logo_geo
eng_logo
დღეს, ვასილ მჟავანაძის დაბადების დღეა
- +

21 სექტემბერი. 2020. 02:09

 

 

დღეს, 20 სექტემბერს, ვასილ მჟავანაძის დაბადების დღე აღინიშნება.

 

 

ვასილ მჟავანაძე დაიბადა 1902 წელს, ქუთაისში. 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია. 1914-1924 წლებში მუშაობდა მუშად ხონში; 1924 წლიდან მსახურობდა საბჭოთა არმიაში; 1939-1940 წლებში იყო არმიის შტაბის კომისარი ფინელებთან ომის დროს;

 

1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის პერიოდში იყო შენაერთების კომისარი, დივიზიის კომისარი, კორპუსის კომისარი, 21-ე და მეორე დამრტყმელი არმიების სამხედრო საბჭოს წევრი;

 

1941-1943 წლებში, ბლოკადის სრულ მოხსნამდე, იმყოფებოდა ლენინგრადის ფრონტზე; 1945 წელს ომი პრაღაში დაასრულა, გენერალ ლეიტენენტის წოდებით; 1945-1946 წლებში იყო უკრაინის ქალაქ ხარკოვის სამხედრო ოლქის საბჭოს წევრი; 1946-1947 წლებში - კიევის სამხედრო ოლქის საბჭოს წევრი; 1947-1950 წლებში - კიევის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე პოლიტნაწილში და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1950-1953 წლებში - კარპატისპირეთის სამხედრო ოლქის საბჭოს წევრი;

 

1953-1972 წლებში - საქართველო ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; კურირებდა სტალინის მუზეუმის დაარსებას ქალაქ გორში; პარტიის XX, XXII-XXIV ყრილობებზე აირჩიეს სკკპ ცკ-ის წევრად; საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა თბილისის განაშენიანება-კეთილმოწყობის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის; მის დროს დაიწყო ფართო საბინაო მშენებლობა ქალაქის მასივებში (საბურთალო, დიღომი), 1961 წელს აშენდა სპორტის სასახლე, 1971 წელს - სახელმწიფო ფილარმონიის დიდი დარბაზი და სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის პავილიონები, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ახალი შენობა დიღომში (1967), უნივერსიტეტის ახალი კორპუსი (1968), სასტუმროები „ივერია“ (1967), „კოლხეთი“ (1962) და სხვა; 1960 წელს ქალაქმა მიიღო ბუნებრივი გაზი; 1966 წელს გაიხსნა მეტროპოლიტენი;

 

1957-1966 წლებში იყო სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატი;

 

1966-1972 წლებში - სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი; საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის VI-VIII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

 

1956 წლის მაის-სექტემბერში თბილისში მომხდარი არეულობის დროს სამხედრო ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით ვასილ მჟავანაძემ ნიკიტა ხრუშჩოვს მიმართა; იგი აქტიურად უჭერდა მხარს ლეონიდ ბრეჟნევს, ხოლო რესპუბლიკას 19 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა;

 

1972 წლის სექტემბრიდან გავიდა „პენსიაზე“ - თანამდებობიდან გაათავისუფლეს სახელმწიფო კორუფციისა და ეგრეთ წოდებული „ცეხავიკებისთვის“ ხელის შეწყობის მომიზეზებით;

 

ვასილ მჟავანაძემ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა მოსკოვის ოლქის სოფელ ჟუკოვკაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და წოდებები (1962 - სოციალისტური შრომის გმირი; კუტუზოვის I ხარისხის ორდენი; კუტუზოვის II ხარისხის ორდენი; სუვოროვის II ხარისხის ორდენი; სუვოროვის I ხარისხის ორდენი; ლენინის ორდენი (3 ორდენი); შრომის წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი).

 

ვასილ მჟავანაძე იყო უბრალო, გულისხმიერი, სამშობლოს ერთგული ადამიანი. გარდაიცვალა 1988 წლის 31 აგვისტოს. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner