logo_geo
eng_logo
„ბაბუ… ყველაფერი ისეა, როგორც შენ გინდოდა“ – ფრიდონ თოდუას შვილიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს
- +

10 ოქტომბერი. 2018. 13:55

 

 

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას შვილიშვილი გიორგი დიასამიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გავიდა 1 წელი ბაბუაჩემის გარდაცვალებიდან, ეს ერთი წელი ნამდვილად ყველაზე რთული იყო ჩემს ცხოვრებაში. დრომ ტკივილი არ გაანელა, თუმცა, მასწავლა მის გარეშე ცხოვრება. მასწავლა ცხოვრება იმ ადამიანის გარეშე, რომლის იმედი ყოველთვის და ყველგან მქონდა. ძნელია მისი წარსულში მოხსენიება, ძნელია მისი დარიგებების და გვერდში დგომის გარეშე ცხოვრება. 2017 წლის 7 ოქტომბერს არ წარმომედგინა, როგორი იქნებოდა შემდეგი დღე, არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, არ ვიცოდი არაფერი და ძალიან მიჭირდა ელემენტარული გადაწყვეტილებების მიღებაც კი. უბრალოდ, მახსოვდა მისი ბოლო საუბრებიდან, მისივე მტკიცე და მკაცრი მოთხოვნა ჩემდამი, რომ ყველაფერი უნდა გამომსვლოდა. ყოველთვის მეუბნებოდა რომ ცხოვრებაში შეუძლებელიც კი შესაძლებელი იყო, თუ სურვილს თან მონდომება და სულისკვეთება ახლდა. დროთა განმავლობაში მახსენდებოდა მისი დარიგებები, მახსენდებოდა მისი ნაბიჯები და ვხვდებოდი, რომ ის პასუხისმგებლობა, რაც მას ჰქონდა, ნელ-ნელა ჩემს მხრებზე გადმოდიოდა და თუ შემეშინდებოდა და რამე არ გამომივიდოდა, უბრალოდ, გავქრებოდი. ვხვდებოდი, რომ მორჩა ზღაპარი, ზღაპარი, რომელშიც 19 წელი მაცხოვრა და ამ პერიოდის განმავლობაში მაგრძნობინა და მიმახვედრა, რა არის უდარდელობა… ამას ვგრძნობდი ყველგან და ყოველთვის… 13 ოქტომბერს, მისი დაკრძალვიდან მეორე დილას მივხვდი, რომ სხვა ცხოვრება დაიწყო, მივხვდი, რომ ძალიან ნაადრევად იწყებოდა ძალიან რთული ეტაპი ჩემი ცხოვრებისა; ვბრაზობდი, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რატომ ახლა, რატომ მე, რატომ ასე ადრე-თქო. თუმცა რაღაც უხილავი მუდმივად მაწყნარებდა და მაჩვენებდა სწორ გზას. ძალიან მალევე მივხვდი, რომ ყველა მისიანი ჩემს გვერდში იყო, რისთვისაც მადლობის თქმა არასდროს დამეზარება, ამ ადამიანებმა შემაძლებინეს და არა უბრალოდ გადამატანინეს ეს ერთი წელი, არამედ დამეხმარნენ, ჩემს ახალ ცხოვრებაში მეპოვა ჩემი ადგილი. გამიმართლა ოჯახის წევრებში, მეგობრებში, თანამშრომლებში, უცნობ ადამიანებშიც კი. ისინი მუდმივად ჩემს გვერდში იყვნენ და ყოველთვის მაგრძნობინებდნენ ჩემდამი რწმენას. გამიმართლა ჩემს საქმეში, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი სტიმულია. მოკლედ, ამჯერად ბაბუის გარეშე, თუმცა, ისევ გამიმართლა… ყოველთვის მესმოდა, რომ გასაჭირში ადამიანები გვერდიდან გშორდებიან და ამის ყოველთვის ადამიანურად მეშინოდა, თუმცა, ვერ ვიხსენებ ვერც ერთ ადამიანს, რომელმაც ზურგი მაქცია. პარალელურად ვშრომობდი, ვმუშაობდი გათენებიდან დაღამებამდე, მახსოვს, პირველ დღეებში სამსახურში რეპორტები რომ მომდიოდა, საათობით ვუყურებდი, ვერ ვხვდებოდი ვერაფერს. მეშინოდა ყველანაირი გადაწყვეტილებიც მიღების და ზოგადად ყველაფრის. ვბრაზდებოდი ქალაქში ატეხილ უსაფუძვლო მითქმა-მოთქმებზე, თუმცა, ყველაფერი მალე შეიცვალა. ამპარტავნობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერი გამომივიდა. ძალიან ბევრი სირთულე გადავლახე პირველ რამდენიმე თვეში და ვიყავი მზად წინსვლისთვის. ვიყავი იმედიანად, იმიტომ რომ დრომ, მცირედმა გამოცდილებამ და ბევრმა რუტინულმა საქმემ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. დრომ და ადამიანებმა საკუთარი თავის იმედი გამიჩინეს, შემახსენეს, რომ შეცდომის დაშვება პრობლემა არ არის და გამიჩინეს საქმისადმი ლაღი დამოკიდებულება. თუმცა, მთავარი ამ ამბავში ადამიანები არიან… ამ ერთ წელიწადში უამრავი ჩემთვის ახლაც კი წარმოუდგენელი პროექტის წარმატებით განხორციელება შევძელით მე და იმ ადამიანებმა, რომლებიც ყოველწამიერად მაგრძნობინებდნენ და კვლავინდებურად მანებივრებდნენ დადებითი ემოციებით. ჩვენ ერთად შევძელით, შეგვენარჩუნებინა აკად.ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრისთვის ფლაგმანის სტატუსი. მე და თქვენ შევძელით და ერთად ვაჩვენეთ ყველას, რომ გუნდურობა და იდეის გარშემო გაერთიანება წარმატების საწინდარია. ყველა ჩემსავით იბრძოდა ამ ბრძოლაში და ყველა ჩემსავით ცდილობდა, საქმით გაეცა პასუხი შეკითხვაზე „კი მაგრამ, 19 წლისამ რა უნდა შეძლოს“.

