top_leaderboard
left_sabechdi

ბექა ოდიშარია: “ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ყოველი მეოთხე ქართველი იყო რეპრესირებული

“თქვენი სიტყვებია: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა საქართველო. საზოგადოებას რომ განვუმარტო: ანუ ყოველმა მე-4 ქართველმა დატოვა საქართველო. ამ სიტყვებს რომ ვუსმენ, ვფიქრობ, რომ ალბათ, ქვეცნობიერად, ისინი ეყრდნობიან სტატისტიკას, რომელიც მათი მმართველობის დროს რეალური იყო და მართლაც ყოველი მე-4 ქართველი იყო რეპრესირებული, პრობაციონერი, პატიმარი, დევნილი, დატერორებული, მათ შორის მოკვდინებულიც. ამიტომ ციფრების ამ არეალიდან შორს ვერ გადიან. რა ნამუსით ბედავთ ბიძინა ივანიშვილის გვარის ხსენებას ასეთ კონტექსტში?!”, – მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

მისი თქმით, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების 2/3-მა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დატოვა ქვეყანა.

“არ არსებობდა  ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების საშუალება. სამაგიეროდ არსებობდა  ტერორი, რეკეტი, მათ შორის მეგობარი ბანკირების მეშვეობით რეიდერული თავდასხმები ბიზნესზე, ფიზიკურ პირებზე, არსებობდა ქონების დაყადაღება, სისტემის კლანჭებში აღმოჩენილი ადამიანებისთვის იძულებით სესხების აკიდება და საბოლოო ჯამში –  მათი მორალური, ფიზიკური და ყველაზე ხშირად მატერიალურად განადგურება -გაბანკროტება. შემთხვევით ამ ხალხის დიდი ნაწილიც ხომ არ არის ახლა ემიგრაციაში? შემთხვევით ემიგრანტებიც ხომ არ არიან იმ უზარმაზარი არმიის ნაწილი, რომელიც თქვენ დროს გაუბედურდა, გაბანკროტდა და ახლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისაგან სამართლიანად ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, ქონების დაბრუნებას, თუმცა მიშას ცერბერები ამაშიც ძალიან ნიჭიერები ბრძანდებოდნენ და საქმეები იმგვარად არის „დასტროჩკილი“, რომ წუნს ვერ დაუდებ და ამ ჩარხის უკან დატრიალება ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სასტარტო პერიოდში მიღწეული ყველა წარმატება ბიძინა ივანიშვილის სახელთან და რესურსებთან არის დაკავშირებული.

“მართალია, ეს მიღწევები სააკაშვილის ნათელი გონების და მისი ცერბერების ძალისხმევის ერთმნიშვნელოვან მიღწევებად გაასაღეთ, თუმცა წლების მერე ყველაფერს ნათელი მოეფინა და აღმოჩნდა, რომ ყველა წარმატების და რეფორმის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა. თქვენ არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს დევნიდით, არასრულწლოვნებს დილეგებში აგდებდით და მათ მშობლებს აშანტაჟებდით, არამედ დევნიდით კიდეც ცნობილ სახეებს, ატერორებდით და უბრალოდ იჭერდიც კიდეც არტისტებს, სპორტსმენებს და ამას დეკლარირებულად ახდენდით იმ ნათელი მიზნით, რომ საზოგადოებას არ უნდა ჰყოლოდა ავტორიტეტები. ამას წარმატებით ართმევდით კიდეც თავს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით ბიძინა ივანიშვილი ათეული წლების განმავლობაში, უჩუმრად, ყოველგვარი პიარის და ხმაურის გარეშე, „ინახავდა“ ასეულობით სპორტსმენს და ხელოვანს.

 

 

ასევე იხილეთ