერ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის მთავარი მიზანია, მიაღწიოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ისეთ დონეს, რომელიც სოციალურად და ეკონომიკურად ნაყოფიერი ცხოვრების საშუალებას იძლევა, ამ მიზნის მიღწევის ძირითად საშუალებას კი სწორედ პირველადი ჯანდაცვა წარმოადგენს.

საბჭოთა ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ე.წ. სემაშკოს მოდელზე იყო დაფუძნებული, პირველად ჯანდაცვას უდიდეს მნიშვნელობას კი ანიჭებდა, მაგრამ, ძირითადად, მაინც ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. ეს გახლდათ პირველადი ჯანდაცვის პოლიკლინიკური სისტემა, რომელშიც სამედიცინო მომსახურების მიწოდება უბნის თერაპევტს, პედიატრსა და გინეკოლოგს შორის იყო განაწილებული. ექიმები სახელმწიფოს მიერ იყვნენ დაქირავებული და მათთვის დადგენილი უბნის მოსახლეობას ემსახურებოდნენ, პაციენტს კი ექიმის არჩევის უფლება არ ჰქონდა და საჭიროების შემთხვევაში, იძულებული იყო, მხოლოდ იმ ექიმისათვის მიემართა, რომელიც მის საცხოვრებელ უბანს ემსახურებოდა.

საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში „სემაშკოს მოდელი“, თავისი სიძვირისა და არაეფექტურობის გამო, კოლაფსის პირას აღმოჩნდა. ამიტომაც ქართული ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში გადავწყვიტეთ, პირველადი ჯანდაცვა განვითარებულ ქვეყნებში კარგად აპრობირებული საოჯახო მედიცინის პრინციპებზე გადაგვეყვანა.

— ფინანსურ სახსრებზე რომ არაფერი ვთქვათ, რამდენად არსებობდა მაშინდელ საქართველოში საოჯახო მედიცინის განვითარებისათვის საჭირო საკადრო რესურსი?

— უპირველეს ყოვლისა, სწორედ საკადრო პრობლემებს წავაწყდით, რადგან არსებული პერსონალის განათლების დონე და უნარ-ჩვევები აშკარად არ იყო საკმარისი საოჯახო მედიცინის პრინციპებზე გადასასვლელად. შესაბამისად, აუცილებელი გახდა, პირველადი ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ვიწრო სპეციალობის კადრები საოჯახო მედიცინის მიმართულებით გადაგვემზადებინა, რაშიც 1997 წელს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო დეპარტამენტი დაგვეხმარა.

კერძოდ, 1997-1999 წლებში საქართველოში შეიქმნა ოჯახის ექიმებად გადამზადებისა და ოჯახის ექიმ-მასწავლებლებად მომზადების სპეციალური პროგრამები. ბრიტანელმა ტრენერებმა მოამზადეს ოჯახის ექიმების 8 მასწავლებელი, რომლებმაც, თავის მხრივ, ბრიტანელი კოლეგების მეთვალყურეობის ქვეშ გადაამზადეს 47 ოჯახის ექიმი, მათგან 8 საუკეთესო კი ოჯახის ექიმთა მასწავლებლად გადამზადდა. ამავე პერიოდში საქართველოში მოხდა ოჯახის ექიმის სპეციალობის ლეგალიზება, მომზადდა რეზიდენტურის სამწლიანი პროგრამა და დაიწყო ოჯახის ექიმთა სერტიფიცირების პროცესი.

პირველადი ჯანდაცვის საოჯახო მედიცინის პრინციპებზე გადაყვანა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი იყო, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ და ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვდა. ბუნებრივია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა პოლიკლინიკისა და სოფლის ამბულატორიის საოჯახო მედიცინის ცენტრებად გარდაქმნა ერთ-ორ წელიწადში ვერ მოხდებოდა, არადა, პირველადი ჯანდაცვითი მომსახურების გაუმჯობესება განსაკუთრებით სწორედ სოფლის მოსახლეობისათვის იყო საჭირო. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ „სოფლის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც 2000 წლიდან ამოქმედდა და რომლის ფარგლებშიც დაიწყო საექიმო ბრიგადების დაფინანსება სოფლის ამბულატორიებში. ასეთ ბრიგადებში ექიმების ხელფასი 100-135 ლარს შეადგენდა, რაც იმ დროისათვის საკმაოდ მისაღები ანაზღაურება იყო.

— ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას, ალბათ, უცხოელი დონორების ფინანსური დახმარების გარეშე ვერ შეძლებდით…

— დიახ, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტისა და აშშ-ის ჯანდაცვის საერთაშორისო კავშირის პროგრამები, რომელთა საერთო ღირებულებაც 30 მილიონ დოლარს აღწევდა. აქედან 5 მილიონი იყო მსოფლიო ბანკის კრედიტი, დანარჩენი კი უსასყიდლო დახმარება გახლდათ და ამხელა მასშტაბის ფინანსური მხარდაჭერა ჯანდაცვის არცერთ სხვა პრიორიტეტულ მიმართულებას არ ჰქონია.

მოკლედ, უცხოელი პარტნიორების დახმარებით, სრულიად ახალი პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება დავიწყეთ და მისი ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსებიც გვქონდა მობილიზებული. სამწუხაროდ, 2007 წელს, პირველადი ჯანდაცვის შემდგომი განვითარების ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა, რომელიც საზოგადოებისთვის „100 საავადმყოფოს გეგმის“ სახელითაა ცნობილი და რომლის ეგიდითაც რეგიონებში პრივატიზებულ საავადმყოფოებთან ერთად ინვესტორის საკუთრებაში გადადიოდა იქ არსებული პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაც. ბუნებრივია, კერძო მესაკუთრისთვის უფრო მომგებიანი იყო, მოსახლეობისათვის შედარებით იაფი პირველადი ჯანდაცვის მაგივრად, ძვირადღირებული ჰოსპიტალური სერვისები მიეწოდებინა, რამაც საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სერიოზული უკუსვლა განაპირობა. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც კოვიდპანდემიის პერიოდში შექმნილი უამრავი პრობლემა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს და თანამედროვე პირველადი ჯანდაცვის სისტემის გარეშე ვერ მოგვარდება.

— „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პირველადი ჯანდაცვის განვითარებისათვის არაფერი გააკეთა?

— ჩემთვის, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა გაუგებარია, რა საჭირო იყო 2015 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კონტრაქტის გაფორმება საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალურ ალიანსთან“, რომელიც „პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის გეგმის შემუშავებას“ ითვალისწინებდა? გაცილებით მარტივი და იაფი იქნებოდა, საქართველოს მთავრობას განეხორციელებინა პირველადი ჯანდაცვის განვითარების გეგმა, რომელიც თავის დროზე ჩვენ მიერ შემუშავებული და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწონებული დოკუმენტის — „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა. დიახ, პირველადი ჯანდაცვის განვითარების პრინციპები დეტალურად იყო გაწერილი „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ სანაგვეზე გადააგდო, ხოლო 2015 წელს „გლობალური ალიანსთან“ დაწყებულმა თანამშრომლობამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო.

არადა, განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხი, სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახსრების ეფექტური ხარჯვა, მნიშვნელოვანწილად, სწორედ პირველადი ჯანდაცვის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული.

       ფარმაცევტული სფეროსა და წამალპოლიტიკის რეფორმა

— როცა ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაცია დაიწყეთ, როგორ მდგომარეობაში იყო ფარმაცევტული სფერო და რამდენად მიუწვდებოდა ხელი საქართველოს მოსახლეობას თუნდაც პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე?

— 1991-1993 წლებში, ღრმა ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოში მედიკამენტებისა და სამედიცინო მოხმარების საგნების მწვავე დეფიციტი აღინიშნებოდა, რამაც ველური და არარეგულირებადი ფარმაცევტული ბაზრის ჩამოყალიბება გამოიწვია. ისედაც შეჭირვებული მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებდა ვადაგასული, უვარგისი, ფალსიფიცირებული მედიკამენტების მავნე ზემოქმედება. შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად წამალპოლიტიკის რეფორმა დავისახეთ.

განსაკუთრებით საყურადღებო ცვლილებები განხორციელდა მოსახლეობის მედიკამენტებით მომარაგების სახელმწიფო სისტემაში. კერძოდ, ძველი მონოპოლიური სტრუქტურა — მთავარი სააფთიაქო სამმართველო გაუქმდა. მკვეთრად გაიმიჯნა სამკურნალო საშუალებათა შემოტანისა და ვაჭრობის ფუნქციები, მომზადდა ფარმაცევტულ დაწესებულებათა ლიცენზირების ახალი წესები და პირობები, აფთიაქები ადგილობრივი თვითმმართველობების დაქვემდებარებაში გადავიდა და მოგვიანებით მათი სრული პრივატიზება მოხდა.

გარდა ამისა, ჩამოყალიბდა საქართველოში მანამდე არარსებული, მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის აუცილებელი ისეთი სტრუქტურები, როგორიც არის ფარმაკოპეის სახელმწიფო კომიტეტი, წამლის ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ინსპექცია და ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის რესპუბლიკური ინსპექცია.

ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ფარმაცევტული პრეპარატებისა და სამედიცინო მოხმარების საგნების იმპორტის გათავისუფლება საბაჟო და საბიუჯეტო გადასახადებისაგან, რაც, ფაქტობრივად, იმას ნიშნავდა, რომ სახელმწიფო არაპირდაპირი ფორმით ახდენდა  მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებითა და იმპორტული სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფის სუბსიდირებას, რამაც მოქალაქეებს მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი მისცა.

1997 წლის 17 აპრილს პარლამენტმა მიიღო კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო პასუხისმგებელი გახდა მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლების ხელმისაწვდომობაზე, სამკურნალო საშუალებათა ხარისხის უზრუნველყოფის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებაზე და წამლების, ვაქცინების, შრატებისა და ეპიდსაწინააღმდეგო საშუალებების სავალდებულო ასორტიმენტის მარაგის შექმნაზე.

და კიდევ, 1998 წელს მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით საქართველოში თანამედროვე დონეზე აღჭურვილი წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია ამუშავდა.

— ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მონოპოლიები და მედიკამენტების მაღალი ფასები საქართველოში დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება… რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ ამ მიმართულებით?

— ალბათ, ძნელად მოიძებნება კანონი, რომელშიც მისი მიღებიდან 25 წლის განმავლობაში იმდენი ცვლილება და დამატება იქნა შეტანილი, რამდენიც კანონში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“. შედეგად 2010 წლისათვის საქართველოში თითქმის მთელ ფარმაცევტულ ბაზარს ოთხი მსხვილი კომპანია აკონტროლებდა. ისინი არამხოლოდ ფარმაცევტულ წარმოებასა და საბითუმო ბაზებს, არამედ სააფთიაქო ქსელებსაც ფლობდნენ და წამლის ფასებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე აყალიბებდნენ. უფრო მეტიც, ეს კომპანიები საავადმყოფოთა პრივატიზების პროცესშიც აქტიურად ჩაერთნენ და მათ საკუთრებაში არსებულ სამკურნალო დაწესებულებებში მხოლოდ თავიანთ მიერ წარმოებულ ან იმპორტირებულ პრეპარატებს მოიხმარდნენ.

ყოველივე ამის გამო საქართველოში მედიკამენტების ფასები უზომოდ გაიბერა და 2020 წელს მოსახლეობის მიერ ჯანმრთელობაზე საკუთარი ჯიბიდან გაწეული ხარჯების 62 პროცენტი შეადგინა.

მისასალმებელია, რომ 2022 წლის ბოლოს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, სახელმწიფო ვალდებულია, ბაზარზე არამხოლოდ ხარისხიანი და უსაფრთხო წამლის არსებობა, არამედ მასზე ხელმისაწვდომობაც უზრუნველყოს. ამასთან, კანონში შეტანილი ცვლილებებით, მედიკამენტებზე ზღვრული ფასები წესდება, ხოლო დამრღვევთათვის მკაცრი სანქციებია გათვალისწინებული.

მედიკამენტებზე ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად და მათზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რომ ფარმაცევტული პრეპარატებისა და სამედიცინო მოხმარების საგანთა წარმოება, იმპორტი და დისტრიბუცია სააფთიაქო ქსელებისაგან გამოცალკევდეს. ვფიქრობ, წამალპოლიტიკის მიმართულებით ხელისუფლების შემდგომი ქმედება სწორედ ეს უნდა იყოს.

     სამედიცინო ობიექტების პრივატიზება

— ცნობილი ამბავია, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში პრივატიზაციის პროცესმა, ფაქტობრივად, სახელმწიფო ქონების დატაცების სახე მიიღო.  საინტერესოა, როგორ წარიმართა პრივატიზაციის პროცესი ჯანდაცვის სისტემაში და რამდენად დადებითად ან უარყოფითად აისახა იგი სამედიცინო სფეროს ფუნქციონირებაზე?

— 1994 წლის დასაწყისში საქართველოში ფუნქციონირებდა 421 სტაციონარული და 1357 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება, რომელთა 80 პროცენტი ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებში იყო განთავსებული, 90 პროცენტს კი სისტემატური წყალმომარაგება და გათბობა არ გააჩნდა. „სიმენსის“ ფირმის მიერ 1995-1996 წლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვილობის 97 პროცენტი ამორტიზებული გახლდათ, თითქმის განადგურებული იყო სანიტარიული ავტოტრანსპორტი, რომლის ექსპლუატაციაც სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის მწვავე დეფიციტის გამო ფერხდებოდა.

შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავალს წარმოადგენდა სისტემის განთავისუფლება სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციული ფორმებისაგან, ამის ერთ-ერთი გზა კი ჭარბი ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია იყო. ამ პროცესის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით, 1995 წლის 30 ივნისს გამოიცა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების შესახებ“.

1998-1999 წლებში განხორციელდა ჯერ — აფთიაქების, ხოლო შემდეგ სტომატოლოგიური დაწესებულებების სრული პრივატიზება. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი და წამლებისაგან დაცარიელებული აფთიაქების პრივატიზების წყალობით შესაძლებელი გახდა, ფარმაცევტული პრეპარატებითა და სამედიცინო მოხმარების საგნებით ვაჭრობა ბაზრობების დახლებიდან აფთიაქებში გადასულიყო, რაც, ერთი მხრივ, მათი ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფდა, მეორე მხრივ კი, ლეგალური სამუშაო ადგილების შექმნას უწყობდა ხელს.

რაც შეეხება სტომატოლოგიურ პოლიკლინიკებსა და კაბინეტებს, მათმა პრივატიზებამ ხელი შეუწყო კერძო ინვესტიციების მოზიდვას თანამედროვე ტექნოლოგიების დასანერგად. შედეგად საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხი სწრაფად ამაღლდა, განვითარებულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს გაუტოლდა, უცხოელი პაციენტები მოიზიდა და წამყვანი როლი ითამაშა იმაში, რომ საქართველო, სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით, მიმზიდველ ქვეყნად გადაქცეულიყო.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ობიექტების პრივატიზების პროცესს მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდმა, რომელიც საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის ეგიდით იქნა დაარსებული. სწორედ აღნიშნული ფონდის დახმარებით მოხერხდა, რომ საავადმყოფოების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულიყო. კერძოდ, თუ 1991 წელს ქვეყანაში 390 საავადმყოფო არსებობდა, 2003 წლისათვის მათი რაოდენობა — 229-მდე, ხოლო საწოლთა ფონდი 55 190-დან და 18 151-მდე შემცირდა.

შემუშავებული გვქონდა ჰოსპიტალური სექტორის ოპტიმიზაციის ათწლიანი სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2010 წლისათვის საწოლთა ფონდი 13 000-მდე უნდა შემცირებულიყო, ხოლო პრივატიზაციიდან შემოსული თანხები, რომელთა საპროგნოზო ოდენობა 56 მილიონ დოლარს შეადგენდა, დარჩენილი საავადმყოფოების სრულ რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა.

— და რატომ ვერ მოხერხდა ამის გაკეთება?

— „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსულმა მთავრობამ საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის საქმიანობა, პრაქტიკულად, შეაჩერა, ხოლო 2007 წელს დაამტკიცა ე.წ. 100 საავადმყოფოს გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა საავადმყოფოს პრივატიზაციას პირდაპირი მიყიდვის წესით. კერძო ინვესტორებს ვალდებულება დაეკისრათ, პრივატიზებული საავადმყოფოებისათვის პროფილი, მინიმუმ, 7 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინათ, შემდეგ კი უფლება ეძლეოდათ, საავადმყოფოების შენობები და ტერიტორიები სხვა დანიშნულებით გამოეყენებინათ.

თუმცა, დაგეგმილი რეფორმა ვერ განხორციელდა, რადგან კერძო ინვესტორები საქართველოს რეგიონებში არსებული საავადმყოფოების პრივატიზებით ნაკლებად ინტერესდებოდნენ. ამის გამო მთავრობამ 2010 წელს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და კერძო სადაზღვევო კომპანიები დაავალდებულა, მათთვის განსაზღვრულ რეგიონებში 2011 წლის ბოლომდე ახალი საავადმყოფოები აეშენებინათ.

ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო, თითო მუნიციპალიტეტში თითო სადაზღვევო კომპანია იყო წარმოდგენილი, რამაც სადაზღვევო ბაზარზე კონკურენტული გარემო მოკლა, ხოლო ცალკეული სადაზღვევო კომპანიები „კანონიერ“ მონოპოლისტებად აქცია.

გარდა ამისა, დაზღვეულ მოქალაქეს არამხოლოდ სადაზღვევო კომპანიის, არამედ სასურველი სამედიცინო ორგანიზაციის არჩევის უფლებაც ჩამოერთვა და იძულებული გახდა, შემოფარგლულიყო მხოლოდ მის რაიონში მოქმედი სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით, რომელსაც ეს კომპანია თავისივე საკუთრებაში არსებულ საავადმყოფოში განახორციელებდა. ხაზგასასმელია, რომ ამით უხეშად დაირღვა „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი, რომლის თანახმადაც, „პაციენტს უფლება აქვს, აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი“.

— „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თუ გადადგა რაიმე ნაბიჯები ამ ვითარების გამოსასწორებლად?

— „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების მართვაში სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა გააუქმა და მათ ნაცვლად ეს ფუნქცია სოციალური მომსახურების სააგენტოს დააკისრა, მაგრამ საავადმყოფოების ოპტიმიზაციის პროცესი მაინც შეფერხდა. მეტიც, 2012-2018 წლებში გაიზარდა ისეთი მცირე საწოლფონდიანი საავადმყოფოების რაოდენობა, რომელთა დაფინანსების ძირითად წყაროს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენს.

კერძოდ, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, საქართველოში საავადმყოფოების რაოდენობა 229-დან 272-მდე გაიზარდა, თუმცა, ჭარბი სამედიცინო ინფრასტრუქტურა ხშირ შემთხვევაში ისე იქმნება, რომ მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებები გათვალისწინებული არ არის. ამასთან, საავადმყოფოთა ზრდის ფონზე, არათანაბარია მათი სიმძლავრე და საწოლფონდის დატვირთვა, რაც დღეს მხოლოდ 47 პროცენტს უტოლდება, არადა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რენტაბელობის მაჩვენებელი 80 პროცენტი უნდა იყოს.

— კონკრეტულად, მაინც რატომ ახდენს უარყოფით გავლენას ჯანდაცვის სექტორის განვითარებაზე ბევრი საავადმყოფოსა და აუთვისებელი საწოლების არსებობა?

— საწოლების არასათანადო დატვირთვა მომსახურების ხარჯებს ზრდის, ხარისხს კი ამცირებს, რადგან უარყოფით გავლენას ახდენს დაუტვირთავი მედპერსონალის კვალიფიკაციაზე. ამასთანავე, მცირე საავადმყოფოებს არ გააჩნიათ შესაძლებლობა, განვითარდნენ და ინვესტიციები ჩადონ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო აღჭურვილობაში. საავადმყოფოების სიჭარბე ზრდის ადმინისტრაციულ, კომუნალურ და სხვა სახის ხარჯებსაც, რაც სამედიცინო მომსახურების საერთო დანახარჯებზე აისახება.

სამედიცინო დაწესებულებათა პრივატიზების დაწყებისას მიმაჩნდა და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ წარმატების გასაღები საკუთრების სხვადასხვა ფორმის მქონე (სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო, არამომგებიანი‘ სამედიცინო ორგანიზაციების არსებობაშია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სამედიცინო სექტორისა და სახელმწიფოს პარტნიორობის განვითარება, რაც კონკურენციის გაზრდას შეუწყობს ხელს და პაციენტს საშუალებას მისცემს, აირჩიოს მისთვის სასურველი, ფინანსურად ხელმისაწვდომი სამედიცინო დაწესებულება. გარდა ამისა, გაიზრდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი და შემცირდება ჯანდაცვის ხარჯები.

     სამედიცინო დაწესებულებებისა და პერსონალის აკრედიტაცია-ლიცენზირება

— ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც სახელმწიფოს ხელში ყველაზე მძლავრი ბერკეტი სამედიცინო დაწესებულებებისა და საექიმო საქმიანობის ლიცენზირება გახლდათ. სწორედ ამ მიზნით, 1997-1999 წლებში გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე ბრძანებულება და განისაზღვრა სამედიცინო საქმიანობის იმ სახეობათა ნუსხაც, რომლებიც ლიცენზირებას უნდა დაქვემდებარებოდა.

უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელთა დიპლომიან კურსდამთავრებულებს დამოუკიდებელი პრაქტიკული საექიმო საქმიანობის უფლება ეძლეოდათ სწავლების მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო სალიცენზიო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. დიპლომირებული მედიკოსი, რომელიც სამეტაპიან გამოცდას წარმატებით ჩააბარებდა, საექიმო საქმიანობის უვადო ლიცენზიასა და შესაბამისი სპეციალობის 5-წლიან სახელმწიფო სერტიფიკატს იღებდა, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ ხელახალ სერტიფიკატს მოიპოვებდა იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახალი პროფესიული სტანდარტების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების ათვისებაზე იზრუნებდა.

1998 წელს დაიწყო მეან-გინეკოლოგთა სერტიფიცირება, 1999 წელს ამ პროცესში პედიატრები, ქირურგები, თერაპევტები და ჰიგიენისტები ჩაერთნენ, ხოლო 2000 წლიდან — დანარჩენი სპეციალობის ექიმები.

— როგორ და რა კრიტერიუმებით ხდება სამედიცინო დაწესებულებებისა და პერსონალის აკრედიტაცია-ლიცენზირება დღევანდელ საქართველოში?

— 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ერთობ პოპულისტური გადაწყვეტილება მიიღო და ექიმთა რესერტიფიცირების პროცესი გააუქმა, ცალკეულ სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მიმნიჭებელი სერტიფიკატი კი უვადო გახადა. ამ ნაბიჯს საფუძვლად დაედო აბსოლუტურად მცდარი მოსაზრება, თითქოს სამედიცინო ბაზარი თვითრეგულირების მექანიზმს უნდა დაყრდნობოდა, ხოლო სამედიცინო პერსონალს თვითგანვითარების პრინციპებით უნდა ეხელმძღვანელა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა იურიდიული პირების მიერ სამედიცინო საქმიანობის უფლების მოპოვების წესიც. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებათა საქმიანობის ლიცენზია შეიცვალა სანებართვო მოწმობით, რომელიც სავალდებულო გახდა არა ყველა ტიპის სამედიცინო დაწესებულებისათვის, არამედ მხოლოდ საავადმყოფოებისა და იმ ტიპის სტომატოლოგიური კლინიკებისათვის, რომლებიც რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს აწარმოებდნენ. შედეგად, ამბულატორიული ტიპის სამედიცინო საქმიანობა არანაირ ნებართვას არ საჭიროებს.

ამ გაუაზრებელი და გაუმართლებელი ცვლილებებით სახელმწიფომ, ფაქტობრივად, უარი თქვა ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციაზე, როგორიც ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფაა.

შედეგად, დღეს საქართველოში, ყველა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნისაგან განსხვავებით, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში მონაწილეობა არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითია, დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი კი უვადოდ გაიცემა ისე, რომ მასზე არ არის მიბმული შემდგომი პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კრიტერიუმები. არადა, უწყვეტ სამედიცინო განათლებას პირდაპირი კავშირი აქვს პაციენტის უსაფრთხოებასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხთან, რის გამოც ის სავალდებულო უნდა იყოს.

საქართველო ევროპული ორიენტაციის ქვეყანაა, ალბათ, ევროკავშირის წევრიც გახდება და მრავალ სხვა პარამეტრთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებათა აკრედიტაცია-ლიცენზირებისა და პერსონალის სერტიფიცირების სისტემებიც ევროკავშირის მოთხოვნების მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს.

     სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების რეფორმა

— რა პრობლემების წინაშე იდგა საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლება იმ დროისათვის, როცა ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაცია დაიწყეთ?

— ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის დაწყებამდე საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების სისტემაში საგანგაშო მდგომარეობა იყო შექმნილი, რისი ძირითადი მიზეზიც ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო და კერძო სამედიცინო სასწავლებლებისა და ფაკულტეტების გაუმართლებელი მრავალრიცხოვნობა გახლდათ.

ექიმთა საერთო რაოდენობის, მათ შორის, ვიწრო სპეციალისტების სიჭარბეს სამედიცინო განათლების საბჭოთა სისტემაც უწყობდა ხელს, თუმცა, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების კვალდაკვალ, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა დებულება „საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების შესახებ“, 1996 წლისათვის ქვეყანაში გაჩნდა სამედიცინო პროფილის 58 უმაღლესი სასწავლებელი, რომელშიც 15 000-მდე სტუდენტი სწავლობდა.

აქედან გამომდინარე, აუცილებელი იყო უმაღლესი სამედიცინო განათლების ოპტიმიზაცია, რასაც საფუძველი დაედო საქართველოს პრეზიდენტის მიერ 1996 წლის 11 ივნისს გამოცემული ბრძანებულებით, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიაზე ახალი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების, ფაკულტეტებისა და სექტორების გახსნა დროებით აიკრძალა. ამასთანავე, დაიწყო სახელმწიფოს მიერ მანამდე ლიცენზირებული და რეგისტრირებული უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების, ფაკულტეტებისა და სექტორების ატესტაცია-აკრედიტაციის პროცესი; უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლები ორეტაპიან და სამეტაპიან სასწავლებლებად დაიყო; სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა პროფესიული დონის ასამაღლებლად დაიწყო მათი მომზადება ზოგად და დარგობრივ რეზიდენტურებში; მოხდა უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში მისაღები კონტინგენტის თანმიმდევრული ლიმიტირება.

