top_leaderboard

ბექა ოდიშარია: შენგენის ზონაში თუ გადავადგილდებით უვიზოდ, აშშ-ში რატომ უნდა იყოს პრობლემა?

“შენგენის ზონაში თუ გადავადგილდებით უვიზოდ, აშშ-ში რატომ უნდა იყოს პრობლემა, როგორ გავბედეთ, რომ ეს ვთხოვეთ პარტნიორს? პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა და ოპოზიციას მიმართა.

ოდიშარიას თქმით, კარგი იქნება, თუ აშშ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას დააწესებს.

„ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია დღეს ხმამაღლა გაჰყვიროდა, თითქოს ქართველებმა მეგობრობა არ ვიცით და უმადურები ვართ. ეს ტყუილია. ქართველებმა იციან მეგობრობა. გვახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან, რასაც ვაფასებთ, ამისთვის მადლობას ვუხდით, მაგრამ ფაქტია, რომ ურთიერთობები მდორე დინებაზე გადავიდა და ამ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სხვა სტრატეგიულმა პარტნიორებმა გაუსწრეს კონკრეტული ღონისძიებების, ბენეფიტების გენერირების მიმართულებით. მაგალითად, ჩინეთმა უკვე მოახერხა უვიზო რეჟიმის შემოღება, ძალიან მალე იქნება პირდაპირი ფრენები. დღეს დაგვაყვედრეს, თურმე რუსეთთან გვაქვს პირდაპირი ფრენები. არ ვიცი, ამ ხალხს სერიოზულად ღალატობს მეხსიერება თუ ასეთი მავნებლები არიან. შეგახსენებთ, რუსეთმა ცალმხრივად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მოხარული ვიქნები, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ცალმხრივად მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც უვიზო მიმოსვლის, ასევე პირდაპირი ფრენების შესახებ. რა არის ამაში ცუდი? ყველაფერში ცუდის დანახვა შეიძლება? ევროკავშირი თუ გვიშვებს თავისუფლად და შენგენის ზონაში გადავადგილდებით უვიზოდ, რა პრობლემა არის, რომ აშშ-ში გადავადგილდებოდეთ, რომელიმე შტატს დავიპყრობთ, თუ რა იქნება? არ უნდა გიხაროდეთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ყველას მოგცეთ საშუალება, ჩასხდეთ თბილისში და ჩაფრინდეთ ნიუ-იორკში, ვაშინგტონში ან სხვა რომელიმე შტატის დედაქალაქში. რა არის ამაში ცუდი და დასაძრახი? ანუ, როგორ გავბედეთ, რომ ეს ვთხოვეთ პარტნიორს? მე ცალმხრივი გამიგია მიჯნურობა, პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი, სხვა მეორე მოსაზრება ამის თაობაზე არ არსებობს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