რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაჩერებული მგზავრები ყაზბეგის მერიამ საკვები პროდუქტებით მოამარაგა.
საკვებით უზრუნველყოფასთან ერთად, ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეები მათ სასტუმროშიც განათავსეს.
ყაზბეგის მერთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად საკვები პროდუქტის გაცემისა და მოსახლეობის მხარდაჭერის პროცესში ჩართული არიან მერის მოადგილეები თამაზ ალიბეგაშვილი, დავით ქირკაშვილი, კობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გივი ჩქარეული და მერიის სხვა თანამშრომლები.
ყაზბეგის მერიის ცნობით, საკვები პროდუქტები გადაეცა 100 მგზავრს, ხოლო სასტუმროში გადაყვანილია 14 ადამიანი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, 11 იანვრიდან აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.