ყველაფერთან ერთად, შემუშავებულ იქნა სამედიცინო განათლების განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მთავრობის ძირითად სამოქმედო დოკუმენტს წარმოადგენდა. ადგილობრივმა სპეციალისტებმა და უცხოელმა ექსპერტებმა საშუალო და უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლებისათვის მოამზადეს საგანმანათლებლო სტანდარტები და რეზიდენტურის პროგრამები ოჯახის ექიმის, შინაგანი მედიცინის, კრიტიკული მედიცინის, ინფექციური სნეულებების, პედიატრიის, ნევროლოგიის, ქირურგიის, ტრავმატოლოგია-ორთოპედიის, მეანობა-გინეკოლოგიის, რადიოლოგიის, ფსიქიატრიისა და ფთიზიატრიის სპეციალობებში.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 1999 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ რეზიდენტურის პროგრამებით ექიმთა მომზადების დაფინანსება დაიწყო. გარდა ამისა, სასწავლო პროცესისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსამტკიცებლად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს — ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო, ხოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი გადაეცა.

— სამედიცინო სისტემის გამართული და ხარისხიანი ფუნქციონირებისათვის არამხოლოდ მაღალკვალიფიციური ექიმები, არამედ პროფესიონალი ექთნებიც არის საჭირო. ამ მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა?

— საბჭოთა სისტემის პირობებში, ექთნებს ნაკლები კვალიფიკაცია ჰქონდათ და, ძირითადად, ექიმთა დამხმარეების ფუნქციას ასრულებდნენ, არადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, საექთნო საქმე წარმოადგენს დამოუკიდებელ პროფესიას, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, უზრუნველყოფს ავადმყოფის მოვლას და ზრუნავს მის გაჯანსაღებაზე.

საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ექთნის ფუნქციები გაცილებით ვიწრო იყო, ხოლო პროფესიული დონე — გაცილებით დაბალი, რის გამოსწორებაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აშშ-ის ჯანმრთელობის საერთაშორისო ალიანსმა, რომელმაც ორგანიზება გაუწია ქართველი ექთნების სწავლებას უცხოეთის საექთნო სკოლებში და ხელი შეუწყო საქართველოს ექთანთა ასოციაციის ჩამოყალიბებას.

1998 წლიდან ჯანდაცვის მართვის ნაციონალურმა ცენტრმა მუშაობა დაიწყო ექთნების ახალი პროფესიული სტანდარტების შექმნაზე, სამედიცინო დაწესებულებათა მთავარი და უფროსი ექთნების უფლება-მოვალეობების გაზრდასა და საექთნო საქმის ორგანიზებისა და მართვის სფეროს გაფართოებაზე. ცენტრის ბაზაზე ახალი ტიპის ხელმძღვანელი ექთნების მოსამზადებლად ამოქმედდა ლიდერ ექთანთა, ექთან-ნეონატოლოგთა და ბებიაქალთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ზოგადი პრაქტიკის ექთნებად გადამზადების კურსები, ასევე სხვა უწყვეტი საექთნო განათლების პროგრამები.

საერთო ჯამში, პროფესიული განათლების სისტემის შეცვლამ მოგვცა სახელმწიფო მექანიზმი, რომლითაც ჯანდაცვის ბაზრისათვის კადრების მიწოდებას ვარეგულირებდით. ქვეყანაში ექიმ-სპეციალისტებზე არსებული მოთხოვნის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო რეზიდენტურაში ადგილების რაოდენობას განსაზღვრავდა და რეზიდენტებს ბიუჯეტიდან აფინანსებდა.

„ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ხელისუფლებამ 2005 წლიდან რეზიდენტურის სახელმწიფო დაფინანსება შეწყვიტა და სწავლების საფასურის გადახდა თავად რეზიდენტებს დააკისრა, რაც დასავლეთის არცერთ ქვეყანაში არ ხდება. მეტიც, რეზიდენტებს, როგორც წესი, ხელფასს უხდიან, რადგან ისინი სამედიცინო მომსახურების მიწოდების სფეროში აქტიურად არიან ჩართული.

— ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ამ კუთხით რამე შეიცვალა?

— 2015 წლიდან სახელმწიფომ ზოგიერთ დეფიციტურ სპეციალობაში რეზიდენტების მომზადების დაფინანსება დაიწყო, მაგრამ მათი რაოდენობა მხოლოდ მაღალმთიანი და ე.წ. საზღვრისპირა რაიონებისათვის აუცილებელი სპეციალისტებით შემოიფარგლება.

თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველოს სამედიცინო განათლების სისტემას მნიშვნელოვანი რეფორმები სჭირდება, რათა ექიმების ახალი ნაკადები ქვეყნის საჭიროების შესაბამისად დაბალანსდეს. აგრეთვე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ექთნების საბაკალავრო განათლების პოპულარიზაციას.

— ჯანდაცვის ახალი სისტემის ჩამოყალიბების პროცესში, რა ნაბიჯები გადაიდგა სამედიცინო მეცნიერების განვითარებისათვის?

— სამედიცინო მეცნიერების განვითარება ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახლდათ, რადგან თეორიულ თუ კლინიკურ მედიცინაში შესაბამისი კვლევებისა და მეცნიერული უზრუნველყოფის გარეშე ყოველგვარი პროგრესი გამორიცხულია.

1995 წლისათვის საქართველოში 31 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და მასთან გათანაბრებული დაწესებულება ფუნქციონირებდა, სადაც 5824 მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობდა, თუმცა, მორალურად და მატერიალურად მოძველებული აღჭურვილობის გამო წარმოუდგენელი გახლდათ, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების დონეზე წარმართულიყო.

სამედიცინო მეცნიერების რეფორმირებისათვის გატარებულ ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებას შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საეტაპო გახლდათ ამერიკის ჯანმრთელების ნაციონალური ინსტიტუტების, ჯონ ფოგრატის საერთაშორისო ცენტრის, სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სიმპოზიუმი, რომელიც 1996 წლის ნოემბერში აშშ-ის ქალაქ ბეთესდაში ჩატარდა. ეს ღონისძიება საგანგებოდ მიეძღვნა საქართველოში სამედიცინო მეცნიერების პრიორიტეტების განსაზღვრასა და სამეცნიერო კვლევების დასაფინანსებლად თანამედროვე მეთოდების დანერგვას.

ერთი წლის შემდეგ, 1997 წლიდან, საქართველოში სამედიცინო მეცნიერების დაფინანსების პრინციპი მართლაც რადიკალურად შეიცვალა და შემოღებული იქნა გრანტული წესით დაფინანსების მეთოდი, რომელიც არა სამეცნიერო დაწესებულების, არამედ კონკრეტული მეცნიერული თემის დაფინანსებას გულისხმობდა, თემების შერჩევა კი კონკურსის საფუძველზე ხდებოდა. ფინანსური რესურსების სიმწირის მიუხედავად, 1997-1998 წლებში, სამედიცინო მეცნიერებისა და განათლების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრანტული პრინციპით 63 სამეცნიერო კვლევა დაფინანსდა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საუნივერსიტეტო მეცნიერების განვითარებაზე, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო კვლევები, ძირითადად, ჯანდაცვის მართვის ნაციონალურ ცენტრში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჰიგიენის ეროვნულ ინსტიტუტში წარიმართებოდა. დანარჩენი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები მაღალი დონის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებებად ჩამოყალიბდნენ, ზოგი მათგანი კი უნივერსიტეტებთან ინტეგრირდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში პირველი უწყება იყო, რომელმაც მეცნიერული კვლევების გრანტული წესით დაფინანსება დანერგა. შედარებისათვის გეტყვით, რომ შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელიც სამეცნიერო კვლევებს გრანტული წესით აფინანსებს, მხოლოდ 2010 წელს დაარსდა.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში არსებული მეცნიერული პოტენციალის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ჯანდაცვის სამინისტროს გააზრებული პოლიტიკის შედეგი იყო.

      სამედიცინო საინფორმაციო სამსახურის რეფორმა

— დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, სრულიად მოიშალა სამედიცინო სტატისტიკის შეგროვებისა და დამუშავების სისტემა, რომლის გარეშეც შეუძლებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მისი გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა.

მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, 1995 წელს ჯანდაცვის სამინისტროს გამოთვლითი ცენტრის ბაზაზე სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრი შეიქმნა, რასაც მთელი რიგი კომპლექსური ნაბიჯებიც მოჰყვა და, საბოლოო ჯამში, ფაქტობრივად, ნულიდან შევქმენით ახალი სამედიცინო საინფორმაციო სამსახური. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და მისმა ევროპის რეგიონულმა ბიურომ, რომელთა მხარდაჭერითაც ჯანდაცვის სამინისტრო გახდა პირველი უწყება, რომელმაც საკუთარი საქმიანობის ანალიზის, შეფასებისა და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისათვის აუცილებელი სტატისტიკური მონაცემების ხარისხი უზრუნველყო.

— საინტერესოა, როგორი იყო დემოგრაფიული სტატისტიკა დამოუკიდებლობის გზაზე ახალშემდგარ საქართველოში, რომელსაც პოლიტიკური და სამხედრო კატაკლიზმები დაატყდა თავს?

— სწორედ ახალი სამედიცინო საინფორმაციო სამსახურის მიერ წარმოებულმა უტყუარმა სტატისტიკამ გვიკარნახა იმის აუცილებლობა, რომ 1998 წელს ჯანდაცვის სამინისტროში დემოგრაფიის დეპარტამენტი შეგვექმნა. იმ დროს საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა იყო, რაც ღრმა ეკონომიკური კრიზისით, უკიდურესი სიღატაკითა და გარედან თავსმოხვეული კონფლიქტებით იყო განპირობებული. მოსახლეობის რაოდენობის კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ გაძლიერებული გარე მიგრაცია და შობადობის კრიზისულ ზღვრამდე შემცირება. თუ 1980-იან წლებში საქართველოში ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი ბავშვი იბადებოდა, 1997-1999 წლებში ეს რიცხვი დაახლოებით 47 000-მდე შემცირდა. 1000 მოსახლეზე შობადობის ჯამობრივი მაჩვენებელი, რომელიც 1990 წელს 2,16 იყო, 1999 წლისათვის 1,44-მდე შემცირდა, რაც მჭიდროდ უკავშირდებოდა ქორწინებათა რიცხოვნობის შემცირებას. ამასთან, ოჯახის დაგეგმვის პროცესში სულ უფრო ფართოდ დამკვიდრდა ერთი ან ორი ბავშვის ყოლა, თანაც, პირველი ბავშვის დაბადების შემდგომ ოჯახი ცდილობდა, მეორე ბავშვის გაჩენა სამომავლოდ გადაედო.

ასეთ ვითარებაში, ჯანდაცვის სამინისტროში დემოგრაფიის დეპარტამენტის შექმნა, უპირველეს ყოვლისა, იმას ნიშნავდა, რომ ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა დემოგრაფიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას. დემოგრაფიის დეპარტამენტი ფართო მუშაობას ეწეოდა სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და დემოგრაფიული განათლების ასამაღლებლად. მომზადდა ქვეყნის დემოგრაფიული კრიზისიდან გამოყვანის რეკომენდაციები, რომელიც დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებთან ერთად ახალგაზრდა ოჯახებისა და მათი გამრავლების მატერიალურ სტიმულირებასაც გულისხმობდა. თუმცა, იმ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 1998-1999 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან ჯერ კიდევ არ იყო გამოსული, რის გამოც სახელმწიფოს დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებისათვის აუცილებელი რესურსები არ გააჩნდა.

— მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ეკონომიკა გასული საუკუნის 90-იანი წლებისას ბევრად აღემატება, ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა მაინც არასახარბიელოა. რითია ეს განპირობებული და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ ვითარების გამოსასწორებლად?

— დიახ, ეკონომიკური აღმავლობის მიუხედავად, საქართველოში დეპოპულაციის პროცესი გრძელდება, რაშიც გარკვეულ როლს ახალგაზრდა, შრომისუნარიანი მოქალაქეების გაზრდილი მიგრაცია თამაშობს, თუმცა, უმთავრესი მაინც ის ფაქტორია, რომ ამჟამად რეპროდუქტიულ ასაკში, ძირითადად, ის ქალები არიან, რომლებიც ქვეყანაში შობადობის ორჯერ შემცირების პერიოდში დაიბადნენ და, შესაბამისად, მათი რიცხვიც ორჯერ ნაკლებია. არადა, ამგვარი ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, 2050 წლისათვის საქართველოში შობადობა უკიდურესად შემცირდება და ერი სრული დეპოპულაციის საშიშროების ქვეშ აღმოჩნდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ხელისუფლებამ 2004 წელს კიდევ ერთი გაუმართლებელი ნაბიჯი გადადგა და ჯანდაცვის სამინისტროში არსებული დემოგრაფიის დეპარტამენტი გააუქმა.

მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს სრულყოფილი დემოგრაფიული პოლიტიკის შექმნა და მისი განხორციელება, რაც ორიენტირებული იქნება შობადობის შემცირების პროცესის შეჩერებაზე, დედათა და ბავშვთა სამედიცინო მომსახურების მკვეთრ გაუმჯობესებაზე, სკოლამდელი და სასკოლო განათლების თანამედროვე ევროპულ დონეზე აყვანასა და, რაც მთავარია, ახალგაზრდა ოჯახების შექმნისა და მათი გამრავლების სტიმულირებაზე.

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება ეროვნულ იდეად უნდა იქცეს და სახელმწიფოს მხრიდან გატარდეს გადაუდებელი ღონისძიებები, ადეკვატური სამართლებრივი და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით.

     საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკა

— დღევანდელი გადასახედიდან რომ შევაფასოთ, რამდენად შეძელით, სისრულეში მოგეყვანათ და რეალობაში გაგეტარებინათ თქვენი მინისტრობისას შემუშავებული „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის განვითარების სტრატეგიული გეგმა“, რომელიც 10-წლიან პერიოდზე იყო გათვლილი?

— ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკა და მისი დანერგვის სტრატეგიული გეგმა დარგის განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იყო. გვსურდა, მისი საშუალებით ხორცი შეგვესხა ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის მოწოდებისათვის: „საკუთარი ამოცანების ჩამოყალიბებისას დაეყრდენით დღევანდელი დღის რეალობას და ოცნებას ხვალინდელ დღეზე“.

ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკის მომზადებაში განსაკუთრებულ დახმარებას გვიწევდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჯო ასვალი. სწორედ მისი უშუალო მხარდაჭერით, 1997 წლის 12 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ქართველ მედიკოსებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. კონფერენციაზე მომავალი პოლიტიკის გრძელვადიანი მიზნები და ერის ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი პრიორიტეტები განისაზღვრა.

მოკლედ, უცხოელ პარტნიორებთან ერთად დიდი სამუშაო გავწიეთ და 2010 წლამდე საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ძირითად პრიორიტეტებად დავსახეთ:

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება;

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის შემცირება;

ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის, გამოვლინებებისა და მკურნალობის გაუმჯობესება;

ტრავმატიზმის შემცირება;

გადამდები და სოციალურად საშიში დაავადებების შემცირება;

ფსიქიკური ჯანმრთელობა;

ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;

ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პრობლემის გადაჭრა.

ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

ჯანდაცვის სფეროში მოქალაქეთა სოციალური და ინდივიდუალური უფლებების უზრუნველყოფა;

ჯანდაცვის შესაძლებლობებში თანასწორუფლებიანობის მიღწევა მოსახლეობის ყველა ჯგუფისათვის, განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა, ასაკისა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, პოლიტიკური და რელიგიური მრწამსისა, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა;

ადამიანის ჯანმრთელობისათვის მდგრადი უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბება;

ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად გამიზნულ ღონისძიებათა სტიმულირება (თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარების შემცირება — განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის‘;

მოსახლეობის უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობის უსაფრთხო სასმელი წყლითა და ჯანმრთელი, მრავალფეროვანი საკვებით;

საკვები კომპონენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პრევენცია;

ჯანმრთელი კვების პროპაგანდა;

მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა;

ახალშობილთა და დედათა სიკვდილობის შემცირება;

მოსახლეობის ავადობის შემცირება.

— იმდროინდელ ქართულ სახელმწიფოს გააჩნდა კი ფინანსური რესურსები ამხელა საქმისათვის?

— ექსპერტული გაანგარიშებით, 10-წლიანი სტრატეგიული გეგმის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარს აღემატებოდა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გრძელვადიანი პროგნოზის საფუძველზე კი სახელმწიფოს იმ პერიოდში მხოლოდ 1,78 მილიარდი დოლარის მობილიზება შეეძლო. ამდენად, იძულებული ვიყავით, გეგმის სრული განხორციელებისათვის აუცილებელი კიდევ 763 მილიონი დოლარი ქვეყნის გარეთ მოგვეძიებინა.

1999 წლის 28 სექტემბერს კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს შტაბბინაში უპრეცედენტო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკისა და მისი განხორციელების ათწლიანი სტრატეგიული გეგმა წარვადგინეთ. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სისტემების განვითარებით დაინტერესებული საერთაშორისო და ბილატერალური დონორები, რომელთა უმრავლესობამ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა აღგვითქვა. შედეგმაც არ დააყოვნა და 2000 წლიდან დაპირებების პრაქტიკული ხორცშესხმა დაიწყო.

— კერძოდ, რა გაკეთდა?

— საგაზეთო ფორმატი ყველა პროექტზე საუბრის საშუალებას არ მოგვცემს, მაგრამ რამდენიმე მათგანს მაინც ჩამოვთვლი.

ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროსა და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2000-2003 წლებში ხორციელდებოდა შემდეგი პროექტები:

პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების სტრატეგიის მხარდაჭერა;

არაინფექციურ დაავადებათა მართვის პოტენციალის გაძლიერება;

ინფექციურ დაავადებათა ზედამხედველობის გაუმჯობესება;

ტუბერკულოზის, მალარიისა და იმუნიზაციის პროგრამების ურთიერთკავშირის განმტკიცების მხარდაჭერა;

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის დარგებში კანონმდებლობის გადასინჯვის მხარდაჭერა;

ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერა იძულებით ადგილნაცვალ პირთა ფსიქიკური სტატუსის გაუმჯობესების მიზნით;

თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერა;

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის მხარდაჭერა;

ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის კომპონენტების გადასინჯვა თემატური სფეროების მიხედვით, განსაკუთრებული ფოკუსირებით სიღარიბის დაძლევაზე.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF‘ კავკასიის რეგიონის წარმომადგენლობასა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობდა 5-წლიანი (2000-2005) თანამშრომლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდებოდა პროექტები:

იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამა;

დედათა და ბავშვთა ცენტრების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;

ნეონატოლოგებისა და ბებიაქალების გადამზადება;

ძუძუთი კვების ხელშეწყობა;

იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პრევენცია;

რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა;

აივ/შიდსის პრევენცია;

ბავშვისადმი კეთილგანწყობილი საავადმყოფოს ინიციატივა;

ახალგაზრდობისადმი კეთილგანწყობილი ცენტრების ჩამოყალიბება და რეგიონული ქსელის შექმნა.

შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდი აფინანსებდა შემდეგ პროგრამებს:

აივ ინფექცია/შიდსზე ეროვნული საპასუხო ზომების გაძლიერების მხარდაჭერა ეფექტიანი პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების გზით;

მალარიის კონტროლი და პრევენცია საქართველოში.

ამერიკის ჯანმრთელობის საერთაშორისო კავშირი (AIHA) 2000-2004 წლებში ახორციელებდა ხუთ პარტნიორულ პროგრამას:

ქუთაისი-ატლანტა (ჯორჯიის შტატი) — ქალთა ჯანმრთელობისა და პირველადი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაარსდა ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი, დაინერგა უსაფრთხო დედობის სახელმწიფო პროგრამა და 32 000 ათასი მასწავლებლის სკრინინგის მუნიციპალური პროგრამა;

მცხეთა-მთიანეთი — მილუოკი (ვისკონსინის შტატი) — პირველადი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მცხეთაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აღიჭურვა პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც საოჯახო მედიცინის ტრენინგ-ცენტრის ფუნქციასაც ასრულებდა;

თბილისი-სკრენტონი (პენსილვანიის შტატი) — ჯანდაცვის მართვის ნაციონალურ ცენტრში დაინერგა ჯანდაცვის მენეჯმენტის მოკლევადიანი კურსები სამედიცინო დაწესებულებათა ადმინისტრაციული პერსონალისათვის; ქუთაისში, ბათუმსა და თელავში გაიხსნა ცენტრის სასწავლო ფილიალები, რომლებსაც მიეწოდა შესაბამისი აღჭურვილობა.

თბილისი-მინეაპოლისი (მინესოტას შტატი) — ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ფარგლებში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აღიჭურვა მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები, მოხდა მარაგების შეძენა და პერსონალის ტრენინგი ინფექციისადმი მგრძნობელობის ტესტირებისა და ეპიდემიის კვლევის საკითხებში; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მომზადდა ქართველ ეპიდემიოლოგთა პირველი კოჰორტა.

თბილისი-სან-ფრანცისკო (კალიფორნიის შტატი) — სისხლის ბანკის პროგრამის ფარგლებში, ჯოენის სამედიცინო ცენტრში გაიხსნა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სისხლის ბანკი, რომელმაც 2001 წლიდან დაიწყო დონორების მიღება და სისხლისა და მისი კომპონენტების დამზადება.

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (GTZ) ახორციელებდა ფთიზიატრიული დახმარებისა და ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერას შემდეგი პროექტების მეშვეობით:

ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის უზრუნველყოფა ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებითა და აღმოსავლეთ საქართველოს ტუბდაწესებულებათა ლაბორატორიების აღჭურვა;

მიხეილ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიის ცენტრის მედიკამენტებითა და ლაბორატორიული აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA‘ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ახორციელებდა რეფერალური ჰოსპიტლების სამედიცინო აპარატურის გაუმჯობესების პროექტს, რომელიც გულისხმობდა აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის, მიხეილ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოსა და გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფას.

საქართველოში თანამედროვე კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის განვითარების ხელშეწყობის საზოგადოება გულის იშემიურ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, ახორციელებდა ექიმებისა და ექთნების მომზადებას გერმანიაში ბად-კროცინგენის გულის ცენტრსა და სტამბოლის კოშუოლუს გულის ცენტრში, ასევე გერმანელი და თურქი სპეციალისტების სამუშაო ვიზიტებს საქართველოში და ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად.

— როგორც ვიცი, თბილისში ლუგარის კვლევითი ცენტრის გახსნას, რითიც სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა დღემდე იწონებენ თავს, საფუძველი ჯერ კიდეც შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში, თქვენი მინისტრობისას ჩაეყარა… როგორ და რატომ გადაწყდა საქართველოში ლუგარის ცენტრის გახსნა?

— ლუგარის ცენტრის გახსნა საქართველოს ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად განიხილებოდა. ჩვენს ქვეყანაში მის შექმნას განსაკუთრებით ლობირებდა ცნობილი რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი, რომელიც 1998 წელს პირველად ჩამოვიდა თბილისში, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა და გადაწყდა ლაბორატორიის დაარსება.

იმის გათვალისწინებით, რომ ლუგარის ცენტრი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, 2000 წელს, როცა უკვე სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, რიჩარდ ლუგარსა და ჩემ შორის შეხვედრაზე გადაწყდა, ლაბორატორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში შესულიყო.

დღეისათვის ლუგარის ცენტრი, რომელიც მთლიანად აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით შეიქმნა, ბიოსამედიცინო და ბიოუსაფრთხოების სფეროში სამეცნიერო კვლევების ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა კავკასიის რეგიონის მასშტაბით. მას ბიოუსაფრთხოების მესამე დონე აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაბორატორიაში, პრაქტიკულად, ყველა სახის მიკრობს იკვლევენ.

თქვენ ახსენეთ — „ნაციონალური მოძრაობა“ ლუგარის ცენტრის გახსნით თავს იწონებსო… რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო გაუაზრებელი რადიკალური ცვლილებები საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, რაც, პრაქტიკულად, მედიცინის ყველა დარგს შეეხო. ამ ცვლილებების უმრავლესობას არანაირი მეცნიერული ან ეკონომიკური საფუძვლები არ გააჩნდა და მხოლოდ იმით გახლდათ მოტივირებული, რომ წინამორბედი ხელისუფლების მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების პოლიტიკური უარყოფა მომხდარიყო. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტიანი ექსპერტების მიერ მოწონებული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკის „სანაგვეზე“ გადაგდება, არადა, ამ პოლიტიკის არცერთ პრიორიტეტულ მიმართულებას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.

— იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობის, მათ შორის, მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება გიმაგრებთ ზურგს, რა იქნებოდა თქვენი მთავარი სათქმელი საქართველოს დღევანდელი მმართველებისა და, თუნდაც, კონკრეტულად, ჯანდაცვის სისტემის მესვეურებისათვის?

— საქართველოს უახლოესი წარსულის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჯანდაცვის სფეროს განვითარებას სისტემური მიდგომა სჭირდება, რადგან ცალკეული მიმართულების ფრაგმენტულ რეფორმებს სასურველი შედეგის მოტანა არ შეუძლია. სისტემის სრულყოფისაკენ მიმართული ძალისხმევა თანმიმდევრულობას, უწყვეტობას, მემკვიდრეობითობას მოითხოვს და დაუშვებელია, პერმანენტულ რყევებს განიცდიდეს. ქვეყანას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გრძელვადიანი სტრატეგიული მიმართულებები და სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს მის ეფექტიან და თანმიმდევრულ განვითარებას.

როგორც დღევანდელი, ისე მომავალი პოლიტიკოსებისადმი ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, ჯანმრთელობის დაცვის გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა ზეპარტიული კონსენსუსის თემად აქციონ. მთავრობების ცვლილებების მიუხედავად, სტრატეგიული კურსი კარდინალურად არ უნდა იცვლებოდეს და პოლიტიკური კონიუნქტურის გამო წინამორბედთა მიღწევების უარყოფა არ უნდა ხდებოდეს.

საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მაღალი ხარისხის, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღების უფლებას, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული.

ავთანდილ ჯორბენაძე: მინდა, უღრმესი პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო ჯანმრთელობის დაცვის ახალი სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილე მედიკოსებისა და ყველა ადამიანის მიმართ, რომელთა შორის, ჩვენი თანამემამულეების გარდა, ბევრი უცხოელი ექსპერტიც იყო.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც, გასული საუკუნის 90-იანი წლების უდიდესი სირთულეების მიუხედავად, არ დაკარგეს უკეთესი მომავლის რწმენა. მათი ნდობა ყველაზე დიდი სტიმული იყო ჩემს მუშაობაში.

 

„ასავალ-დასავალი“

ასევე იხილეთ