top_leaderboard

გივი მიქანაძე: ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რომ უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

„ოპოზიციის წარმომადგენელებმა იციან, რომ ლეგიტიმური გზით არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, უფრო მეტიც, კარგად ხვდებიან, რომ ეს არჩევნები ბევრი მათგანისთვის პოლიტიკური კარიერის დასასრული შეიძლება იყოს, ამიტომ ერთადერთ შესაძლებლობად აქციეს დეზინფორმაცია და შეტევა ცესკოსა და მის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე“, ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გივი მიქანაძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებები აწესებს იმაზე მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს ევროკავშირის იმ ქვეყნებშია დადგენილი, სადაც ცესკოს დაკომპლექტება პარლამენტის კომპეტენციაშია.

„დეკემბერში წარმოდგენილი დასკვნა არის სამართლებრივი არგუმენტებისგან დაცლილი დოკუმენტი, რომელიც გვთავაზობს ცესკოს დაკომპლექტების ისეთი სისტემის შემოღებას, რაც 2 წლის განმავლობაში არსებობდა საქართველოში და მთელი პროცესი ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა. პროცესი, რომელიც გვთავაზობს 6 თვით ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას, ნაცვლად 5-წლიანი მანდატისა. ჩვენს მიერ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის წარმომადგენლებისთვის დასმულ შეკითხვაზე, თუ რომელ ქვეყანაში არსებობს მსგავსი მოდელი, პასუხად მოჰყვა, რომ არსად არ არის მსგავსი მოდელი. უფრო მეტიც, შეხვედრებზე და მოლაპარაკებებზე დასავლელი პარტნიორები იზიარებენ იმ პოზიციას, რომ 5 წლით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები უფრო მაღალი დამოუკიდებლობის გარანტიით სარგებლობენ, ვიდრე 6 თვით არჩეული. ჩვენ შემოგვაქვს 3/5-ით არჩევის პირველადი პრინციპი, რაც 90 ხმას გულისხმობს. ოპოზიცია აღიარებს რომ ეს მოცემულობა ვერ იმუშავებს, რადგან მათთვის ნებისმიერი კანდიდატი მიუღებელია, ვისაც მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს, მიუხედავად იმისა, რამდენად პროფესიონალი და მიუკერძოებელიც არ უნდა იყოს ის“, განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია განზრახ ახდენს ცესკო-ს დისკრედიტაციას.

„მინდა გითხრათ, რომ ფუჭია თქვენი ყოველი მცდელობა. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ამიტომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ დავძლევთ ვეტოს და გავაგრძელებთ ევროპის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

ასევე იხილეთ