top_leaderboard
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ჩვენ ყველა მონაცემებით წინ წავიწიეთ

„ყველა ქვეყანაშია კორუფცია და სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაშიც არის რაღაც ხარისხით. ელიტური კორუფცია ნაცებისთვის დამახასიათებელი ნიშანია – როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოდიოდნენ, ამაში ასი ათასობით ადამიანი იყო ჩართული და ეს ცხოვრების წესი იყო სამწუხაროდ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ბიუჯეტის მითვისებისთვის სასტიკად სჯიდნენ ადამიანებს და მერე თვითონ იპარავდნენ ბიუჯეტიდან. ეს იყო ელიტური კორუფცია და ახლა არსებობს კორუფცია, რომელიც არც ერთ და არც მეორენაირ სახეობას არ მიეკუთვნება და რომელიც მილევად რეჟიმშია. კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ჩვენ ყველა მონაცემებით წინ წავიწიეთ, ამიტომ ელიტურ კორუფციაზე საუბარი მოგონილი ამბავია. რაღაც მასშტაბის კორუფცია ყველა ქვეყანაშია, თანამედროვე მსოფლიო ამას ებრძვის. შესაბამისად, ჩვენც ვებრძვით. ახლა გადავედით ახალ ეტაპზე. ჩვენ ვაპირებთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მსოფლიოს ათეულში აღმოვჩნდეთ. ამ პირობებში მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რომ მინისტრებს ჰქონდეთ 4000 ლარი. ადამიანებს, რომლებიც განკარგავენ მილიარდობით ლარს, 4000 ლარი არ უნდა ჰქონდეთ ხელფასი. ამ შემთხვევაში მართლა შეიძლება კორუფციის რისკები გაიზარდოს და ვერ გაუწიოს კონკურენცია მაგალითად, კერძო სექტორს, სადაც გაცილებით მაღალი ხელფასებია. საჯარო მოხელეს, მაღალი თანამდებობის პირს მაქსიმალურად უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჰქონდეს იმდენი ხელფასი მაინც, რომ ტვინში აზრად არ გაივლოს რამე კორუფციასთან დაკავშირებით. მართლა გმირები არიან ის ადამიანები, რომლებიც კორუფციას ებრძვიან და თან 4000 ლარი აქვთ ხელფასი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