top_leaderboard

MARCA მამარდაშვილზე: ძნელია იყო საუკეთესო და მინდორს წაგებული ტოვებდე

ვალენსიას ქართველ მეკარე გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგაში მორიგი გამორჩეული თამაში ჰქონდა და მართალია, მისმა გუნდმა ვილიარეალთან წააგო, საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამ ამბავს ესპანური MARCA გამოეხმაურა და დაწერა, რომ მამარდაშვილმა გუნდი ისეთ მომენტებში გადაარჩინა, როდესაც სტადიონი უკვე გოლის აღსანიშნავად ემზადებოდა.

“როდესაც ვილიარეალისა და ვალენსიას მატჩში ფინალური სასტვენის ხმა გაისმა, მთელი ყურადღება გიორგი მამარდაშვილის მიმართ იყო მიპყრობილი. იმის მიუხედავად, რომ მისმა გუნდმა წააგო, თამაშის MVP სწორეს ის გახდა და მხოლოდ ეს ფაქტიც მეტყველებს, რაოდენ მაღალ დონეზე ითამაშა.

როდესაც კამერამ თამაშის ბოლოს მამარდაშვილზე გადაინაცვლა, მას აშკარა უკმაყოფილება ეტყობოდა. მინდორზე იჯდა და სახეზე ბევრი რამ ეწერა. ის აშკარად მიხვდა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მაგრამ ეს სიხარულის მიზეზი ვერ გახდებოდა. მართლაც ძნელია იყო საუკეთესო და ამავდროულად, მინდორს დამარცხებული ტოვებდე.

ქართველმა მეკარემ თითი საფეთქელთან მიიდო და ამით მიანიშნა, რომ მეტი დაკვირვებითა და კონცენტრაციით თამაში იყო საჭირო, შემდეგ კი მინდორს ხელი დაარტყა და ისე წამოდგა. არადა, ის მართლაც გამორჩეული იყო. გიორგიმ ხომ გუნდ ისეთ მომენტებში გადაარჩინა, როდესაც ლა კერამიკა მზად იყო უკვე გოლის აღნიშვნა დაეწყო. 

საბოლოოდ, მამარდაშვილს 6 სეივი მოუგროვდა და მათ შორის პირველ ტაიმში მოგერიებული პენალტიც იყო, როდესაც მეკარემ ბაენას აჯობა. ამას გარდა, ვალენსიელთა კარის დარაჯმა სორლოტი, ხერარდი, კომესანა და ტრაორეც გააწბილა, აი, კუენკას თავურს კი ვეღარაფერი მიუხერხა”.

23 წლის მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 32 გოლი აქვს გაშვებული, 9-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა. ვალენსია 40 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 30 მარტს, მესტალიაზე მალიორკას უმასპინძლებს.

ასევე იხილეთ