top_leaderboard

დავით ქართველიშვილი: „ხალხის ძალამ“ გამორიცხა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უკრაინული ან მოლდოვური სცენარით: ომით, „პრაიდის“ ჩატარებით, პორნოგრაფიის ლეგალიზაციითა თუ ცალ ფეხზე ასკინკილით

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აღწერს იმ შედეგებს, რომელთაც მოძრაობამ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებამდე სულ რაღაც წელიწადნახევარში მიაღწია.

„არის ასეთი გამონათქვამი – უფლის წინაშე საბოლოო შედეგებით რომ განისაზღვრებოდეს ადამიანის გადარჩენის ბედი, ვინღა გადარჩებოდა. ამიტომ, მთავარი შემფასებელი კრიტერიუმი არის – მცდელობა. მაგრამ თუკი არც გიცდია, მაშინ სადღა მიდიხარ. საზოგადოებრივი მოძრაობიდან პოლიტიკური პარტიის დაფუძნებამდე, დაარსებიდან სულ რაღაც წელიწადნახევარში „ხალხის ძალამ”:

გამოაშკარავა „გლობალური ომის პარტიის” არაერთი მცდელობა, ქვეყანა შეეყვანა მისი სახელმწიფოებრიობის გამანადგურებელ ომში, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გზით;

ქვეყნის „ნაცმოძრაობის“ განშტოებები და მათი მკვებავი ენჯეო სექტორი, საერთაშორისო აგენტოკრატების კულუარული და არაფორმალური მმართველობის კომფორტული რეჟიმიდან სააშკარაოზე გამოიყვანა;

უპასუხოდ არ დატოვა ამ გამოაშკარავებით გაღიზიანებული „გლობალური ომის პარტიის” მესვეურების არცერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი გამოხტომა, მათი ავტორების რანგისა თუ რეგალიების მიუხედავად;

მათ შორის, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახელისუფლებო პროცესების დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნით, გამოიწვია ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ლუსტრაციის ტალღა, რომელიც შენიღბული და ხელშეუხებელი იყო ათობით წლის განმავლობაში;

ხელი შეუწყო ოპოზიციის რადიკალური ფრთის დასუსტებას;

დააანონსა 2008 წლის აგვისტოს ომში „ნაცმოძრაობის“ მიმართ ე.წ. „მცირე ნიურნბერგის” მსგავსი პოლიტიკური სასამართლოს ჩატარების აუცილებლობა ახალი მოწვევის პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების გზით;

მზადყოფნა გამოთქვა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში აღნიშნული საპარლამენტო-საგამოძიებო პროცესის დაუყოვნებლივ წამოწყების თაობაზე;

ხელი შეუწყო ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, „ნაცმოძრაობის მესამე“ პრეზიდენტად ჩამოყალიბების საბოლოოდ გამოაშკარავებას;

საზოგადოებაში თანამედროვე „კუ-კლუქს-კლანისა” და ლიბერალური ფაშიზმის იდეების დანერგვასთან ბრძოლის წინა ფლანგზე იმყოფება;

ამ ეტაპის ჩათვლით, ჩაშალა „გლობალური ომის პარტიის” მიერ ქვეყანაში „მაიდანის”, „ცხელი შემოდგომისა” და ახალი „რევოლუციის” მოწყობის არაერთი გეგმა;

გამორიცხა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უკრაინული ან მოლდოვური სცენარით: ომით, „პრაიდის“ ჩატარებით, პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონის მიღებით თუ ცალ ფეხზე ასკინკილით;

საქართველოს საგარეო ურთიერთობებში „ცალმხვრივი” მეგობრობისა და პარტნიორობის მავნე პრაქტიკის რევიზიონიზმს ჩაუყარა საფუძველი, რომლის ფარგლებში მოუწოდა აშშ-ს, გადახედოს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს;

მსოფლიოში „გენდერული” კვოტებისა და „სქესობრივი მრავალფეროვნების” თეორიების მზარდი გავრცელების ფონზე, საქართველოში ლგბტ პროპაგანდის გამომრიცხავი კანონმდებლობის შემოღების ინიციატორი გახდა;

არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ქვეყნის სსკ-ში „სახელმწიფო ღალატის” მუხლის დაბრუნებისა და მოქმედი კანონმდებლობის დეზინფორმაციასთან და ცილისწამებასთან ბრძოლის მიზნით დახვეწის თაობაზე;

მხარს უჭერს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა განიხილებოდეს მხოლოდ: ღირსეული ევროპის პირობებში – ღირსეული საქართველოს მიღების სახით“, – წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

ასევე იხილეთ