logo_geo
eng_logo
ზვიად ავალიანი: ასეთი ადამიანების ადგილი არ შეიძლება იყოს არც ციხეში, არც საფლავში, არც ჯოჯოხეთში...
- +

11 თებერვალი. 2019. 13:33

 

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თუ ევროპაში მამალი კვერცხს დადებს, ამ მამალს საჯაროდ დაწვავენ და სხვა მამლებს აყურებინებენ, რათა მომავალში არც ერთმა მათგანმა არ გაბედოს ამგვარი საქციელის გამეორება, მაგრამ თუ ჩინეთში დადებს მამალი კვერცხს, ჩინელები მას ზედმეტი ხმაურის გარეშე დასჯიან, რათა სხვა მამლებმა არ გაიგონ, რომ ასეთი წარმოუდგენელი ფაქტი საერთოდ მოხდა“.

 

– არ მახსოვს, სად და როდის ამოვიკითხე ეს ფრაზა, ალბათ შუა საუკუნეების ისტორიასთან დაკავშირებულ რომელიმე ტექსტში, მაგრამ ბოლო პერიოდში გახშირებულ ნიუსებს რომ ვეცნობი, სადაც წერია, რომ დედამ შვილი მოკლა, ძმამ და შეჭამა, მამამ შვილი გააუპატიურა და ა. შ. სულ მგონია, რომ ამ ამბების ტირაჟირებით ჩვენ ხელს კი არ ვუშლით, არამედ პირიქით, რაღაცნაირად ხელს ვუწყობთ კიდეც ასეთი ფაქტების განმეორებას.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, გავავრცელოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ დამნაშავე დაისაჯა, მაგრამ სასჯელის შიში არ აჩერებს ყველა ადამიანს, არ მოქმედებს ყველა სიტუაციაში და ამიტომაც, რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ასეთ ფაქტებზე, მით უფრო დაინგრევა კონკრეტული ქმედების წარმოუდგენლობის რწმენა, ანუ ტაბუ, რაც პრევენციის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

 

ჩვენში რომ დარჩეს, პრინციპში ყველა ადამიანმა ისედაც იცის, რომ დანაშაულს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოჰყვება სასჯელი ან შინაგანი დისკომფორტი მაინც, რასაც შეგვიძლია ამქვეყნიური ჯოჯოხეთი დავარქვათ… მაგალითად, ადამიანმა იცის, რომ თუ მეორე ადამიანს მოკლავს, ძალიან დიდი ხნით ციხეში ჩაჯდება ან ზოგ ქვეყანაში თავადაც სიკვდილი ელის, მაგრამ ადამიანები მაინც კლავენ და პარადოქსია, მაგრამ ზოგჯერ სწორედ იმიტომ კლავენ რომ დაამტკიცონ, როგორ არ ეშინიათ სასჯელის… ამიტომ სასჯელის შიშმა შეიძლება იმუშაოს ისეთ დანაშაულთან მიმართებაში, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ სრულად მაინც არასდროს გაქრება და საზოგადოების მიზანი მხოლოდ სიხშირის კონტროლი შეიძლება იყოს, მაგრამ ისეთ ქმედებებთან მიმართებაში, რომელიც საერთოდ არ უნდა მოხდეს(!) და შესაძლებელია, რომ საერთოდ არ მოხდეს(!), სასჯელის შიშით მანიპულირება არაეფექტურია.

 

ამიტომ, ჩემი აზრით, ასეთ ქმედებების ჩამდენი დამნაშავედ კი არ უნდა გამოცხადდეს (დამნაშავე ამ შემთხვევაში ძალიან დიდი პატივია სუბიექტისთვის და მის საქციელს რაღაც გაგებით „ყოველდღიურ“ დანაშაულთან ათანაბრებს), არამედ საერთოდ უნდა წაიშალოს და გადაიტვირთოს, როგორც პროგრამული ხარვეზი. მისი ადგილი არ შეიძლება იყოს არც ციხეში, არც საფლავში, არც ჯოჯოხეთში, არც ყვითელ პრესაში და არც ადამიანების მეხსიერებაში“, - წერს ავალიანი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×