 

თამამად ვიტყვი, თქვენთან ერთად მე შევძელი, ჩვენ შევძელით, ყველაფერი გამოვიდა; ამას მარტო ის ფაქტი მოწმობს, რომ რამდენიმე თვეა წარმატებულად ფუნქციონირებს პეტ/კტ და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი შენობა! მადლობის ღირსია ჩემი ოჯახი, რომლის თითოეულმა წევრმა გამოიჩინა საოცარი სიძლიერე და დამანახა რწმენა! მადლობა, თქვენ მე შემაძლებინეთ, გადამელახა ურთულესი წელი!

 

ასე რომ, ფრიდონ ბაბუ… ყველაფერი კარგადაა. ყველაფერი ისეა, როგორც შენ გინდოდა. შენი ყველა საყვარელი ადამიანი კვლავ ერთადაა. შენი ოჯახი სწორედ ისე ძლიერად დგას, როგორც შენ გენდომებოდა. შენი ძვირფასი ადამიანები კარგად არიან. შენი ცხოვრების აზრი, შენი კლინიკა კვლავ ყველაზე მძლავრი და ინოვაციურია. მე ძველებურად ვარ… შენ რაზეც მაკრიტიკებდი, ყველაფერს მაინც ისე ვშვრები - როგორც შენ იტყოდი, ამასთან თქვენ კი არა, ფრიდონ თოდუა ვერ გახდა ვერაფერსო.

 

თუმცა, ვერ გეტყვი, რომ არ გვიჭირს უშენოდ, უზომოდ გვიჭირს ყველას, უზომოდ გვენატრები და ხშირად უზომოდაც გვჭირდები, მაგრამ მგონია, რომ გასახელეთ და მჯერა, რომ არაერთხელ გასახელებთ! მიყვარხარ, გვიყვარხარ, შენ ყოველდღიური სტიმული და ჩემი საოცარი იმედი ხარ!“ - წერს გიორგი დიასამიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner