logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე მედიას: ასეთ დროს, ფორმიანებს მადლობას უხდიან, ნუთუ, არავის გიფიქრიათ?!
- +

15 იანვარი. 2020. 02:08

 

ექსპერტი სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძე ქართული მედიასაშუალებებით გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და ჟურნალისტებს მოუწოდებს, ნუ უქმნიან საფრთხეს ქართველი მესაზღვრეების სიცოცხლეს. 

 

"დღეს, მედიაში, საზღვართან დაკავშირებით, 2 თემა განიხილებოდა: ინციდენტი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და არაბული ქვეყნებიდან ვიზიტორთა კლება.

 

დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტით დავიწყოთ. როგორც ინფორმაცია გავრცელდა, შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღის და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, აიძულა მესაზღვრეები გადაადგილებულიყვნენ მის მიერ მითითებული მიმართულებით.

 

მედიაში მთელი აქცენტები მიმართული იყო იქეთკენ, რომ ვიღაც პირმა მესაზღვრეების მძევლად აყვანა მოახერხა, რომ ეს ყველაზე დაცული მონაკვეთია და ა.შ.

 

გაკეთდა ისევ პოლიტიკური განცხადებები, - "რას გვიშვება ეს მთავრობა"-სტილში.

 

ჯერ ერთი, არანაირი განსაკუთრებულად გაძლიერებული საზღვრები არ გვაქვს. ჩვეულებრივად ხდება საზღვრის პატრულირება. სსრკ-დროს იყო "უკრეპრაიონები", ჩამარხული ტანკებით, არტილერიით, "ზასტავები". ხაზგასმა სპეციალურად კეთდებოდა, რათა დავაკნინოთ მესაზღვრეები, თუ განსაკუთრებულად გაძლიერებულ მონაკვეთზე ეს მოხდა, სხვაგან რა იქნებაო, ხომ?!

 

მეორე, ერთი ხელყუმბარით, რამდენიმე მესაზღვრეს კი არა, მთელ ბატალიონს დააყენებ ყირაზე აფეთქების მუქარით.

 

მესამე. ის უნდა გვაინტერესებდეს, როგორ მოახერხეს ჩვენმა მესაზღვრეებმა სიტუაციის განმუხტვა, დამრღვევის განეიტრალება ისე, რომ არავინ დაშავებულა.

 

კი ბატონო, დიდხანს გასტანა განეიტრალების პროცესმა, საათი-საათნახევარი, მერე რა? იყო არჩევანი, სანამ მიუახლოვდებოდა, მანამდე მოეხდინათ ლიკვიდაცია, ხომ?!

 

მოხდა ის, რაც მოხდა. არ ვიცი, როგორ მოახერხეს მესაზღვრეებმა, მაგრამ მოახერხეს და განაიარაღეს. ჩემი ინფორმაციით, არ გამოუყენებიათ სპეცრაზმი. ე.ი. განიარაღება და დაკავება მოხდა მესაზღვრეების ძალებით.

 

ნუთუ, არავის გიფიქრიათ, რომ ამ ბიჭების სიცოცხლე დღეს საფრთხის ქვეშ იყო?! ასეთ დროს, ფორმიან ადამიანებს მადლობას ეუბნებიან", - წერს ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

სოციალურ ქსელში იგი ასევე, კომენტარს აკეთებს ქართულ სტატიებზე, სადაც ჟურნალისტები ქართველ მესაზღვრეებს ფერადკანიანების მიმართ ქსენოფობიურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.

 

"წავიკითხე სტატიები, რომლებშიც ჩვენს მესაზღვრეებს თუ მებაჟეებს ფერადკანიანების მიმართ ქსენოფობიურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ. თითქოს ამ მოტივით, ანუ კანის ფერის გამო საზღვარზე უცხოელ ვიზიტორებს არ უშვებენ.

 

ჭრელო პეპელაა. სასაზღვრო რეჟიმს გაამკაცრებ, რატომ ამკაცრებ, შემოსავლები იკლებსო? სხვები ამსუბუქებ, რატომ ამსუბუქებო? სულ ახლახანს ბრიფინგები იყო, ირანთან საზღვარი დავკეტოთო...

 

მთელი პანიკაა ატეხილი, რომ თურმე არაბული ქვეყნებიდან 15%-ით იკლო ვიზიტორებმაო.

 

ჯერ ერთი, ქსენოფობიური დამოკიდებულება რა შუაშია, თუ 15%-ით იკლო, ე.ი. 85%-ატარებენ საზღვარზე ხომ? მაინტერესებს, ეს 85% არაბული ქვეყნებიდან იგივე ფერისანი არ არიან?

 

როცა წლის განმავლობაში 9,3 მილიონზე მეტი ვიზიტორი შემოდის. დღე-ღამეში მათი რიცხვი 25 ათასს აჭარბებს, საათში ათასზე მეტია, წუთში 17-18. ამ რიცხვს დავუმატოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ასევე კვეთენ საზღვარს. საქართველოში დაახლოებით 20 სასაზღვრო გამტარი პუნქტია, რომლებიც სხვადასხვა დატვირთვით მუშაობენ. შესაბამისად, თუ გავასაშვალოვებთ, ერთი ვიზიტორის შემოწმებისთვის საზღვარს დაახლოებით 1 წუთი აქვს. ქვეყანაში გარკვეულ სტრუქტურებს საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალება. ზოგ ვიზიტორს შემოუშვებენ, ზოგს არა. ვინც არაა შემოსაშვები, არ უშვებენ და არც განცხადებას გამოაკრავენ ვინ რა მიზეზით არ შემოუშვეს. ქსენოფობიურობის დაბრალება, რაღაც ახალი ტრენდია და არა მგონია მედიაში ასეთი სტატიების გავრცელება ქვეყნის იმიჯის განსამტკიცებლად კეთდებოდეს", - წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner