top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი კახიანი: უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

“სამწუხაროდ, დავით არახამიას განცხადებებში იმ დამოკიდებულებას ვხედავთ, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველო უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს.

“საქართველო უკრაინას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყველანაირად უდგას გვერდში და ჩვენ მათი მხარდაჭერისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას ვიღებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში იმ მდგომარეობას ვიზიარებთ, რა მდგომარეობაშიც ისინი არიან. ვხედავთ, უკრაინა რა მძიმე მდგომარეობაშია და ამიტომ მათთან ასეთ თემებზე პოლემიკაში შესვლა არ ღირს. ასეთი უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ”, – განაცხადა გიორგი კახიანმა შვეიცარიაში ვიზიტის დროს.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც არახამია აღნიშნავს: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

„ვიმედოვნებთ, უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

ასევე იხილეთ