logo_geo
eng_logo
კონკრეტული ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქე ვაქცინის შეცვლას შეძლებს
- +

30 ივლისი. 2021. 14:52

 

 

„ვისაც ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ სერიოზული გვერდითი რეაქცია დაუდასტურდა და გვერდითი რეაქცია იმუნიზაციის ჯგუფმა შეაფასა, შესაძლებლობა ექნებათ, მეორე ვაქცინა სხვა ტიპის ვაქცინით გაიკეთონ“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ვთქვათ, „ასტრაზენეკაზე“ გვქონდა ალერგიული რეაქცია, დადასტურებული შესაბამისი ჯგუფის მიერ, მას ექნება შესაძლებლობა მეორე ვაქცინა გაიკეთოს „ფაიზერით“ ან ნებისმიერი სხვა, რომელიც მას სურს“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

 

26 ივლისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 37 ამცრელ პუნქტში, „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო. მობილიზებულია დამატებითი, ამცრელი ბრიგადები. ვაქცინის დოზები აქტიურად ნაწილდება რეგიონებშიც. იმ უბნებში, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაციის ადგილები შეივსო, მოთხოვნის შესაბამისად, დამატებითი დოზები მობილიზდება.

 

ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვისაა შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.

 

24 ივლისს, ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოში საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა შემოვიდა. ამასთან, ლიეტუვამ საქართველოს „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა აჩუქა. „ფაიზერზე“ რეგისტრაციისთვის, პორტალი 24 ივლისს, 12:00 საათზე გაიხსნა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 416 338 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 381 246, გარდაიცვალა 5 793 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner