logo_geo
eng_logo
ლევან ჭოტორლიშვილი: ხაზარაძე კლასიკური გაგებით ოლიგარქია და ის ამ სტატუსის პრაქტიკულად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს
- +

5 მარტი. 2019. 18:28

 

 

ბლოგერი ლევან ჭოტორლიშვილი, სათაურით „ხაზარაძის ლაზ(ე)იკა ბლოგს აქვეყნებს და მამუკა ხაზარაძისა და „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ პროცესებს აფასებს.

 

ბლოგერის აზრით, მამუკა ხაზარაძე კლასიკური გაგებით ოლიგარქია და ის ამ სტატუსის პრაქტიკულად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. შემდეგ კი მის ოლიგარქიულ სქემებზე საუბრობს.

 

„მას ეს სქემები დალაგებული ჰქონდა შევარდნაძის დროს, დალაგებული ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ალაგებდა გიორგი კვირიკაშვილის პირობებშიც.

 

დღევანდელი გადმოსახედიდან, გასაკვირი არაა, რატომ ლობირებდა კვირიკაშვილი ასეთი თავგამოდებით აღნიშნულ პროექტს. აღმოჩნდა, რომ ყოფილი პრემიერისთვის მთავარი არა უბრალოდ ამ პროექტის განხორციელება, არამედ ამ პროექტის მისი მეგობრის, მამუკა ხაზარაძის ხელით განხორციელება იყო. სწორედ კვირიკაშვილის დახმარებით და გამალებული მცდელობით ჩაიგდო მამუკა ხაზარაძემ ხელში ამ პროექტის მენეჯმენტი.

 

ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითური სქემა, კლასიკური ოლიგარქიული მეთოდი, როდესაც რეფორმის საფარქვეშ ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენის ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება ხდება. ანუ კვირიკაშვილი შეეცადა ხაზარაძის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ხალხის, ბიუჯეტის ხარჯზე გაესტუმრებინა“, - წერს ბლოგერი.

 

ხაზარაძის კიდევ ერთ თაღლითურ სქემას უწოდებს ჭოტორლიშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ 17 მილიონის გათეთრების საქმეს და ამბობს, რომ „ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც „თიბისი ბანკი“ საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს არათუ მილიონებს, არამედ 1 თეთრსაც კი არ პატიობს და ამის გამო, მათი კაბალური სესხებით გაღარიბებული ადამიანები უსახლკაროდ რჩებიან…“

 

ბლოგერი მამუკა ხაზარაძის „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიღებულ კოლოსალურ ფინანსურ სარგებელზეც საუბრობს.

 

„2007 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ, საბანკო სექტორთან გარიგებით, კანონში შეიტანა ცვლილებები და ეფექტურ განაკვეთზე ზედა ზღვარი მოხსნა. ამით ბანკები მოქალაქეთა ხარჯზე უზომოდ გამდიდრდნენ, ხოლო მოსახლეობა ჭარბვალიანობის პრობლემაში ჩაეფლო. ეს ხაზარაძის მტაცებლური პოლიტიკის მხოლოდ დასაწყისი იყო...“ - წერს ჭოტორლიშვილი.

 

ბლოგერის თქმით, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, დაუშვებელია, ბიზნესის ლობირებასა და სახელმწიფო ინტერესს შორის ბალანსი დაირღვეს.

 

„არცერთ განვითარებულ ქვეყანაში, მით უმეტეს საქართველოს ეკონომიკის პირობებში, ბიზნესის მხარდაჭერა სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

 

ვნახოთ, ხაზარაძესთან დაკავშირებული საკითხები როგორ განვითარდება. ამჯერადაც დაიძვრენს თავს ანაკლიას ამოფარებული ხაზარაძე, გააგრძელებს სახელმწიფოსთან შანტაჟის ენით ლაპარაკს, თუ აიძულებენ, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები.

 

ჯერჯერობით ფაქტი ერთია, ხაზარაძის საოცნებო ლაზიკას ბევრი „ლაზეიკა“ აღმოაჩნდა და ჩვეული ხრიკებით ფონს გასვლა ძალიან უჭირს!“ - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×